McDonald’s ₾23 მილიონის ინვესტირებით თბილისში 2 ახალ რესტორანს ხსნის

McDonald’s საქართველო ქსელის გაფართოებას აგრძელებს და 23 მლნ ლარის ინვესტიციით თბილისში, გოთუას ქუჩასა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე 2 ფილიალს ხსნის.
McDonald’s-ის რიგით 24-ე რესტორანი მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, გოთუას ქუჩა #7-ში სტუმრებს უკვე მასპინძლობს, მისი ოფიციალური გახსნის ღონისძიება კი 1 ოქტომბერსაა ჩანიშნული. ამავე დღეს სწრაფი კვების რესტორნების ამერიკული ბრენდის საქართველოს წარმომადგენლობა კიდევ ერთ ფილიალს ვაჟა-ფშაველას გამზირზე ოფიციალურად გახსნის. როგორც კომპანიაში BM.GE-ს განუცხადეს, McDonald’s-ის სანაპიროს ფილიალის გასახსნელად ჯამში 16.5 მლნ ლარი დაიხარჯა, ხოლო ვაჟა-ფშაველას გამზირზე რესტორნის მოწყობაზე 6.5 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო.
დღეისთვის გოთუას ქუჩაზე გახსნილი ახალი სივრცე აერთიანებს მაკკაფეს, ბავშვთა დაბადების დღის ცენტრსა და Play Land-ს, ასევე რესტორანში იმოქმედებს 24-საათიანი მაკდრაივი. ის აღჭურვილია შშმ პირებზე გათვლილი ინფრასტრუქტურით, ელექტროდამტენებით და მზის პანელებით. უნდა აღინიშნოს, რომ სწრაფი კვების ახალ ფილიალში სტუმრებს ტელეფონების დატვირთვა მაგიდაზე არსებული დამტენებით შეეძლებათ.
„24-ე რესტორანი იმით არის განსაკუთრებული, რომ McDonald’s Global-ის ყველა სერვისს უზრუნველყოფს და არის ეკომეგობრული. 1 600 კვ.მ.-ზე, სადაც მოიაზრება ღია დასაჯდომი სივრცეები, სახურავზე მოთავსებულია მზის ელექტრო პანელები, პარკინგზე კი დამონტაჟებულია ელექტრომანქანების დამტენები. რესტორნის ინტერიერი პრემიუმ კლასის არის“, – აღნიშნა “საქმიან დილასთან“ საუბრისას „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ელენე ბაღათურიამ.
გოთუას და ვაჟა-ფშაველას გამზირზე გახსნილ ახალ ფილიალებში McDonald’s საქართველო დამატებით 110 სამუშაო ადგილს შექმნის. ჯამში კომპანია 2100 ადამიანს ასაქმებს.