19 სექტემბერს, რუსეთმა სამიზნეში უკრაინის ქალაქ სუმის გერიატრიული ცენტრი და ენერგოინფრასტრუქტურის ობიექტები ამოიღო. დაბომბვის შედეგად, სულ ცოტა, ერთი ადამიანი დაიღუპა.
დღისით მომხდარი თავდასხმის დროს, დამიზნებული რაკეტა ხუთსართულიან შენობას მოხვდა. ადგილობრივი ოფიციალური წყაროებით, სუმის გერიატრიულ ცენტრში ამ დროს 211 ხანდაზმული ადამიანი იმყოფებოდა.
მომხდარს ერთი ადამიანი შეეწირა და 12 დაიჭრა, – განაცხადა უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ “ტელეგრამზე”. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, თუ როგორ ხდება მოხუცებულთა ევაკუაცია.
უკრაინის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ავიაციამ ბოლო დღე-ღამეში რუსეთის მხრიდან გაშვებული 42 დრონი და ოთხიდან ერთი რაკეტა ჩამოაგდო. მაგრამ, ენერგოინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშების გამო, უკრაინის 10 რეგიონს დენი შეზღუდულად მიეწოდება.
გაეროს დამკვირვებლების თქმით, ენერგოობიექტზე მიტანილი იერიში სავარაუდოდ, ჰუმანიტარული კანონის დარღვევას წარმოადგენს. განცხადება ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გააკეთა. გაეროს ახალი ანგარიშის მიხედვით, უკრაინა ზამთრის წინ მწირი ენერგორესურსებით, სერიოზული პრობლემების წინაშე იმყოფება და სავარაუდოდ მოთხოვნის მხოლოდ მესამედის დაკმაყოფილებას შეძლებს.