ნახეთ ჩვენი სპორტული, თუ რომელიმე ძვირფასი ბრენდის ხარისხს ჩამოუვარდება…ვფიქრობთ ონლაინ მაღაზია გავაკეთოთ | ბურჭულაძე

ნებისმიერი მობრძანდით, აიღეთ ჩვენი სპორტული და ნახეთ, თუ რომელიმე ძვირფასი ბრენდის ხარისხს ჩამოუვარდება – აცხადებს თავდაცვის მინისტრი ჯარისკაცების ფორმების ხარისხზე საუბრისას.
როგორც ჯუანშერ ბურჭულაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრობის დროს, 2 საუკეთესო ბრენდის ბათინკი შემოიტანეს და ოპოზიციამ ამ კომპანიებს წერილი მიწერა –
“მაქვს ეს წერილი. მიწერეს, რომ თავდაცვის სამინისტროს რასაც აწვდით, ნამდვილად ორიგინალია თუ არა ეს ბათინქიო. კომპანია დაგვიკავშირდა, ასეთი რამე არც ერთი ქვეყნიდან არ გვინახავსო” – თქვა ბურჭულაძემ და “მტრული ძალები” ჯარის დისკრედიტაციის მცდელობაში დაადანაშაულა.
ბურჭულაძემ ისაუბრა სახელმწიფო სამკერვალო „დელტა ტექსტილზეც“ და აღნიშნა, რომ მისი კომერციული მიზნებისთვის გამოყენებაში სამართლებრივი პრობლემა არ არის:
“სამართლებრივად ჩვეულებრივი პრაქტიკაა. სსიპ-ის დაფუძნებულ შპს-ია. ჩვენ ასევე დრონების საწარმოც დავაფუძნეთ, ასევე სსიპ-ის დაფუძნებული შპს-ია. აქაც ვფიქრობთ, ჩვენ ერთობლივი საწარმოს ფარგლებში, ჩვენი პარტნიორებიც ფიქრობენ, რომ კომერციული მიზნებისთვის გაიტანონ და ამაში სამართლებრივად არანაირი პრობლემა არ არის… რაც შეეხება “დელტა ტექსტილს”, იმხელა მოთხოვნაა საზოგადოებისგან და თუნდაც ჯარის ახლობლებისგან და იმდენად ხარისხი მოსწონს ყველას, რომ ვფიქრობთ ონლაინ მაღაზია გავაკეთოთ და ზოგადად, პოპულარიზაციისთვისაც ცუდი არ იქნება როდესაც მოქალაქეებს ეცმევათ სპორტულები, რომელსაც ეწერება თავდაცვის სამინისტრო, ან თავდაცვის ძალები” თქვა ბურჭულაძემ