ირანში, მაღაროში მეთანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა

ირანის აღმოსავლეთით მდებარე სამხრეთ ხორასანის პროვინციაში, ნახშირის მაღაროში მეთანის აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 30 ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს.
სამხრეთ ხორასანის პროვინციის ხელმძღვანელის, ჯავად გენაატის თქმით, ამ მომენტისთვის მაშველები ცდილობენ ნანგრევებიდან 22 მაღაროელის გამოყვანას.
სამაშველო ოპერაციას ართულებს მაღაროში მეთანის დაგროვება.
გავრცელებული ცნობით, აფეთქება 21 სექტემბერს საღამოს მოხდა.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიის ინფორმაციით, ტრაგედიის მომენტში მაღაროში 69 ადამიანი იმყოფებოდა. 17 დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ირანის პრეზიდენტმა, მასუდ პეზეშკიანმა სამძიმარი გამოუცხადა მაღაროში აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა ოჯახებს.