3 არხს ერთსა და იმავე საკითხებზე დარღვევა უკვე მეორედ დაუდგინეს – მათ ფულადი ჯარიმები ემუქრებათ – Netgazeti • არჩევნები 2024 • კომუნიკაციების კომისია • Netgazeti.ge

კომუნიკაციების კომისიამ “მთავარ არხს”, “ფორმულასა” და “TV პირველს” ერთსა და იმავე საკითხებზე სამართალდარღვევის ოქმი უკვე მეორედ შეუდგინა. სამივე ტელევიზიას ემუქრება ფულადი ჯარიმა, რომლის ოდენობას სასამართლო დაადგენს.
საქმე ეხება ორ საკითხს:
· “ქართული ოცნების” საარჩევნო რეკლამის ეთერში არგაშვებას;
· ოპოზიციური პარტიების – “მოქალაქეების”, “ევროპული საქართველოსა” და “კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებლის” საარჩევნო რეკლამების ეთერში გაშვებას.
კომუნიკაციების კომისიას ორივე ამ საქმეზე “ქართულმა ოცნებამ” მიმართა და ტელევიზიებისთვის სამართალდარღვევის ოქმის შედგენა მოითხოვა. კომისიამ მმართველი პარტიის საჩივარი დააკმაყოფილა და მაუწყებლებს ერთ შემთხვევაში “ოცნების” რეკლამის განთავსება, მეორე შემთხვევაში კი ოპოზიციური პარტიების რეკლამების ამოღება მოსთხოვა.
კომისიის ინფორმაციით, რადგან ტელევიზიები ამ გადაწყვეტილებებს არ დაემორჩილნენ, “ქართულმა ოცნებამ” იმავე საჩივრით განმეორებით მიმართა. კომისიამ ამჯერადაც დააკმაყოფილა მმართველი პარტიის მოთხოვნა და ტელევიზიებს ერთსა და იმავე საქმეებზე უკვე მეორედ შეუდგინა სამართალდარღვევის ოქმი.
· საქმე #1 – “ქართული ოცნების” რეკლამის არგაშვება
საქმე ეხება მმართველი პარტიის ვიდეორგოლს, სადაც “ოცნება” საკუთარი თავის ალტერნატივად ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს წარმოადგენს. პირველი “ბნელ წარსულად” არის მოხსენიებული, მეორე კი – “მორალურ გადაგვარებად”.
“მთავარმა არხმა”, “ფორმულამ” და “TV პირველმა” აღნიშნული კლიპი ეთერში არ გაუშვეს.
მიზეზად რეკლამისა და მაუწყებლისა შესახებ კანონები სახელდება. კონკრეტულად, მაუწყებლის შესახებ კანონი სიძულვილის წახალისებას კრძალავს, “ოცნების” რეკლამაში კი ტელევიზიებმა ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მიმართ ზიზღის გაღვივების მცდელობა დაინახეს.
რაც შეეხება რეკლამის შესახებ კანონს, ის საარჩევნო რეკლამის შინაარსს განიხილავს როგორც ერთი საარჩევნო სუბიექტის მხარდაჭერისკენ მიმართულს, ან სხვა საარჩევნო სუბიექტის საწინააღმდეგოს. “ქართული ოცნების” რეკლამაში უარყოფით კონტექსტში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები არიან მოხსენიებული. გამომდინარე იქიდან, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო სუბიექტები არ არიან, საარჩევნო რეკლამაში მათ მიმართ უარყოფითი განწყობების გაღვივება ამ კანონის დარღვევად ჩათვალეს.
კომუნიკაციების კომისიამ ტელევიზიების ეს დასაბუთება არ მიიღო და მათ სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა, რის საფუძველზეც სასამართლომ ისინი დააჯარიმა.
“გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული მაუწყებლები კვლავ არ ათავსებენ „ქართული ოცნების“ უფასო პოლიტიკურ რეკლამას, ირღვევა “საქართველოს საარჩევნო კოდექსი”, რის გამოც კომუნიკაციების კომისიამ მაუწყებლებს სამართალდარღვევის ოქმები შეუდგინა”, – ვკითხულობთ კომუნიკაციების კომისიის ბოლო გადაწყვეტილებაში.
· საქმე #2 – ოპოზიციური პარტიების რეკლამების ეთერიდან ამოღების მოთხოვნა
კიდევ ერთი საქმე, რის გამოც კომუნიკაციების კომისიამ “მთავარი არხი”, “ფორმულა” და “TV პირველი” მეორედ დააჯარიმა, სამი ოპოზიციური პარტიის – “მოქალაქეების”, “ევროპული საქართველოსა” და “კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებლის” საარჩევნო რეკლამების ეთერში გაშვებას ეხება.
“ქართულმა ოცნებამ” კომუნიკაციების კომისიას მოსთხოვა აღნიშნული პარტიების საარჩევნო რეკლამების ამოღება, რომლებიც მმართველი პარტიისა და მისი საპატიო თავმჯდომარის, ს წინააღმდეგაა მიმართული.
მმართველი პარტია საჩივარში ამგვარ ლოგიკას ავითარებს: ამ გაერთიანებების გაცხადებული პოზიციაა, რომ ისინი დამოუკიდებლად არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას და სხვა პარტიებთან ქმნიან კოალიციას. კერძოდ, “მოქალაქეები” ერთიანდებიან “ლელოსთან”, “ევროპული საქართველო” და “კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი” კი – “ნაციონალურ მოძრაობასთან”. არცერთი ეს გაერთიანება არ აწარმოებს თავის მხარდამჭერ კამპანიას. შესაბამისად, მათ მიერ კონკრეტული სუბიექტის – ამ შემთხვევაში “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული კამპანია უნდა ჩაითვალოს არა უშუალოდ მათი, არამედ იმ პარტიების სასარგებლო კამპანიად, რომლებთანაც ერთიანდებიან ისინი. საუბარია “ლელოსა” და “ნაციონალურ მოძრაობაზე”, რომლებიც თავის მხრივ, დამოუკიდებლადაც ათავსებენ საარჩევნო რეკლამებს მაუწყებლების ეთერში.
“ქართულმა ოცნებამ” ჩათვალა, რომ ეს კანონდარღვევაა. მმართველი პარტიის არგუმენტაცია გაიზიარა კომუნიკაციების კომისიამ. ამ შემთხვევაში უწყებამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ტელევიზიები არ დაეჯარიმებინათ.
კომუნიკაციების კომისიის ამ გადაწყვეტილებას ორი ძირითადი არგუმენტით აკრიტიკებენ:
· მართალია, ამ გაერთიანებების განცხადებული პოზიციაა, რომ ისინი სხვა პარტიებთან ერთად მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ეს არ არის სამართლებრივად დეკლარირებული – მათ ჯერ ერთიანი საარჩევნო სია არ წარუდგენიათ. საარჩევნო სიების წარდგენისთვის პოლიტიკურ სუბიექტებს ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ, სამართლებრივად სწორედ მაშინ გაირკვევა გაერთიანებების კონფიგურაციაც.
· ყველა ეს რეკლამა, რომელიც განიხილა კომისიამ, შეესაბამება კანონით დადგენილ ნორმებს. მათ შორის, თითოეულ მათგანში ჩანს იმ პარტიის ნომერი, რომელსაც რეკლამა ეკუთვნის და არა იმ კოალიციის, რომელთან ერთადაც დააანონსეს არჩევნებში მონაწილეობა.
ტელევიზიებმა ეს რეკლამები საეთერო ბადიდან არ ამოიღეს, რის გამოც კომუნიკაციების კომისიამ ისინი კიდევ ერთხელ დააჯარიმა.
“მთავარი არხის” იურისტის, თამთა მურადაშვილის ინფორმაციით, სამართალდარღვევის ოქმის მეორედ შედგენის შემდეგ მათ აღნიშნული რეკლამები ეთერიდან ამოიღეს. რეკლამები უკვე ამოღებულია “ფორმულიდან” და “TV პირველიდანაც”.
“ქართული ოცნების” განმეორებით საჩივრების მოთხოვნა იყო ისიც, რომ აღნიშნული ფაქტები კომუნიკაციების კომისიას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის ეცნობებინა. კომისიაში აცხადებენ, რომ ისინი აქტიურ კომუნიკაციაში არიან სადამკვირვებლო მისიებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე