ფოთის თიზ-ში ფისტის გადამმუშავებელი ქარხანა ამოქმედდა, ინვესტიცია – ₾0.5 მლნ

ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, წელს, თურქული ინვესტიციით, თხილის და ფისტის გადამმუშავებელი ქარხანა ამოქმედდა.
როგორც BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ს თიზ-ის დირექტორმა დავით ებრალიძემ განაცხადა, შპს „ნათს თაიმმა“ 0.5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩადო.
„კომპანიამ იჯარით აიღო თიზ-ის ტერიტორიაზე ინვესტორი კომპანიის მიერ აშენებული საწარმოო ფართი, სადაც მოაწყო ფისტის გადამმუშავებელი საწარმო. კერძოდ, მათ ლათინური ამერიკის ქვეყნებიდან შემოაქვთ ნედლეული, რომელიც ადგილზე იხალება, ფასოვდება და ექსპორტზე დსთ-ის ქვეყნებში გადის“, – ამბობს დავით ებრალიძე.
მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ქარხანაში 20-მდე თანამშრომელია დასაქმებული, თუმცა იგეგმება თანამშრომლების რაოდენობის გაზრდაც.
„კომპანიამ, დამატებით, იჯარით აიღო 1200 კვ.მ სასაწყობე შენობა, ნედლეულისა და მზა პროდუქტების დასასაწყობებლად. მომავალში ისინი გეგმავენ კიდევ უფრო გაზარდონ წარმადობა და შესაბამისად, წარმოებაც“, – აღნიშნა თიზ-ის დირექტორმა.
ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა საქართველოში 2009 წლიდან ოპერირებს. ზონის 75%-იან წილს ჩინური ენერგოკომპანია CEFC China Energy ფლობს, რომელსაც 2018 წლიდან წილის მართვის უფლება გადაცემული აქვს Smart Capital Group-სთვის. ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას 300 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს, საიდანაც ჯერ 30%-ია ათვისებული. დავით ებრალიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ფოთის თიზ-ში 120 აქტიური კომპანიაა.