ლევან ცუცქირიძე – გვერდიდან მოწოდებები, მიდი გაერთიანდით ერთია, მეორეა ის, რომ თუ შედეგი არ მოიტანა, პასუხისმგებელი ჩვენ ვართ, კომენტატორები კი არ აიღებენ – თეორიულად თუ გავერთიანდით და არაფერი მოხდა, ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას?

არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ასეთი გაერთიანება დიდი გარღვევის მომტანია ქართულ პოლიტიკაში, თუმცა, არ არსებობს კვლევები, ან მონაცემები, რაც ამ კონკრეტულ საკითხს შეისწავლიდა და დამაჯერებლად გვეტყოდა, რომ ეს ნამდვილად ასეა,- ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ პარტია “გახარია საქართველოსთვის” და კოალიცია “ძლიერი საქართველოს” შესაძლო გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ კარგად ჟღერს გაერთიანება, დგას საკითხი რამდენად არის ეს გაერთიანება სასარგებლო იმისთვის, რომ გარღვევა მოხდეს ოპოზიციურ ბრძოლის ველზე.
„როდესაც ეს კოალიცია შეიქმნა, ვთქვით, რომ ეს კოალიცია უნდა ყოფილიყო ინკლუზიური, მრავალპარტიული, მაგრამ ასევე უნდა ყოფილიყო კოალიცია, რომელიც იქნებოდა პოლიტიკური სპექტრის შუაში, არ იქნებოდნენ წარმოდგენილები არც წინა ხელისუფლებასთან და არც ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები. თუ ჩვენ ამას ვცვლით, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. ეს არის ის ასეთი გაერთიანება, რომელიც საქართველოს სწორი მიმართულებით წაიყვანს.
მეორე საკითხი პრაქტიკულია. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ჟღერს გაერთიანება, რამდენადაა ეს გაერთიანება პრაქტიკულად სასარგებლო იმისთვის, რომ მოვახდინოთ გარღვევა ოპოზიციურ ბრძოლის ველზე. გადამწყვეტ წინსვლას მივაღწიოთ ამ ბრძოლაში. მე არ ვამბობ, რომ ან ერთი, ან მეორე სრულიად გამორიცხულია, სერიოზული კითხვები მაქვს. მიმდინარეობს დისკუსია შიგნით“,- აღნიშნა ცუცქირიძემ.
კითხვაზე, არიან თუ არა თანახმა, რომ “გახარია საქართველოსთვის” მათ კოალიციას შეუერთდეს, ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ სამუშაო ვარიანტებზე მიმდინარეობს მსჯელობა და კოალიცია თუ გააგრძელებს გაფართოებას, ეს არ იქნება გაფართოების დასასრული.
„მაგიდაზე სამუშაო ვარიანტები დევს, ამ სამუშაო ვარიანტებზე ვმსჯელობთ პრინციპებიდან გამომდინარე. მე მგონია, რომ ეს კოალიცია თუ გააგრძელებს გაფართოებას, ეს არ იქნება გაფართოების დასასრული. ვფიქრობ, კიდევ შემოგვიერთდება ბევრი საინტერესო ადამიანი, ბევრი საინტერესო პოლიტიკური ჯგუფიც“,- აღნიშნა ცუცქირიძემ.
მისივე თქმით, „თავისუფლების მოედნისთვის“ მნიშვნელოვანია გაერთიანების შემთხვევაში ისეთი მექანიზმების შეთანხმება, რომელიც უზრუნველყოფს დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, დამოუკიდებელ გამოძიებას და პარლამენტს.
„თავისუფლების მოედნისთვის“ მანდატების საკითხი ან ჩრდილოვანი კაბინეტის საკითხი არ ყოფილა ყველაზე მთავარი. ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია საკითხები როგორც წარსულ, ისე მომავალ გეგმებზე. წარსული ეხება ადამიანის უფლებათა საკითხებს, დემონსტრაციებს, დემონსტრაციების დარბევის საკითხებს. მნიშვნელოვანია მომავლის საკითხები, როგორ ვხედავთ თეორიულ ერთობაში დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, როგორ ვხედავთ დამოუკიდებელ გამოძიებას, პარლამენტს…ამიტომ, აუცილებელია გაერთიანების შემთხვევაში ისეთი მექანიზმების შეთანხმების შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს ამის გაკეთებას“, – აღნიშნა ცუცქირიძემ.
ამასთან, განმარტა, რომ კარები არაფრის მიმართ არ არის ჩარაზული, შეკითხვები კი არის როგორც ღირებულებით, ისე პრაგმატულ ნაწილში.
„გვერდიდან მოწოდებები, მიდი გაერთიანდით ერთია, მეორეა ის, რომ თუ შედეგი არ მოიტანა, პასუხისმგებელი ჩვენ ვართ, კომენტატორები კი არ აიღებენ. თეორიულად თუ გავერთიანდით და არაფერი მოხდა, ამაზე ვინ იღებს პასუხისმგებლობას? – ისინი, ვინც სამგვერდიან პოსტებს წერენ, რომ გაერთიანება კარგია? დრო სჭირდება ამ ყველაფერს. ჩვენ არ ვრაზავთ კარებს არაფრის მიმართ, მაგრამ შეკითხვები გვაქვს, როგორც ღირებულებით ისე პრაგმატულ ნაწილში. ამას დრო სჭირდება. ყველა ამბობს წინასაარჩევნოდ, რომ ის არის ყველაზე მაგარი პოლიტიკური პარტია. თუ ყველა ასეთი მაგარია, გაერთიანების საჭიროება რატომ არის? ბუნებრივია, ყველა ისეთი მაგარი არ არის და გაერთიანების აუცილებლობა არსებობს“,- აღნიშნა ცუცქირიძემ „ფორმულას“ ეთერში.