“კომპანია არაერთგზის არის დაჯარიმებული” – ბათუმის მერია ლიფტის ჩამოვარდნისას დაღუპულის საქმეზე

ბათუმში, ანგისის ქუჩაზე, 17 სექტემბერს ლიფტი მე-16 სართულიდან ჩავარდა. შემთხვევას ლიფტის კაბინაში მყოფი შუახნის მამაკაცი ემსხვერპლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება გამოიწვია.
ს მერიაში გვეუბნებიან, რომ კომპანია, რომლის აშენებულ კორპუსში ლიფტის ჩამოვარდნისას ადამიანი დაიღუპა, არაერთგზის ჰყავთ დაჯარიმებული. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, შპს “ჯითი ბათუმი” მუნიციპალურმა ინსპექციამ დააჯარიმა და “მუნიციპალიტეტის კომპეტენციის ფარგლებში გატარებულია ყველა სამართლებრივი ღონისძიება.”
ჩვენ მივმართეთ ბათუმის მერიას და ვკითხეთ, იყო თუ არა სამუშაოები დასრულებული და ობიექტი ექსპლუატაციაში მიღებული? ბათუმის მერიისაგან მიღებული პასუხის თანახმად:
“კანონმდებლობის შესაბამისად, კორპუსის მშენებლობის პროცესში, მუნიციპალური ინსპექცია ახორციელებს მონიტორინგს, სამშენებლო ნორმების შესაბამისობასთან დაკავშირებით, მშენებლობის პროცესში. როცა შენობა სრულდება და კომპანია მიმართავს მერიას ექსპლუატაციაში მიღების მიზნით, მუნიციპალური ინსპექცია შემოწმების შედეგად, იღებს გადაწყვეტილებას მიიღოს თუ არა შენობა ექსპლუატაციაში. რაც შეეხება შესახლებულ ოჯახებს, ეს მიმართულება მერიის კონტროლს სცდება, რადგან არის ხოლმე შემთხვევები, როცა ექსპლუატაციაში მიღებამდე შედიან კორპუსებში საცხოვრებლად, თუმცა მერია ამას ვერ აკონტროლებს”.
ჩვენს კითხვაზე, კომპანიის რამდენჯერმე დაჯარიმების ფონზე, საქმიანობის კვლავაც გაგრძელებისას რა ბერკეტი რჩება მერიას, უწყებაში შემდეგნაირად გვპასუხობენ:
“ სანამ არ აღმოიფხვრება დარღვევა, მანამდე საქმის წარმოება არ სრულდება. მუნიციპალიტეტს სხვა არანაირი მექანიზმი არ გააჩნია, უბრალოდ რეაგირებს დარღვევებზე. შეცდომები თავად კომპანიამ უნდა აღმოფხვრას. თუ არ გამოსწორდება აღსრულების ეროვნულ ბიუროს გადაეცემა ინფორმაციის სახით.”
მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების, ნებართვის შესაბამისობის და უსაფრთხოების ნორმების კონტროლის უფლებამოსილება ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას აქვს. მათ ვკითხეთ, რამდენად აქვს მუნიციპალურ ინსპექციას რესურსი უზრუნველყოს ბათუმში მზარდი მშენებლობის გათვალისწინებით, კორპუსის უსაფრთხოების სათანადო შემოწმება და რა პერიოდულობით? ასევე დავინტერესდით, ძირითადად რა სახის დარღვევები დგინდება შემოწმების შედეგად?- რის შესახებაც პასუხს წერილობით ველოდებით.
წყარო: JRC