“მწერალთა სახლმა” ლიტერატურული პრემიის შესახებ პოსტზე კომენტარები შეზღუდა

“მწერალთა სახლმა” ლიტერალურული პრემია “მუზას” მოსაპოვებლად კონკურსი გამოაცხადა. ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულ პოსტზე დაკომენტარების ფუნქცია გათიშულია. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, რატომ ზღუდავს “მწერალთა სახლი” პრემიის შესახებ კომენტარების დატოვების შესაძლებლობას.
“თქვენ ვერ ხვდებით, რატომ გადავწყვიტეთ [დაკომენტარების ფუნქციის შეზღუდვა]? იმიტომ, რომ ათასი არაკეთილისმსურველი წერს არაკორექტულ რაღაცებს. უცნაური არის ამაში რამე? თუ ის უფრო უცნაურია, რომ დასცინიან იმ ადამიანებს, ვისაც უნდა, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ კონკურსში უკვე ძალიან პრესტიჟული პრემიის მოსაპოვებლად?! ადამიანებმა უნდა ისწავლონ – როცა რამე არ მოგწონს, შეიძლება ეს გამოხატო კორექტულად და არა ისე, როგორც ზოგიერთი აკეთებს. ამიტომ შევზღუდეთ და ვისაც უხარია, ის ისედაც შემოიტანს [განაცხადს]”, – ასე გვიპასუხა “მწერალთა სახლის” დირექტორმა, “ქართული ოცნების” ყოფილმა დეპუტატმა, ქეთევან დუმბაძემ.
მისი თქმით, პოსტის გამოქვეყნებისთანავე დაიწერა “არასასიამოვნო კომენტარები”, რის გამოც ამ ფუნქციის გათიშა გადაწყვიტეს, უკვე არსებული კომენტარები კი წაშალეს.
“პირდაპირ, გულახდილად გეუბნებით – ეს არის იმის გამო, რომ კორექტულად კრიტიკა კი არ არის, არის ირონია და დაცინვა. არაფერი არ სჭირს არც “მუზას”, არც “მუზას” ლაურეატებს და არც “მუზაში” მონაწილე მწერლებს დასაცინი იმ ადამიანებისგან, ვინც ამ კომენტარებს წერს. ვნახეთ, ვიღაცებმა გადააიზიარეს და დაიწყეს უკვე ღიმილები და სიცილები ამ თემაზე. ყოველთვის ასეა – რასაც შენ აკეთებ, ის გენიალურია და როდესაც სხვა აკეთებს, არ მოსწონთ ვიღაცებს. ხომ უნდა ვაცალოთ ერთმანეთს?! თქვენ თქვენს საქმეს აკეთებთ, ჟურნალისტურს, ჩვენ ჩვენ საქმეს ვაკეთებთ – პრემიებს ვაწესებთ. ვცდილობთ, რომ პოპულარიზაცია გავუწიოთ ქართულ ლიტერატურას. ვიღაცისთვის ეს სასაცილოა, ვიღაცისთვს სალანძღავია და ა.შ. ზოგს სამშობლო ასე უყვარს, ზოგს სხვანაირად”, – ამბობს დუმბაძე.
“მწერალთა სახლის” დირექტორს ვკითხეთ, რატომ წაშალეს და ზღუდავენ ირონიის გამომხატველ კომენტარებს, როცა ის გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდება.
“თქვენ გინდათ მითხრათ, რომ მე ვინმეს რამე ვუზღუდავ? [იცინის] ელემენტარულ რაღაცებზე რომ არიან ჩასაფრებული ადამიანები, “მუზა” კი არა, ნებისმიერ რამეზე, რაც არ უნდა დაწერო, რომ შეუძლიათ … სულ ერთი და იგივე ადამიანები თან. საქმედ გაიხადეთ, გესმით?!”, – გვიპასუხა დუმბაძემ.
ქეთევან დუმბაძე ამბობს, რომ მოგვიანებით, შესაძლოა, ისევ ჩართონ ეს ფუნქცია “რომ ამ ადამიანების სახე გამოჩნდეს”. იქამდე კი, ადამიანებს, ვისაც პრემია “მუზას” შესახებ აზრის გამოთქმა სურთ, ქეთევან დუმბაძე მოუწოდებს “თავიანთ გვერდზე იმხიარულონ”.
ლიტერატურული პრემია “მუზა” მას შემდეგ დაარსდა, რაც 2021 წელს ჩაიშალა პრემია “ლიტერა”. ჩაშლის მიზეზი ავტორების მიერ საკუთარი ნამუშევრების კონკურსიდან მოხსნა გახდა. ამით, მწერლებმა გააპროტესტეს “ლიტერას” ჟიურიში კულტურის სამინისტროს წარმომადგენლის, იოსებ ჭუმბურიძის დანიშვნა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ ამით კონკურსი დამოუკიდებლობას დაკარგავდა და სამინისტრო ჭუმბურიძის საშუალებით მათზე კონტროლს დააწესებდა. მწერლების გარდა კონკურსი პროტესტის ნიშად დატოვეს ჟიურის წევრებმაც – ყველამ გარდა თავად იოსებ ჭუმბურიძისა.
“ლიტერას” ალტერნატივად კულტურის სამინისტრომ “მუზა” შექმნა. უწყებამ ახლადშექმნილი პრემიისთვის უფრო მეტი ბიუჯეტი გამოყო, ვიდრე “ლიტერას” ჰქონდა, გაზარდა მისი მასშტაბები და ნომინაციებს რაოდენობაც.
ამის პარალელურად, მწერლებმა, რომლებიც კულტურის სამინისტროს მხრიდან ცენზურისა და კონტროლის მცდელობაზე საუბრობდნენ, დამოუკიდებლად გადაწყვიტეს “ლიტერას” გაგრძელება. 2022 წელს მათ ჩაატარეს “თავისუფალი ლიტერა”.2024 წელს კი “ლიტერა” ძველი ფორმატით საქართველოს პენცენტრმა აღადგინა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ხაზარაძე- გახარიაზე – ეს არ არის ამ ორი სუბიექტის კეთილი ნება, ეს არის გარკვეული გარე დავალების რეალიზაციის პროცესი – კოალიციას შექმნიან, ეს სცენარი წინასწარ დაწერილია და მის რეალიზაციას წინ არაფერი დაუდგება