ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ ქართული ბანკების მიერ სანქცირებული პირების ლარის ანგარიშების ან ტრანზაქციების მომსახურება სანქციების დარღვევად არ ჩაითვლება.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსში“ აშშ-ის მიერ დაწესებულ ფინანსურ სანქციებზე საუბრისას აღნიშნა, სანქციების დარღვევას დოლართან დაკავშირებული ანგარიშები გამოიწვევს. მისი განმარტებით, ბანკებს სრული უფლება აქვთ ნებისმიერ პირს დაუხურონ ანგარიში და მათი გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ სანქცირებული პირების თუნდაც ლარში მომსახურება.
„ჩემი აზრით და ცოდნით, საქართველოს ნებისმიერ კომერციულ ბანკს აქვს აბსოლუტური უფლება, რომ ნებისმიერ კლიენტს, მიზეზის ახსნის გარეშე, მოსთხოვოს, რომ ანგარიში დახუროს და გაიტანოს თანხა. ეს ბანკის უფლებაა. რა თქმა უნდა, საქართველოს ნებისმიერ ბანკს, რომელიც საერთაშორისო გადარიცხვებში მონაწილეობს და აქვს დოლარის ანგარიშები, არ აწყობს, რომ მის ბანკში დოლარის ანგარიში დასანქცირებულ პირს ჰქონდეს. ბანკში დასანქცირებული პირისთვის ლარის ანგარიშის ქონა არ გამოიწვევს საერთაშორისო სანქციების დარღვევას, ვინაიდან საუბარია ამერიკის სანქციებზე, ეს ეხება ამერიკის ვალუტას – დოლარს.
თუ კომერციული ბანკები შეასრულებენ დოლარში გადარიცხვებს და დოლარში ექნებათ ანგარიში სანქცირებული პირის, ეს ძალიან დიდი ალბათობით მათ პოტენციური დასანქცირებას გამოიწვევს. ამას ჩვენი ბანკები არ გააკეთებენ. ჩვენთან საბანკო სექტორი ერთ-ერთი საუკეთესო სექტორია და ძალიან კარგად იციან, როგორ უნდა იმუშაონ. თუ ლარის ანგარიში აქვს სანქცირებულ პირს, ეს არის საკამათო, ბანკის გადასაწყვეტია, რამდენად უღირთ საერთაშორისო რეპუტაცია და ის, რომ ასეთი ადამიანის ლარის ანგარიში ჰქონდეთ თავის ბანკში“,- თქვა გიორგი ქობულიამ.
16 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და ხაზინამ საქართველოს ხელისუფლებისა და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ სავიზო და ფინანსური სანქციების პაკეტი წარადგინა. აშშ-ის ხაზინამ 4 ადამიანი – შსს-ის სპეციალური დავალებების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი (ხარება) და მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, ასევე პრორუსული პარტია ალტ-ინფოს ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე დაასანქცირა. მათ ფინანსური სანქციები გლობალური მაგნიტსკის სიის ფარგლებში დაუწესდათ. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფართოვა სავიზო სანქციებიც და ის დაუწესა 60 პირსა და მათ ოჯახის წევრებს, ვინც ქვეყანაში დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობაში, დეზინფორმაციის გავრცელებასა და კორუფციაში არიან ჩართული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საბანკო ასოციაციაში bm.ge-სთან აღნიშნეს, რომ კომერციული ბანკები წარსულშიც იცავდნენ და მომავალშიც დაიცავენ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებს.
საგულისხმოა, რომ გასულ წელს, აშშ-ის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას ბრძანებით სანქციების აღსრულების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო სანქციები საქართველოს მოქალაქეს იმ შემთხვევაში შეეხება, თუ საქართველოს სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.
საკითხზე ეროვნულმა ბანკმა 18 სექტემბერს გაავრცელა განცხადება, რომელიც საგამონაკლისო წესის ტექსტს იმეორებს. სებ-ის თანახმად, საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი ვრცელდება იმ შემთხვევაში თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი.
წყარო: BMG