ჯერ თვითონ დაგვარტყეს – ენმ და “ქართული ოცნება” ძალადობაში ერთმანეთს ადანაშაულებენ

პარტიები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება” ზუგდიდში 19 სექტემბერს მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ინციდენტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ფიზიკური შეხლა-შემოხლა ბარამიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში 19 სექტემბერს ორჯერ მოხდა, მაშინ, როცა პარლამენტის წევრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე ანა წითლიძე აქტივისტებთან ერთად მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა.
დეპუტატმა დღეს, 20 სექტემბერს, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ “ქართულმა ოცნებამ” მიზანმიმართულად, ენმ-ის საარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მიზნით, მოაწყო ორგანიზებული თავდასხმა, რომელშიც 100-მდე ადამიანი, მათ შორის საჯარო მოხელეები მონაწილეობდნენ.
ანა წითლიძემ ჟურნალისტებს უჩვენა ფოტოები, რომლებშიც, მისი მტკიცებით, ჩანან ინციდენტში მონაწილეები და ორგანიზატორები.
“ჩვენ გაშიფრული გვყავს იმ ადამიანების ნაწილი, ვინც უმოწყალოდ გვისწორდებოდნენ ადგილზე. ბატონო მინისტრო, (მიმართვა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს) ეს ადამიანი, შოთა ბაჯალაძე, არის თქვენი ნათესავი, რომელთანაც თქვენ გაკავშირებთ მირონი. ეს ადამიანი უშუალოდ მონაწილეობს კრიმინალური დაჯგუფების ორგანიზებაში, უშუალოდ მონაწილეობდა ამ თავდასხმის ორგანიზებაში. შოთა ბაჯალაძე არის გენინსპექციის თანამშრომელი, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებებს არიგებს “ქართული ოცნების” ტიტუშკებზე”, რომ შემდეგ ასეთი თავდასხმები მოაწყონ ოპოზიციის ლიდერებზე. კიდევ ერთი ადამიანი არის გოგა მოსია, რომელიც არის ააიპ ზუგდიდის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორის მოადგილე. გოგა მოსია ფიზიკურად უსწორდებოდა ახალგაზრდებს და ეს კადრებიც არსებობს. კიდევ ერთი ადამიანი, დიმა გოგოხია, “ქართული ოცნების” ტიტუშკა, ამ ადამიანს აქვს პირობითი. ის ნასამართლევია ჩასარიცხი აპარატის ქურდობისთვის. ეს ადამიანიც იყო ნარკოტიკის თრობის ქვეშ და ფიზიკურად უსწორდებოდა ახალგაზრდებს. თეონა ქარდავა, ეს არის სუსის 20-ლარიანი აგენტი, რომელიც არის ირაკლი კობახიძის სიძის, დავით ფაცაციას მიერ კონტროლირებული ქალბატონი. თეონა ქარდავა მუშაობს ს მთავრობის წარმომადგენლობაში ზუგდიდში და უშუალოდ დავით ფაცაცია აკონტროლებს. ეს ქალბატონი შემეხო მე ფიზიკურად. რამაზ ბახბაია, ვითომ ძველი ბიჭი, სინამდვილეში ხელისუფლების “ნასეტკა” ასევე ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო და ფიზიკურად უსწორდებოდა ადამიანებს. დათა სართანია, ასევე ძველი ბიჭი და ხელისუფლების ნასეტკა, იყო ასევე ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ და უსწორდებოდა ხალხს”, – თქვა ანა წითლიძემ.
მან -ს გამოძიების რამდენიმე მუხლით დაწყების მოთხოვნით მიმართა. წითლიძის თქმით, ძალადობის გარდა, ეს იყო ორგანიზებული თავდასხმა საარჩევნო შეხვედრის ჩაშლის მიზნით. წითლიძე მოითხოვს, ცალკე სასჯელი დაეკისროს პარლამენტის წევრზე თავდამსხმელ თეონა ქარდავას.
თავის მხრივ, თეონა ქარდავა ადასტურებს, რომ წითლიძეს სცემა, თუმცა მისი მტკიცებით, ეს იყო საპასუხო რეაქცია, რადგან მანამდე დეპუტატმა მას აგინა და ფეხი მოუქნია.
ქარდავას მტკიცებითვე, დაპირისპირება ენმ-ის წევრების პროვოცირებული იყო. თეონა ქარდავა ამბობს, რომ თავად, როგორც აფხაზეთიდან დევნილი, ბარამიას ქუჩის დასახლებაში ცხოვრობს და დაპირისპირებისას მის დასახმარებლად მეზობლები, ასევე ადგილზე გახსნილი “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის წევრებიც მივიდნენ.
ქარდავას მონაყოლით, შვილთან ერთად სასურსათო მაღაზიაში მიმავალს, მისდამი ენმ-ის წევრების შეურაცხმყოფელი შეძახილები შემოესმა. ის ადასტურებს იმასაც, რომ ანა წითლიძის მიმართ თავადაც ჰქონდა წყენა, რადგან წლების განმავლობაში დეპუტატი “სუსის აგენტად” მოიხსენიებს და თავადაც მოსთხოვა ამ თემაზე განმარტებები.
“რაც ეკუთვნოდათ, ის პასუხი მიიღეს…თავიდან თვითონ გვირტყამდნენ… დავარტყი ანის თავში… აქეთ იქნევდა ჯერ წიხლებს. დედას მაგინებს და მეძახის 20- ლარიან სუსის აგენტს და ამას არავის არ ვაპატიებ. თუნდაც “ოცნების” აქტივისტი იყოს, ვინც დედაზე მაგინებს, მიიღებს იმას, რაც ხვდება… მზად ვარ პასუხისმგებლობისთვის. მე არ ვასრულებ არავის დაკვეთას. 20 და 50 ლარს იქეთ ვჩუქნი ადამიანს, როცა უჭირს”, – თქვა თეონა ქარდავამ.
ის პოლიციაში წუხელ გამოიკითხა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ზუგდიდის წარმომადგენლობის თანამშრომლის თქმითვე, გამოძიებას დეტალურად მიაწოდა 19 სექტემბერს მომხდარის შესახებ ინფორმაცია.
დევნილთა დასახლებაში მომხდარ დაპირისპირებას დღეს ბრიფინგით გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ზუგდიდის დელეგატობის კანდიდატი დავით კოდუა.
მან ანა წითლიძის ინფორმაციას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი პირების და საჯარო მოხელეების ჩართულობაზე, “სიცრუის ტირაჟირება” უწოდა.
დავით კოდუას სიტყვებით, “ქართული ოცნება” ზუგდიდში მშვიდ გარემოში აწარმოებს საარჩევნო კამპანიას, თუმცა ხელის შეშლას ცდილობს ენმ.
“ქართული ოცნება” საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ინციდენტის შესწავლისკენ მოუწოდებს: “მე ამ დასახლებაში ვიყავი დილით [19 სექტემბერს] და ვაწარმოებდი საარჩევნო კამპანიას. მივიღე ამ მოსახლეობისგან აბსოლიტური მხარდაჭერა… იქ იყო ომგამოვლილი, წინა ხელისუფლებისგან წნეხგამოვლილი ხალხი. ამან გამოიწვია ენმ-ის განაწყენება… ჩემი წასვლის შემდეგ მივიდნენ ისინი [ენმ] ამ დასახლებაში და ცდილობდნენ მოსახლეობის დაბულინგებას. ჩვენ მათ ამის უფლებას არ მივცემთ”, – განაცხადა დავით კოდუამ.
დაპირისპირება ზუგდიდში, ბარამიას ქუჩაზე, 19 სექტემბერს ორჯეე მოხდა. ენმ-ის ცნობით, ფიზიკური დაზიანება მიიღო მათმა აქტივისტმა. მას სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ახალგზარდა მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. დღის განმავლობაში პოლიციაში გამოიკითხება დეპუტატი ანა წითლიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები