„რა დონეზეც ინფლაციაა გაქცეული და როგორი მოთხოვნაცაა ანაზღაურებაზე, იმ დონეზე ხელფასი ვერ იმატებს“ – „კუმისის” დამფუძნებელი

„რა დონეზეც ინფლაციაა გაქცეული და როგორი მოთხოვნაცაა ანაზღაურებაზე, იმ დონეზე ხელფასი ვერ იმატებს“ – „კუმისის” დამფუძნებელი
ქართული ბიზნესი კადრების დეფიციტს ისევ განიცდის და ამის მთავარი მიზეზი ხელფასი და კვალიფიკაციაა. დასაქმებულებს ანაზღაურება არ აკმაყოფილებთ, ბიზნესი კი ამბობს, რომ ხელფასებს მეტად ვეღარ გაზრდის, წინააღმდეგ შემთხვევაში პროდუქციის გაძვირება მოუწევს.
უკვე წლებია კერძო სექტორი კადრების სიმცირეზე საუბრობს. ბიზნესმა თანამშრომლების ანაზღაურება რაღაც დონეზე გაზარდა, თუმცა, როგორც ჩანს, არა ისე, რომ დასაქმებულები კმაყოფილნი იყვნენ.
პრობლემაზე ისაუბრა კომპანია „კუმისის” დამფუძნებელმა ზურაბ უჩუმბეგაშვილმა და განაცხადა, რომ მუშახელის დეფიციტი სულ უფრო მწვავდება.
„არანაირი წინსლა არ გვაქვს ამ მიმართულებით, პირიქით, კადრების პრობლემა არათუ მოგვარდა, არამედ უფრო და უფრო გართულდა და ეს ეხება, როგორც კვალიფიციურ ადამიანებს, ისე ზოგადად ყველა ტიპის მუშახელს.
რა დონეზეც ინფლაციაა გაქცეული და როგორი მოთხოვნაცაა ანაზღაურებაზე, იმ დონეზე ვერ იმატებს ხელფასი. მისი გაზრდა და სხვა ნებისმიერი ხარჯი, აისახება პროდუქციის თვითღირებულებაზე, ფასების მატება კი ისეთი საკითხია, რომ ვერ ვბალანსდებით. დიახ, ხელფასები გაიზარდა, მაგრამ ისე არა, რომ დასაქმებაზე მოთხოვნა გაზრდილიყო”, – განუცხადა „რეზონანსს”უჩუმბეგაშვილმა და დასძინა, რომ სხვადასხვა პოზიციებზე ტექნოლოგიურად ხდება კადრების ჩანაცვლება .
„სადაც შესაძლებელია ხალხის ტექნიკით ჩანაცვლება, იქ მიდის ეს პროცესი. ქართველები ამას მშვენივრად ითვისებენ, თანაც თანამედროვე ტექნოლოგია ისეთია, რომ არ არის საჭირო დიდი ცოდნა და უნივერსიტეტის დამთავრება, ამიტომ ზუსტად ამ პერიოდში ჩვენი საწარმოს გადაიარაღება მიმდინარეობს და ძალიან ბევრი ისეთი რამ კეთდება, რომ მასშტაბურად ჩაგვინაცვლებს მუშახელს”, – განაცხადა „რეზონანსთან” ზურაბ უჩუმბეგაშვილმა და დასძინა, რომ უცხოელები საწარმოში არ დაუსაქმებიათ.
ვრცლად: რეზონანსი