Galt&Taggart-ის განათლების სექტორის მიმოხილვის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში უცხოელი სტუდენტების დანახარჯები 800 მლნ ლარს გადააჭარბებს. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ ბოლო წლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა, რომელთა უმრავლესობა კერძო უნივერსიტეტებში ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამებზე სწავლობს. ამასთან, უცხოელი სტუდენტების 52.1% ინდოეთიდანაა, 8.7% იორდანიიდან, ხოლო 5.5% ისრაელიდან.
როგორც გადაცემა “საქმიან დილის” რუბრიკაში „ინვესტრიციების დროა“, განათლების სექტორის ექსპერტმა ნათია ზედგინიძემ განაცხადა, უცხოელების მომართვიანობა მეტწილად სამედიცინო პროგრამებზე რამდენიმე მიზეზმა განაპირობა.
„ჩვენი ხარისხის სტანდარტები ევროპულია, ვინაიდან ევროპის ხარისხის, აკრედიტაციის სტრანდარტების ქოლგის ქვეშ ვართ, ამიტომ ჩვენთან მიღებული განათლება არის დადასტურებული. ამასთან, ჩვენთან, გარდა იმისა, რომ სწავლა ხელმისაწვდომია და სავიზო რეჟიმებიც გამარტივებულია, საცხოვრებელი ხარჯებიც უფრო ნაკლებია, ვიდრე ევროპის რომელიმე ქვეყანაში. ამიტომაც ვართ მიმზიდველი უცხოელებისთვის“, – განმარტა ნათია ზედგინიძემ.
განათლების სექტორის ექსპერტმა იმაზეც ისაუბრა, თუ რამდენად საინტერესო და მომგებიანია საქართველოს უმაღლესი განათლების სექტორი ინვესტიციებისთვის. როგორც ის ამბობს, უმაღლესი განათლების სექტორის წმინდა მოგების მარჟა 24%-მდეა, ასევე მაღალია მისი ლიკვიდობის მაჩვენებელი.
„უმაღლესი განათლება ჩვენი საზოგადოების სოციალური ნორმაა, ყველას გვინდა და ყველას გვაქვს. ხელმისაწვდომობაც არის, ვინაიდან 3,5 მილიონიან ქვეყანაში 62 უნივერსიტეტი გვაქვს. ზოგადად, ინვესტორით თვალით რომ შევხედოთ განათლების სექტორს, სამი სიტყვით დავახასიათებდი: მზარდი, დინამიკურად განვითარებადი და ეფექტური და ეფექტიანი. წმინდა მოგების მარჟა 24%-მდეა, ასევე მაღალია მისი ლიკვიდობის მაჩვენებელი, მაგალითად, სტუდენტი ვერ დაიწყებს სწავლას, თუ საფასური არ გადაიხადა. რაც შეეხება ოპერაციულ ხარჯებს, მისი 65-70% ხელფასებზე მოდის, ვინაიდან აქ საწარმოო ბიზნესთან შედარებით დანახარჯები ტექნიკაზე დიდწილად არაა. თუმცა, მაინც საჭიროა ლაბორატორიები და გარკვეული ტიპის ინფრასტრუქტურა“, – განაცხადა მან.
ცნობისთვის, საქართველოში 2023-2024 წლის სასწავლო წლის დასაწყისისთვის, უმაღლეს სასწავლებლებში 31 ათასი სტუდენტი სწავლობდა, საიდანაც 23 000 კერძო სექტორში, 8 000 კი საჯარო სექტორში სწავლობს.