საქართველოში 2025 წელს დაინერგება სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზს და ადრეული შეტყობინების სისტემას

მალე საქართველოში იქნება თანამედროვე სისტემა, რომელიც საგრძნობლად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზს და ადრეული შეტყობინების სისტემას. ამ მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ფინეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართა. ვიზიტის ფარგლებში განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა: მეტეოროლოგია და კლიმატოლოგია.
საქართველოში მეტეოსადგურების საერთაშორისო სტანდარტების საინფორმაციო სისტემის დანერგვისა და ადრეული შეტყობინების სისტემის დახვეწის მიზნით, ოთარ შამუგია ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს პეტერ ტაალასს ფინეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ჰელსინკში შეხვდა და მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გარემოს სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერას დაესწრო.
ოთარ შამუგიამ ჰელსინკში შეხვედრები გამართა ფინეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მინისტრ, სარი ესაიასთან და ფინეთის გარემოს დაცვის სამინისტროს მუდმივ მდივან, იუჰან დამსკთან. სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს გარემოსდაცვითი და კლიმატის ცვლილების მიმართულებით.
ოთარ შამუგიას ინფორმაციით, 2025 წელს საქართველოში იქნება თანამედროვე სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზს და ადრეული შეტყობინების სისტემას.
“ფინეთში კოლეგებთან ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვქონდა. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ სამინისტროს შორის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებაზე. ასევე, სასოფლო სამაურნეო პროდუქტიით ვაჭრობის ხელშეწყობის ღონისძიებებზე. კოლეგებს ინფორმაცია მივაწოდეთ ევროინტეგრაციის კუთხით მიღწეულ პროგრესზე და იმ რეფორმებზე, რომლებიც გავატარეთ. ასევე, ვგეგმავთ, რომ მომავალში განხორციელდეს. მნიშვნელოვანია, რომ მათ მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა ურთოერთობების კიდევ უფრო გაღრმავების და ამ მიმართულებით მხარდაჭერის კუთხით.
ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ შედგა მემორანდუმი, გაფორმდა კონტრაქტი ფინეთი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მეტეოროლოგიის ინსტიტუტთან. იგი ითვალისწინებს ქვეყანაში თანამედროვე ამინდის პროგნოზირების და ადრეული გაფთხილების, შეტყობინების სისტემის დანარგვას. ეს ინსტიტუტი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში და მათთან თანამშრომლობა, მათი უშუალო ჩართულობა ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ნიშნავს იმას, რომ ძალიან მალე, უკვე 2025 წელს ქვეყანაში გვექნება თანამედროვე სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ამინდის პროგნოზს და ასევე, მოსახლეობისთვის მოსალოდნელი სხვადასხვა სტიქიური მოვლენების შესახებ შეტყობინების პროცესს”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტყის მდგრადი მართვის პრინციპების დასანერგად საქართველოში აქტიურად მიმდინარე სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველომ შეიმუშავა და 2020 წლის მაისში მიიღო ახალი ტყის კოდექსი, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში ტყეების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას, ტყეების ეკონომიკური პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას და მიღებული სარგებლის სამართლიან გადანაწილებას.
ფინეთის სოფლის მეურნეობისა და სატყეო მინისტრმა სარი ესაიამ მადლობა გადაუხადა ოთარ შამუგიას ფინეთში ვიზიტისთვის.
“ძალიან მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი იყო დელეგაციის ფინეთში ვიზიტი. ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობები და ვისაუბრეთ თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე, მათ შორის, სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხზე. საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების მიმართულებით აქტიურ ნაბიჯებს დგამს. მნიშვნელოვანია, რომ ეფექტიანად მიმდინარეობს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი”,- განაცხადა სარი ესაიამ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ჰელსინკში ფინეთის გარემოს დაცვის სამინისტროს მუდმივ მდივანს იუჰან დამსკისაც შეხვდა, სადაც ყურადღება გამახვილდა საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტს შორის მეტეოროლოგიის, კლიმატოლოგიისა და გარემოს სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელს შეუწყობს არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოში მეტეოროლოგიური და გარემოსდაცვითი დაკვირვების ქსელებისა და ლაბორატორიების მოდერნიზებას, ამინდის, კლიმატის და ჰაერის ხარისხის მოდელირების და პროგნოზირების სისტემების განვითარებას.
“საქართველოში გარემოსდაცვითი მიმართულება სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, გაზრდილია საბიუჯეტო დაფინანსება, რაც შესაბამისად აისახა კონკრეტულ შედეგებზე, როგორც საერთაშორისო გარემოსდაცვითი სტანდარტების დანერგვის, ისე საკანონმდებლო დაახლოების და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით. ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების კუთხით საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, კერძოდ, გარემოსდაცვითი მმართველობის, ჰაერის ხარისხის, წყლის რესურსების მართვის, ნარჩენების მართვის, სამრეწველო ემისიების მართვის, ბიომრავალფეროვნების დაცვის და კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლის მიმართულებებით”, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ოთარ შამუგია ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის გენერალურ დირექტორს პეტერ ტაალასსაც შეხვდა. მინისტრმა საქართველოს გარემოს ეროვნულ სააგენტოსა და ფინეთის მეტეოროლოგიურ ინსტიტუტს შორის ხელმოწერილი მემორანდუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა და კლიმატის ცვლილებით გამოწვეული ზემოქმედების შესარბილებლად ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს ჰიდრომეტეოროლოგიური სადამკვირვებლო ქსელის გაფართოების, თანამედროვე საინფორმაციო-სატელეკომუნიკაციო და საპროგნოზო სისტემების დანერგვის სამუშაოებს. ქვეყნის მასშტაბით უკვე დამონტაჟებულია 231 ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამინდის პროგნოზირების ხარისხისა და მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების ეფექტიანობის გაზრდას.
ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის გენერალური დირექტორის, პეტერ ტაალასის განცხადებით, მეტეოროლოგიური საერთაშორისო სისტემების დახვეწა ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების წინაპირობას წარმოადგენს. შესაბამისად, მისასალმებელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით ინვესტიციებს ახორციელებს.
შეხვედრებსა და მემორანდუმის გაფორმების ღონისძიებას, ოთარ შამუგიასთან ერთად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფინეთის რესპუბლიკასა და შვედეთის სამეფოში ირაკლი ხუცურაული და საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ვასილ გედევანიშვილი ესწრებოდნენ.
წყარო: რეზონანსი