თბილისი ულამაზესი ქალაქია, სტადიონზეც მშვენიერი ატმოსფერო იყო – კრისტიან ბროკი

საქართველოს ნაკრების და „მილანის“ ლეგენდების მატჩის შემდეგ ქართულ მედიასთან კომენტარი იტალიური კლუბის ყოფილმა მოთამაშემ და მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან ბროკიმ გააკეთა.
„შესანიშნავი თამაში იყო, რადგან ახალგაზრდულ წლებში დავბრუნდით. მსგავსი მატჩები ერთმანეთთან შეხვედრის და ხალხთან ერთად ზეიმის საშუალებაა. სტადიონზე ამდენი ხალხის ხილვა კი ძალიან სასიამოვნო იყო.
რთულია იმის თქმა, ვინ იყო დღეს მოედანზე საუკეთესო. ყველა ბოლომდე დაიხარჯა და ეს არის კარგი. წაგება არავის სურდა, თამაშის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ჩამოვრჩით და ნებისმიერ ფასად გვინდოდა ანგარიშის გათანაბრება, რაც მოვახერხეთ. აპლოდისმენტები ჩემს თანაგუნდელებს და მეტოქეს.
თბილისი ძალიან მომეწონა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვნახე, რადგან მართლა ულამაზესი ქალაქია. სტადიონზეც მშვენიერი ატმოსფერო იყო, ყოფილი ფეხბურთელების სანახავად ამდენი ხალხი რომ მოდის, ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა“.