თინა ბოკუჩავა – მინდა, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ ეროვნული გმირების სამშობლო, მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! – როცა ევროკავშირში გაწევრიანება ხელის გაწვდენაზეა, შანსი არ უნდა გავუშვათ

ჩვენ დღეს ვართ საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში, ჩვენ დღეს ვართ საქართველოს ეროვნული გმირების, შინდისის გმირების სამშობლოში. მინდა, აქედან, კახეთიდანაც გავაგონო ბიძინა ივანიშვილს ჩვენი ხმა, რომ კახეთი, ეროვნული გმირების სამშობლო, საქართველო მტრების, ოკუპანტის წინაშე ბოდიშს არ იხდის! ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს ბოდიში მტრის წინაშე მოსახდელი არა აქვს!, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ, ყვარელში, ილიას ტბაზე, ხალხთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, შეუძლებელია სახელმწიფოს შენება იმ იდეის გარეშე, რომელიც ამოძრავებდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს. ბოკუჩავას თქმით, ეს არის დამოუკიდებელი, თავისუფალი, თანამედროვე, ევროპული საქართველოს იდეა.
„სწორედ ს ძალისხმევით მთელმა მსოფლიომ გაიცნო ძალიან დიდი საოცრება პატარა სიღნაღის სახით. სწორედ პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით დაინერგა სოფლის მეურნეობის სუბსიდირების ახალი პროგრამები, კახელმა მეწარმეებმა დაიწყეს ევროპული ბაზრის ათვისება, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ათობით სკოლასა და საავადმყოფოს, ათობით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, მოხდა თელავის უნივერსიტეტის მოდერნიზაცია. ეს იმ პროექტების მცირე ჩამონათვალია, რამაც „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობის ქართული საოცრება შექმნა. ჩვენ „ვარდების რევოლუციის“ იდეას – დამოუკიდებელი, წარმატებული, ერთიანი საქართველოს იდეას, რომლის ნგრევას და მიტაცებას ცდილობს ბოლო 12 წლის განმავლობაში, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, ხელახლა სული უნდა ჩავბეროთ. ახლა, როცა ევროკავშირში გაწევრიანება ერთი ხელის გაწვდენაზეა, ჩვენ ერთიანობის ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ“, – განაცხადა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, სწორედ ევროპაშია საქართველოს თითოეული მოქალაქის კეთილდღეობა, რეალური და არა ყალბი, მოჩვენებითი მშვიდობა, რაზეც ივანიშვილი საუბრობს და რომლითაც ის წინასაარჩევნოდ სპეკულირებს.
„ევროპაშია დაცულობა და სტაბილურობა, ევროპაშია ღირსეული ხელფასები და ღირსეული პენსია, ევროპაშია ხარისხიანი განათლება და ჯანდაცვა. ევროპაშია 14 მილიარდიანი დახმარების ფონდი, რომელზე წვდომაც საქართველოს მიეცემა გაწევრიანების მოლაპარაკების გახსნის მომენტიდან. ეს არის 14 მილიარდი ევრო, რომლითაც შეგვიძლია ავაშენოთ სკოლები, საავადმყოფოები. როდესაც ათასობით ბავშვი სკოლამდელ განათლებას დღეს ვერ იღებს საბავშვო ბაღების არარსებობის გამო, ეს არის 14 მილიარდი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, მათ შორის, საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის. ეს არის 14 მილიარდი ევრო, რომლითაც შეგვიძლია განვავითაროთ სოფლის მეურნეობა. განსაკუთრებით აქ, კახეთში, თქვენ კარგად იცით, როგორი დაუფასებელია დღეს, ამ ხელისუფლების მშრომელი ადამიანის შრომა. როგორი დაუფასებელია მევენახის შრომა. მევენახისთვის რთველი, ყურძენი, ვაზი – ეს არის მისი სულის ნაწილი, მისი შრომის ნაყოფი, მისი სიამაყე და სიმდიდრე. ამ დროს კი, სახელმწიფოს მიტოვებული ჰყავს კახელი მევენახეები, მიტოვებული აქვს კახეთი, რადგან კორუფციისა და თვითგამდიდრების გარდა, დღევანდელ მმართველ ელიტას ნამდვილად არაფერი აინტერესებს. ჩინოვნიკები მდიდრდებიან, მევენახეებს კი სიმწრის ცრემლებით უწევთ რიგში დგომა, ყურძნის ჩასაბარებლად. გპირდებით, ჩვენ მოვიტანთ ევროპულ კეთილდღეობას საქართველოს თითოეულ მოქალაქემდე, ჩვენ მოვიტანთ ევროპულ კეთილდღეობას თითოეულ მევენახემდე. ჩვენ მოვიტანთ ევროპულ კეთილდღეობას აქ, კახეთში და საქართველოს თითოეულ რეგიონში – ეს არის ჩვენი დაპირება, რომელსაც გპირდებით, ხელისუფლების ცვლილებისთანავე განვახორციელებთ“, -განაცხადა ბოკუჩავამ და აღნიშნა, რომ დიდი ძალისხმევას ჩადებენ სოფლის მეურნეობის აღორძინებაში.
ამასთან, მან ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნებით ხელისუფლების ცვლილებაზე და აღნიშნა, რომ „სანქციების მოლოდინით შეშინებული, შუშის უკან დამალული, დამფრთხალი ივანიშვილი, რომელიც ცდილობს, რომ ჩვენი ქვეყანა იზოლაციაში მოაქციოს და სიღატაკის მეტს არაფერს უქადის,“.
„სწორედ ივანიშვილი უნდა ჩამოვაშოროთ ხელისუფლებას და მე მჯერა, რომ 26 ოქტომბრის ისტორიული არჩევნები, იქნება სწორედ შესაძლებლობა, რომ საქართველომ უარი თქვას სიღატაკეზე იზოლაციაში და აირჩიოს ევროპული კეთილდღეობა! დიახ, მე მჯერა, რომ ევროპელი, ქართველი ხალხი, ამაყად, 26 ოქტომბერს სწორედ ევროპულ კეთილდღეობას აირჩევს!”- განაცხადა ყვარელში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის