“ჭონას მარანი” ცქრიალა ღვინისა და ჭაჭის წარმოების დაწყებას გეგმავს

მომავალი წლიდან საოჯახო მეღვინეობა “ჭონას მარანი” წარმოებაში ცქრიალა ღვინისა და ჭაჭის დამატებას გეგმავს. ამის შესახებ მარნის დამფუძნებელმა, მიხეილ ჭონაშვილმა BM.GE-სთან განაცხადა.
ცნობისთვის, მარნის ვენახები კურდღელაურში, წინანდლის ზონაში და მუკუზნის ზონაშია გაშენებული. მეღვინეობაში 6 სახის ღვინო იწარმოება. კერძოდ რქაწითელი, კახური მწვანე, ქისი, საფერავი და ამ ჯიშების სეპაჟები (როდესაც რამდენიმე ჯიშის ყურძენს ერთმანეთში ურევენ).
“ადგილობრივ ბაზარზე ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს. დაახლოებით 10-15 ობიექტზე ვართ შესული. ესენია მაღალი კლასის რესტორნები და ბუტიკები. ვაწარმოებთ ქვევრის ორგანულ, მშრალ ღვინოს.
მოთხოვნიდან გამომდინარე, სამომავლო პერსპექტივაში ცქრიალა ღვინისა და ჭაჭის ბაზარზე ჩაშვება იგეგმება. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებული გვაქვს, საცდელი პარტიაც გვაქვს მწვანესა და რქაწითელისგან დამზადებული და ვნახოთ რამდენად გაამართლებს”,- აცხადებს ჭონაშვილი.
მისივე თქმით, მეღვინეობას ადგილობრივი ბაზრიდან, კერძოდ ღვინის სპეციალიზებული მაღაზიიდან და რესტორნებიდან არაერთი შეთავაზება აქვს. შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე გაფართოება სწორედ ამ ობიექტების მეშვეობით იგეგმება.