ელენე გოქაძე: ყოველდღე ვევედრები უფალს  – შემაძლებინე ჩემი სიცოცხლის დარჩენილი წლები ჩემს მიწა-წყალზე გავატარო!

მილიონ შვიდასი ათასი ისტორია, სამშობლოსგან მოწყვეტილი მილიონ შვიდასი ათასი ადამიანის ბედისწერა. გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ მილიონ შვიდასი ათასი ადამიანია ემიგრაციაში, შეიძლება მეტიც. არ ვიცი, არსეობს თუ არა ზუსტი მონაცემები.  არც ის ვიცი, მილიონ შვიდასი ათასში რამდენი ქალია. არც ის ვიცი ზუსტად, რამდენმა დედამ დატოვა შვილი მშობლებთან, და-ძმასთან, ახლობლებთან და წავიდა… წავიდა უცხო ქვეყანაში იმ იმედით, რომ ხვალ თუ არა ზეგ აუცილებლად დაბრუნდება. და სანამ დაბრუნდება, მანამდე შვილების კეთილდღეობისთვის იქ, უცხო ქვეყანაში, არაფერს ითაკილებს, დღე და ღამე დაუღალავად იმუშავებს და თავად არ იცის როდის დადგება ეს ნანატრი „ზეგ“.

იქ კი, სამშობლოში შვილები იზრდებიან, იზრდებიან ისე რომ დედისგან მოფერება კი არა, დედისგან საყვედურიც ენატრებათ.

დღეს, მილიონ შვიდასი ათასიდან, ერთს გაგაცნობთ. ეს ერთი ადამიანის ისტორიაა, რომელიც ალბათ ბევრისას ჰგავს.

News.ge-ს სტუმარია იტალიაში მცხოვრები, ქართველი ემიგრანტი ელენე გოქაძე. 

ელენე, თქვენთან ინტერვიუს ჩაწერა მას შემდეგ გადავწყვიტე, რაც სოციალურ ქსელში თქვენი ერთ-ერთი სტატუსი წავიკითხე. ამ სტატუსზე ჩვენ ვისაუბრებთ თუმცა, მანამდე გვითხარით როდის გადაწყვიტეთ ემიგრაციაში წასვლა და რატომ?

ემიგრაციაში წასვლა 2004 წელს გადავწყვიტე. მეუღლესთან დაშორების შემდეგ, ჩემი ორი შვილით დედ-მამასთან და ძმასთან გადავედი საცხოვრებლად. რა თქმა უნდა რთული იყო ერთად ცხოვრება. შემოსავალი მე, ჩემი პირადი, არ გამაჩნდა და მივხვდი, რომ გამოსავალი უცხოეთში წასვლა იყო. წასვლაც სირთულეებთან იყო დაკავშირებული,  იოლად ვერ წახვიდოდი ევროპაში, საჭირო იყო ვიზის აღება.

აქვე რომ გკითხოთ, მშობლებმა როგორ მიიღეს თქვენი გადაწყვეტილება? რა უთხარით ბავშვებს? რა ასაკის იყვნენ მაშინ ბავშვები?

მშობლებისთვის დიდი მოულიდნელობა იყო, ძალიან ინერვიულეს. რა თქმა უნდა ბავშვებს ვუთხარი. ეს არის საშინელი განცდა… მაშინ ბიჭები 9 და 12 წლის იყვნენ. ავუხსენი, რომ მათი მომავლისთვის იყო ეს საჭირო! მიჭირს წარსულის გახსენება…

ელენე, რა გზა გაიარეთ საქართველოდან ევროპამდე?

რამდენიმე ადამიანი, ვისაც გადაწყვეტილება გვქონდა მიღებული, შევიკრიბეთ. მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ სპორტულ ჯგუფში ჩაგვწერეს როგორც სპორტსმენები. გზა შორი იყო. ერთი ქვეყნიდან მეორეში, მეორედან მესამეში გადაგვდიოდით, მანამ სანამ არ ჩავედით სლოვენიაში. ქალაქ გორეციაში, რომელიც იყოფა 2 ნაწილად. ერთი ნაწილი ეკუთვნის სლოვენიას, ხოლო მეორე იტალიას.

და თქვენ იტალიაში გადასვლა გადაწყვიტეთ? როგორ გადახვედით იტალიაში, ფლობდით იტალიურ ენას, გყავდათ ვინმე გზამკვლევი ან ვინმე, ვინც იტალიაში დაგეხმარებოდათ?

იტალიაში გადასვლაც საკმაოდ რთული იყო. არ ვიცოდი იტალიური, ფილმის სიუჟეტს ჰგავს ეს ყველაფერი. იტალიაში გადასვლაში უცხო ადამიანები გვეხმარებოდნენ… გახსენებაც კი რთულია ჩემთვის. რომ იტყვიან, ჩემზე წიგნი დაიწერება.

ყველაზე რთული ემიგრაციის პირველი 5 წელი იყო, სანამ ოფიციალური საბუთები არ მივიღე. ურთულესი პერიოდია სანამ არალეგალი ხარ. ამის აღწერა წარმოუდგენელია. ქალაქში, სადაც პირველი პერიოდი ვიმყოფებოდი, ქართველები ცენტრში, მოედნაზე ვიკრიფებოდით, ეს იყო ჩვენი შველა. პოლიციელები უკვე გვცნობდნენ, ჩვენ არალეგალებს, გვესლმებოდნენ, მთავარი იყო არ დაგვერღვია კანონი. ასეთი ჰუმანური დამოკიდებულება ჰქონდათ ჩვენს მიმართ.  ჩემს მდგომარეობას ისიც ამძაფრებდა, რომ ძალიან მიჭირდა მშობლებთან და შვილებთან დაკავშირება. სად იყო მაშინ ინტერნეტი… ტელეფონით ვესაუბრებოდი მხოლოდ.

მოგიყვებით ერთ ისტორიას. შვილების ფოტოები რაც მქონდა, ყველა თან წავიღე. პირვემა სამსახურმა წელიწადნახევარი გასტანა, შემდეგ კი მოხუცის შვილმა გადაწყვიტა მშობლის თავშესაფარში გადაყვანა. მოულოდნელობისაგან უცებ ავკრიფე ჩემი ნივთები და სხვაგან გადავედი, როცა დავმშვიდდი და რამდენიმე დღის შემდეგ ნივთების მოწესრიგება დავიწყე, აღმოვაჩინე, რომ ალბომი სადაც შვილების ყველა ფოტო მქონდა, იმ სახლში დამრჩენია. მომენტალურად დავრეკე იმ ოჯახში და მიპასუხეს, რომ ჩემი ალბომი გადაუგდიათ! ერთი წამით წარმოიდგინეთ რა მომივიდოდა! შვილების არც ერთი ფოტო აღარ მქონდა! არ ვიცი რამ გადამარჩინა, დღესც მიკვირს.

ელენე, სწორედ ეს ისტორია წავიკითხე სოციალურ ქსელში. და როგორ ფიქრობთ, დღევანდელი გადასახედიდან, ღირდა ამ გზის გავლა?

იცით, დღესაც მაგაზე ვფიქრობ. წასვლაც მკლავს და წაუსვლელობაცო, რომ იტყვიან. მაგრამ, რომ არ წამოვსულიყავი ძალიან ცუდ დღეში ვიქნებოდით მეც და ჩემი შვილებიც! დიდი ხელშეწყობა მაქვს დედმამიშვილებისგან, მაგრამ როდემდე… რომ არ წამოვსულიყავი, ძალიან ცუდ დღეში ვიქნებოდით მეც და ჩემი შვილებიც. აქ წამოსვლით ბევრი შევძელი, მადლობა უფალს! იმაზე მეტიც შევძელი რაც ძალ-ღონეს აღემატება და მიკვირს კიდეც. მაგრამ, რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა იმის ფასს ვერაფერს შექმნი რასაც კარგავ! ეს არის შვილების გულში ჩახუტება, სიყვარული, შვილების გაზრდა, მათი სიხარულის გაზიარება, მოფერება, მათი დაკაცება…

გვიამბეთ თქვენს შვილებზე

უფროსი დაოჯახებულია. დამთავრებული აქვს საერთაშორისო დიპლომატიური. უმცროსი ვებ-დიზაინერია. უფროსი ახლა ჩრდილოეთ ირლანდიაშია. აქვს სამსახური. ძალიან მთხოვს დავბრუნდე საქართველოში. მეც ძალიან მინდა სამშობლოში დაბრუნება, თუმცა მაქვს ჩანაფიქრი და ეს ჩემი ჩანაფიქრი მინდა გაგიმხილოთ. მამა-პაპისეული კარმიდამო ლეჩხუმში, რომელიც დედამ და მამამ დამიტოვეს, მინდა გავაკეთო და ჩემი სიცოცხლის დარჩენილი წლები იქ გავატარო. მე ხომ იქაურობა სიგიჟემდე მიყვარს. მიუხედავად იმისა, რომ  იტალიაში ამდენი წელია ვცხოვრობ, ჩემთვის მაინც უცხოა. იტალიელბის ცხოვრება სულ სხვაა, ჩვენი სხვა… მე ჩემი სამშობლო მიყვარს, მე ჩემს სამშობლოში მინდა.

ელენე, როგორ ფიქრობთ, ბევრ ემიგრანტს აქვს სამშობლოში დაბრუნების სურვილი?

ჩვენ, ქართველი ემიგრანტები ყველგან ვართ – ევროპაში, ამერიკაში. სწორედ ევროპამ და ამერიკამ გადაარჩინა ჩვენი ოჯახებიცა და რაც მთავარია, სახელმწიფოც!  რამდენჯერ მითქვამს, რომ მოხდეს და ყველა ჩამოვიდეთ  და უკან დაბრუნების უფლება აღარ გვქონდეს, არ ვიცი რა მოხდება, როგორი ქაოსი იქნება. დღეს, სახელმწიფოში ბევრი თანხა შედის ემიგრანტებისგან ჩვენი გზავნილებით. ასევე, რომ ვაკვირდები საოცარი თაობა მოდის თამამი, განათლებული. ბევრი ახლაგაზრდაა ჩამოსული ევროპაში. სამწუხაროდ, ჩემი აზრით, ბევრს უკან დაბრუნება აღარც უნდა. საქართველოში  არ აქვთ მათ ისეთი პირობები, რომ საკუთარი თავი წარმოაჩინონ. თუმცა ვისურვებდი, თითოეული მათგანის სამშობლოში დაბრუნებას.

წარმატებას გისურვებთ ელენე, ვიცი რომ თქვენს შვილიშვილსაც ელენე ჰქვია, ნათელი მომავალი მას და ყველა პატარას!

მადლობა, ყოველდღე ვევედრები უფალს  – უფალო შემაძლებინე ჩემი სიცოცხლის დარჩენილი წლები ჩემს მიწა-წყალზე გავატარო!

 

სპეციალურად საიტისათვის, ნინო ჩხეიძე

ასევე დაგაინტერესებთ