“ზუმერის” ბრუნვამ ₾500 მლნ-ს გადააჭარბა

2023 წელს ციფრული ტექნიკის მაღაზიათა ქსელ “ზუმერის” ბრუნვამ ₾500 მილიონს გადააჭარბა, – ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, დავით კვარაცხელიამ ისაუბრა.
“გასული წელი ჩვენი კომპანიისთვის პიკური მაჩვენებლებით იყო გამორჩეული. გადავცდით ₾500-მილიონიან ბრუნვას და, შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტში ჩვენი შენატანი ₾100 მილიონი იყო. კომპანია განვითარებას განაგრძობს”, – განაცხადა დავით კვარაცხელიამ.
მისი თქმით, “ზუმერის” ზრდა პანდემიის შემდგომ პერიოდში დაფიქსირდა, რის შემდეგაც კომპანიამ სმარტფონების გაყიდვებით ერთ-ერთ წამყვანი პოზიცია დაიკავა.
“კომპანია, რომელიც 2009 წელს ერთი მაღაზიით შემოიფარგლებოდა, დღეს 18 ფილიალს ფლობს და არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანია სმარტფონების გაყიდვის კუთხით. “ზუმერი” ბაზრის, დაახლოებით 45%-იან წილს ფლობს, რაც ყოველწლიურად იზრდება.
ჩვენი ზრდა განსაკუთრებით პანდემიის შემდგომმა პერიოდმა გამოიწვია – პანდემიიდან დღემდე კომპანიის ზრდამ 2.5% შეადგინა”, – განაცხადა “ზუმერის” გენერალურმა დირექტორმა.
“ზუმერის” 18 ფილიალი საქართველოს 7 სხვადასხვა ქალაქში ოპერირებს და 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. “ზუმერის” პორტფელი სმარტფონებთან ერთად, ლეპტოპებს, ფოტოაპარატებს, აუდიო-ვიდეო ტექნიკასა და აქსესუარებსაც აერთიანებს.