დახოცილი თევზი და სუნი – საბერძნეთში კორონიას ტბა ზომაში პატარავდება

საბერძნეთში ერთ-ერთი უდიდესი კორონიას ტბა, ხანგრძლივი გვალვისა და ზაფხულის რეკორდული ტემპერატურის შემდეგ, ზომაში პატარავდება და მის ადგილზე დახეთქილი მიწა, დახოცილი თევზი და აყროლებულ სუნიღა რჩება. იქ, სადაც ადრე მეთევზეები კალმახსა და ლოქორიას იჭერდნენ, ახლა მოტოციკლეტებზე შემომსხდარი ახალგაზრდები დაქრიან და მტვერს აყენებენ. ადგილობრივები ამბობენ, რომ სალონიკთან ახლომდებარე 42 კვადრატული კილომეტრის წყლის სივრცე დღითიდღე პატარავდება – იგივე უბედურება სჭირს „პურის ბეღლად“ მონათლულ საბერძნეთის ცენტრალური მაკედონიის ტერიტორიაზე არსებულ სხვა სამ მნიშვნელოვან ბუნებრივ ტბასაც. „ტბიდან ძალიან უსიამოვნო სუნი მოდის. თუ საკმარისი რაოდენობის თოვლი და წვიმა არ მოვა, პრობლემა მომავალ წელს კიდევ უფრო გაუარესდება“, – ამბობს ადგილობრივი თემის ხელმძღვანელი, კოსტას ხაძივულგარიდისი.
„ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღონ ზომები ტბის დასაცავად“, – განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ 50 წლის ბერძენმა. ბიოტოპის ცენტრის გასული თვის მონაცემების მიხედვით, რეგიონის სამ სხვა ბუნებრივ ტბაში, – დოირანში, ვოლვისა და პიკროლიმნიში, – წყლის დონე, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ასევე ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. ადგილობრივი ჰიდროლოგის, ირინი ვარსამის თქმით, ბოლო ორ წელიწადში რეგიონში „ძალიან მცირე ნალექი“ მოვიდა, ხოლო წელს დაფიქსირებული ტემპერატურა ყველაზე მაღალი იყო ბოლო ათწლეულის განმავლობაში. აორთქლების გამო წყლის პირდაპირი დაკარგვის გარდა, ტბა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ფერმერების მხრიდან სარწყავ წყალზე სულ უფრო მზარდი მოთხოვნილების გამოც შრება – სწორედ აქ არის ქვეყნისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სავარგული, სადაც დიდი რაოდენობის საკვები პროდუქტი იწარმოება, რასაც თავის მხრივ, დიდძალი წყლის რესურსი სჭირდება.
მიუხედავად იმისა, რომ ტბის ნაპირები მთვარის უსიცოცხლო პეიზაჟს ჰგავს, გადამფრენი ვარდისფერი ფლამინგოების ჯგუფი დაბალ წყალში მაინც ეძებენ საკვებს. საბერძნეთის გარემოს დაცვის სააგენტოს რეგიონული ინსპექტორი, ანტი ვაფიადუ მიიჩნევს, რომ ტბის ბიომრავალფეროვნებაზე გვალვის გავლენის შესახებ დასკვნების გაკეთება ჯერ ადრეა. „უნდა დაველოდოთ, როგორი იქნება ზამთრის სეზონი. ვიმედოვნებთ, რომ მეტი წვიმა მოვა“, – განუცხადა მან „ფრანს პრესს“. მაგრამ რაც დანამდვილებით ცნობილია, არის ის, რომ კლიმატის ცვლილება ტბებზე უზარმაზარ ზეწოლას ახდენს, რასაც ბიოტოპის ცენტრის მონაცემებიც ადასტურებს.
ეროვნული ობსერვატორიის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც სანდო მონაცემების შეგროვება დაიწყეს, ყველაზე თბილი ზამთარი და ზაფხული საბერძნეთში 1960 წელს დაფიქსირდა. ამ კვირაში საბერძნეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ წარმოადგინა რამდენიმე მილიარდევროიანი გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს წყალმომარაგების გაუმჯობესებას და ცუდი მენეჯმენტით გამოწვეული წყლის უდიდესი დანაკარგების შემცირებას.
ჩრდილოეთით ერთ საათზე ნაკლებ სავალზე არის მკაფიო სურათი იმისა, თუ რა შეიძლება გველოდეს მომავალში. პიკროლიმნი, ანუ „მწარე ტბა“ საბერძნეთის კონტინენტურ ნაწილზე ერთადერთი მარილიანი ტბაა. მაგრამ პიკროლიმნის ახლა ტბის მხოლოდ სახელიღა შემორჩა. ხანგრძლივი გვალვის შემდეგ, მისგან მხოლოდ წყლის გუბურებია დარჩენილი. მის ნაპირზე სასტუმროები და ტალახის აბაზანებით სამკურნალო კურორტი უპატრონოდ არის მიგდებული.
„ეს პირველი ზაფხულია, როცა ტბა ასეთ მდგომარეობაშია. წვიმა არ ყოფილა, წყალი მთლიანად გაქრა და ტბაც, ფაქტობრივად, დაშრა“, – ამბობს 80 წლის ადგილობრივი მცხოვრები, არგირის ვერგისი. „ადრე აქ ბევრი ტურისტი იყო, ახლა კი ინტერნეტში შეგიძლიათ ნახოთ, როგორ დაქრიან ამომშრალი ტბის ფსკერზე მოტოციკლისტები. ეს ნამდვილი ტრაგედიაა“, – წუხს პენსიონერი და ბანკის ყოფილი თანამშრომელი.
წყარო: 1 არხი