რეალურად, მეტრო არ გვაქვს. პროექტები დაპირებად დარჩა – გიორგი ჯაფარიძე

მოძრაობის „ჩემი ქალაქი მკლავს“ დამფუძნებელმა გიორგი ჯაფარიძემ გადაცემაში „თქვენი დრო“ თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქს მეტროსადგურების რაოდენობა არ ყოფნის.
მისი თქმით, 2 მნიშვნელოვანი პროექტი, სამგორი-ლილოს და დიდი დიღომი-გლდანის დამაკავშირებელი მიწისზედა მეტროები, დაპირების მიუხედავად, განუხორციელებელი დარჩა.
„რეალურად, მეტრო არ გვაქვს. დაწყებული იყო ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და სამგორი-ლილოს მიწისზედა მეტრო უნდა გაკეთებულიყო და შემდეგ ლილოდან უნდა წასულიყო რუსთავში. ამისთვის, თუ სწორად მახსოვს, გამოყოფილი იყო 70 მილიონი ლარი. ეს პროექტი იმიტომ შეჩერდა, რომ თანხები უნდა წასულიყო მეორე მიწისზედა მეტროში, რომელიც უნდა გაკეთებულიყო დიდი დიღმიდან გლდანის მეტრომდე.
დიდი დიღომი კი ჩააბეტონეს. იქ იმდენად ბევრი კორპუსია, რომ ფიზიკურად გაჩერებულია მოძრაობა და ეს პროექტიც ვერ განხორციელდა. რეალურად 2 პროექტი გვქონდა. სამგორი-ლილოს მეტროს პროექტი 2019 წელს უნდა დასრულებულიყო. ამ ტერიტორიაზე უამრავი ადამიანი გადაადგილდება. თუმცა, სამწუხაროდ, არც-ერთი მეტრო გაკეთებულა და არც მეორე.
ახლა საუბარია, რომ შესაცვლელია მეტროში ელექტროენერგიის გაყვანილობა და ეს უნდა გაკეთდეს, რათა ადამიანების სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას. რაც გვაქვს, იმასაც კი ვერ ვუვლით და ქალაქის 2024 წლის ბიუჯეტი არის 2 მილიარდი ლარი“,- განაცხადა გიორგი ჯაფარიძემ.
როგორც მან განმარტა, დედაქალაქის მერიის მხრიდან, საარჩევნოდ დაპირებული პროექტები პროექტად დარჩა, რაც სამწუხაროა. ასეთი იყო მაგალითად რამდენიმე ათას ავტომობილზე გათვლილი 10 საპარკინგე სივრცე და მიწისზედა მეტროები.
წყარო: bpn.ge