ეტლების მწარმოებელს სახელმწიფომ ₾288 600-ად გარდაბანში მიწა მიჰყიდა – რის აშენებას გეგმავს კომპანია?

გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში შშმ პირების ეტლების მწარმოებელ კომპანია „საქართველოს ეტლების საწარმოს“ სახელმწიფომ 5772 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 288 600 ლარად მიჰყიდა.
როგორც მთავრობის 17 სექტემბრის განკარგულებაშია აღნიშნული, საპრივატიზაციო პირობად 36 თვის ვადაში, მიყიდული უძრავი ქონების ან მისი ნაწილის განვითარებისთვის არანაკლებ 200 000 ლარის ინვესტიცია განისაზღვრა.
როგორც „საქართველოს ეტლების საწარმოს“ დირექტორმა, გიორგი ძნელაძემ bm.ge-ის განუცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე ახალი საწარმოს აშენებას გეგმავენ, ინვესტიცია კი გაცილებით მეტი აქვთ ნავარაუდევი.
„ჩვენი მთელი წარმოება გადავა ახალ ტერიტორიაზე. გავფართოვდებით, სამოდელო ხაზში რამდენიმე ეტლის დამატებასაც ვაპირებთ, ამასთან ISO ტესტირების ცენტრის დანერგვასაც ვგეგმავთ, რაც ამიერკავკასიაში არ არსებობს ეტლებისა და დამხმარე საშუალებებისთვის. ასევე, გვინდა სასაწყობე ფართების აშენება, რაც საწარმოს უფრო მეტ ფინანსურ მდგრადობას მოუტანს. ჯამურად დაახლოებით 800 000-900 000 დოლარის ინვესტიციას ვვარაუდობთ“, – აღნიშნა გიორგი ძნელაძემ.
„საქართველოს ეტლების საწარმოს“ ამჟამინდელი წარმადობა წელიწადში 1200-1500 მექანიკური და დაახლოებით 300 ელექტროეტლის წარმოებაა. როგორც ძნელაძე ამბობს, ახალ საწარმოში, შესაძლოა, წარმადობა ძალიან არ გაიზარდოს, – „მაგრამ შედარებით დიდი ფართი მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მაღალტექნოლოგიური ეტლები გამოვუშვათ, როგორიცაა ალუმინის, კარბონის, მეტალის, ეს უკვე პირდაპირი გზაა ევროპისკენ. ახლაც, 24 სექტემბერს, გერმანიის ქალაქ დიუსელდორფში მივფრინავ გამოფენაზე, შემდეგ გვაქვს გეგმა, რომ სადმე ევროპაში გაიხსნას ჩვენი კომპანიის ფილიალი და იქიდან მოხდეს ახალი მაღალი ტექნოლოგიების ეტლების რეალიზაცია“, – დასძინა მან.
ამჟამად კომპანია, რომელიც 20-25 ადამიანს ასაქმებს, მათ შორის შშმ პირებს, ეტლების ექსპორტს თურქეთში ახორციელებს, საიდანაც მათი პროდუქტი კიდევ რამდენიმე ქვეყანაში გადის.
„ყაზახეთთანაც გვაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ პირველი პარტია ჯერ არ გაგვიშვია. საუბარია იმაზე, რომ აქედან ჩვენ გავგზავნით ნახევრად გამზადებულ ეტლებს და იქ საბოლოოდ ააწყობენ. შემდეგ კი, ჩვენი პროდუქციით ყაზახ მოსახლეობას მოემსახურებიან“, – განაცხადა გიორგი ძნელაძემ.
რაც შეეხება გამოწვევებს, „საქართველოს ეტლების საწარმოს“ დირექტორი ამბობს, რომ საქართველოში სათანადო ყურადღება არ ექცევა ადგილობრივ წარმოებას. „დაბრკოლებაა ის, რომ ქვეყანაში ნედლეული მწირია, რის გამოც უცხოეთში გვიწევს საწარმოო მასალის ყიდვა, მაგალითად, თურქეთში, რაც ფასების არასტაბილურობას იწვევს. მოგეხსენებათ, თურქეთში რა ვითარებაა და ლირა როგორ მერყეობს. ამიტომ მომწოდებლებიც ფასებს ათამაშებენ“, – აღნიშნა მან და დასძინა, რომ უცხოეთში მარკეტინგული კამპანიისთვის საჭირო ფინანსებზე უფრო მეტი წვდომა კარგი იქნებოდა, – „კარგი იქნებოდა, რომ მეტ ფინანსურ რესურსზე გვქონოდა წვდომა, რომ უცხოეთში მარკეტინგული კამპანია გვქონოდა, რათა ჩვენი პროდუქციის ცნობადობა გაგვეზარდა. სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ აქვს ზოგჯერ პროგრამები, რომლითაც ბენეფიციარებს შეუძლიათ გამოფენებში მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ეგ ჯგუფურად ხდება. ჩვენ კი, გამომდინარე იქიდან, რომ სპეციფიკური ბიზნესი გვაქვს და ამიერკავკასიაში ეტლების ერთადერთი მწარმოებელი ვართ, ეგეთი დახმარებებით ვერ ვსარგებლობთ“.
„ქართული ეტლების საწარმო“ 2009 წელს 30 ათასი დოლარის ინვესტიციით დაარსდა. მისი დამფუძნებელი არასამთავრობო ორგანიზაცია შშმ პირთა მობილობის ცენტრია. რაც შეეხება ეტლების ფასებს, ის 760 ლარიდან 6500 ლარამდე მერყეობს და დამოკიდებულია იმაზე, მექანიკურია თუ ელექტრო.