დღეს ქართველების ბევრი საინტერესო მატჩია – “კვარა” “იუვეს” წინააღმდეგ და რამდენი დრო მიეცემა “ჩაკვეს” – კაკა და ვარსკვლავები თბილისში…

პარასკევს, 20 სექტემბერს, ქართველი ლეგიონერების სამი შეხვედრა იყო გამოსარჩევი:
იტალია, სერია “ა”: კალიარი – ემპოლი 0:2 (გოგლიჩიძის მორიგი კარგი მატჩი, შეფასება 7.2. საზონოვი ტრავმირებულია);
საფრანგეთი, ლიგა 1: ნიცა – სტ. ეტიენი 8:0 (დავითაშვილმა 90 წუთი ითამაშა. მისი გუნდის მთავარ მწვრთნელს, ალბათ, გაათავისუფლებენ);
ესპანეთი, ლა ლიგა 2: გრანადა (წიტაიშვილის 69 წუთი) – მალაგა 2:2 (გრანადელებმა 93-ზე წუთზე გაუშვეს, 98-ზე კი პენალტი ვერ გამოიყენეს).
იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურში განსაკუთრებული მატჩია, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაპირისპირება – ტურინის “ალიანც სთეიდიუმზე” (41 507 მაყურებელი)
“იუვენტუსი” “ნაპოლის” უმასპინძლებს – დღეს, 21 სექტემბერს, 20:00 საათზე (ჩვენი დროით). აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრამდე ერთი საათით ადრე თბილისში “მილანის” ვეტერან ვარსკვლავებს ველით, რომლებიც საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდებიან: კაფუ, ზეედორფი, რივალდო, კაკა…
კაკა თბილისშია…

“ბიანკონერის” სერია “ა”-ს ახალ სეზონში საკუთარ კარში გოლი არ მიუღია, ჩემპიონთა ლიგაზე კი დამატებით დროში გაუშვა. ტიაგო მოტამ “იუვეში” ბევრი ახალი ფეხბურთელი აიყვანა და მშვენიერ გუნდს აყალიბებს. აღსანიშნავია 19 წლის თურქის, კენან ილდიზის პროგრესი.
სატურნირო ცხრილში “ნაპოლი” უახლოეს მეტოქეს ერთი ქულით აღემატება, მოულოდნელი ლიდერი კი “უდინეზეა”. უახლოეს ტურებში უფრო მეტი გამოიკვეთება.
უკანასკნელი 13 საშინაო მატჩიდან “იუვენტუსმა” ნეაპოლელებს 10 მოუგო, მათ შორის, გასულ სეზონში (1:0). ანტონიო კონტეს, ტურინში 13 წელი რომ თამაშობდა, იტალიაში კარგი შედეგები აქვს. ის ერთ-ერთია იმ მწვრთნელებიდან, რომელმაც “იუვენტუსს” 100 შეხვედრაში და მეტში გაამარჯვებინა.
ტურინში დაძაბულ შეხვედრას ველით. თუკი “ნაპოლი” კარში დარტყმას ყველაზე მეტჯერ ცდილობს, “იუვენტუსს” ყველაზე ნაკლებად ურტყამენ.
ხვიჩას “იუვენტუსთან” 2 გოლი და ამდენივე საგოლე პასი აქვს…

ტურინულმა კლუბმა საბა გოგლიჩიძის “ემპოლი” ვერ დაამარცხა და ახლა სასტარტოში ცვლილებები იქნება. ფაჯოლიმ პირველივე წუთებიდან უნდა დაიწყოს, ისევე, როგორც ტურამების კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, კეპრენმა, რომელმაც გასულ ტურში გუნდში ენერგია შეიტანა და ბურთი უფრო სწრაფად აამოძრავა. გატ, ხვიჩასთან რომ მცირე კონფლიქტი ჰქონდა, ტრავმია მოიშუშა, ისევე როგორც კაპიტანმა დანილომ; ექსნეაპოლელი მილიკი და კონსეისაო არ იქნებიან. აღსანიშნავია, რომ დუშან ვლაჰოვიჩმა 516 წუთში “ნაპოლის” მხოლოდ ერთი გოლი გაუტანა.
ნეაპოლელთა რიგებში ტრავმები არაა, კვარაცხელია-ლუკაკუს დუეტის ამოქმედებას კვლავ მოუთმენლად ელიან. პოლიტანო ან ნერეში ითამაშებს, მაგრამ უფრო საინტერესოა, კონტე ნახევარდაცვაში რას შეცვლის. გასულ შეხვედრაში ანგისა მშვენიერი იყო, მაკტომინეი-გილმორის დუეტს კი თამაში სურს…
“ნაპოლის” უპირატესობა ისაა, ევროტურნირებს არ თამაშობს და დასვენებულია (მომავალ ხუთშაბათს “პალერმოსთან” თასი ელის). ნეაპოლელებმა “იუვეს” ბოლო 9 მატჩიდან 6 მოუგეს, იმდენივე, რამდენიც წინა 22 შეხვედრაში. პრინციპული მეტოქეების, ტურინელთა წინააღმდეგ ყოველთვის კარგად გამოდის, თუმცა უფრო საშინაო შეხვედრებში – ბოლო მატჩში გაუტანა, წინა სეზონში კი მოწინააღმდეგის განადგურებაში (5:1) დიდი წვლილი შეიტანა და მონაწილეობა, ფაქტობრივად, ყველა საგოლე ეპიზოდში მიიღო (გოლი და 2 საგოლე პასი). მიმდინარე სეზონში ჩვენებურს 2 გოლი და ამდენივე შედეგიანი პასი აქვს.
ფაქტია, სასტარტო ტურის შემდეგ ნეაპოლში იმედიანად არიან განწყობილნი, გუნდმა სამი მატჩი მოიგო და საშუალოდ ამდენიმე გოლი გაიტანა. შეხვედრას 46 წლის დანიელე დოვერი განსჯის, რომელიც ნეაპოლელების მატჩს ბოლოს 7 აპრილს, “მონცასთან” (4:2 გამარჯვება) მოემსახურა.
“ლევანტე” და ქოჩორაშვილი დაწინაურებისთვის შედეგიანად იბრძვიან…

შაბათი, 21 სექტემბერი:
ინგლისი, ჩემპიონშიპი, 15:30 სთ:
ნორვიჩი – უოტფორდი (ჩაკვეტაძემ ტრავმის შემდეგ სრულად ივარჯიშა, თუმცა სასტარტოში თამაში საეჭვოა);

ესპანეთი, ლა ლიგა, 20:30:
ვალენსია (მამარდაშვილის გუნდი 1 ქულით ბოლო ადგილზეა) – ჟირონა;
ესპანეთი, ლა ლიგა 2, 22:00:
სარაგოსა – ლევანტე (ქოჩორაშვილის გუნდი თანალიდერია);
კვირა, 22 სექტემბერი:
გერმანია, მე-2 ბუნდესლიგა, 15:30 სთ:
მაგდებურგი – კარლსრუე (ზივზივაძის გუნდი თანალიდერია);
ავსტრია, ბუნდესლიგა, 16:30:
შტურმი (კიტეიშვილის გუნდი ლიდერია) – ვოლფსბერგერი;
საფრანგეთი, ლიგა 1, 22:45:
ლიონი (მიქაუტაძის გუნდს 4 მატჩში 4 ქულა აქვს) – მარსელი.

ნახირთა ტროლები გააქტიურდნენ! შევარდნაძემ თქვა, როდესაც ააფეთქეს, ესეც არ შეუძლიათ ამ უბედურებსო. აგერ ცოცხალი ვარო. ისეა ამათი საქმე. იუვეს და ნაპოლის თამაშს დაამთხვიეს, თავიანთი მატჩი.ვიმეორებ თავიანთი და არა ჩვენი. რატომ უნდა მოგინდეს კაცს ამათი ბარბაცის ყურება,როცა ასეთი საინტერესო მატჩია იუვენტუსი ნაპოლის სახით

ასევე დაგაინტერესებთ