“ეს ცუდი კანონპროექტია, მხარს არ დავუჭერთ, მთავრობა არ უნდა აკონტროლებდეს პოლიტიკურ დაფინანსებას” – ოპოზიცია “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონზე

ქვეყანაში პარტიების დაფინანსების წესი იცვლება. პოლიტიკური პარტიები იურიდიული პირებისგან ფინანსური შემოწირულებების მიღებას ვეღარ შეძლებენ, იურიდიულ პირებს კი პარტიებისთვის შემოწირულებების გაცემა აეკრძალებათ – ცვლილებები “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონში შედის, რომელიც დღეს ბიუროს სხდომაზე დაინიცირდება.
ცვლილება დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის ნაწილია, რომელიც ეუთო-ოდირის და ვენეციის კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე შემუშავდა.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ანა წითლიძის განცხადებით, კანონპროექტში მთავარი პრობლემა არის ის, რომ კონკურენტუნარიან საარჩევნო სისტემას ხელს უშლის.
“მთავარი პრობლემა აქ არ არის ის, რომ იურიდიულ კომპანიებს ეკრძალებათ შემოწირულობა პოლიტიკური პარტიებისთვის. იურიდიული კომპანიები ისედაც მხოლოდ “ქართულ ოცნებას” სწირავდნენ [შემოწირულობას] და არ სწირავდნენ ოპოზიციურ პარტიებს. მთავარი პრობლემა არის ის, რომ არც ამ ცვლილებით და არც ამ ცვლილების გარეშეც, საარჩევნო გარემო, რომელიც ითვალისწინებს თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტუნარიან გარემოს, ეს არ არსებობს “ქართული ოცნების” პირობებში”, – განაცხადა ანა წითლიძემ.
პარტია “გირჩის” წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილი კანონპროექტს “ცუდად” აფასებს და აცხადებს, რომ, ამ კანონმდებლობის მიხედვით, ყველა პარტია არალეგალურად ფინანსდება.
“ეს ცუდი კანონპროექტია, ჩვენ მხარს არ დავუჭერთ, ცხადია, და ზოგადად, მთავრობა არ უნდა აკონტროლებდეს პოლიტიკურ დაფინანსებას. სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ჩვენ გარდა, ასე ძალიან ცოტა ფიქრობს. NGO-ბი და ოპოზიცია ითხოვდა პოლიტიკური პარტიების მკაცრ გაკონტროლებას, რატომღაც გულუბრყვილოდ ეგონათ, რომ “ქართული ოცნება” თავის ფინანსებს გააკონტროლებდა, არადა, რეალურად, შეიქმნა კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც ამ მომენტისთვის ყველა პარტია არალეგალურად ფინანსდება, ჩვენით დაწყებული, “ქართული ოცნებით” დამთავრებული, ყველა არღვევს კანონმდებლობას და შეუძლებელია, აღასრულო ეს კანონმდებლობა, რომელიც ახლა არსებობს”, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აქციების ორგანიზატორები, რომლებიც საზოგადოებას აჯერებენ, რომ მათივე შვილების სახელით უკეთესი საქართველო სურთ, მათ მიერ ხელოვნურად შექმნილ მწვავე პოლიტიკურ პროცესებს საკუთარ შვილებს რატომ არიდებენ?!

გლობალურ პოლიტიკაში, სახელმწიფოები დიასპორების საშუალებით აძლიერებენ საკუთარ ქვეყნებს უცხოეთში. ამისთვის ზრუნავენ არა მხოლოდ ხელისუფალნი, არამედ, თავად დიასპორული ორგანიზაციებიც

მარიამ ლაშხი მასზე თავდასხმაზე: მათი ქმედება იყო უხეში დარღვევა ბავშვთა უფლებების კოდექსის მრავალი მუხლისა. ეს არის არამხოლოდ საჯარო მოხელეზე თავდასხმა, არამედ ღირებულებებზე თავდასხმა