კახა კალაძე – არაერთხელ გვინახავს აქციებზე ლიდერების მოწოდებები ძალადობრივ ქმედებებზე, შემდეგ თვითონ გაიპარებოდნენ – მინდა ახალგაზრდებს მივმართო, არ დაუჯერონ ამ რადიკალ, ბინძურ პოლიტიკოსებს

მინდა ახალგაზრდებს მივმართო, არავითარ შემთხვევაში არ დაუჯერონ ამ რადიკალ, ბინძურ პოლიტიკოსებს იმიტომ, რომ ისინი თავიანთი მიზნების მისაღწევად ყველას და ყველაფერს გამოიყენებენ უფრო მძიმედ და უფრო ბრუტალურადაც, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული ფრიდონ ბუბუტეიშვილის განცხადებას, რომელმაც სასამართლო სხდომაზე აღნიშნა, რომ გიორგი ვაშაძის დაკვეთით მოქმედებდა. კალაძის თქმით, პოლიტიკური პარტიის ლიდერებისგან არაერთხელ ყოფილა ძალადობისკენ მოწოდებები, თუმცა თავად ისინი აქციიდან “იპარებიან”.
„ჩვენ არაერთხელ გვინახავს ლიდერების მოწოდებები ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით, შემდეგ თვითონ გაიპარებოდნენ ხოლმე აქციიდან და ახალგაზრდებს შეატოვებდნენ პირისპირ სამართალდამცავებს. რაც შეეხება ზოგადად აქციებს, დღეს ქვეყანაში ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გამოხატოს თავისი მოსაზრებები, თუნდაც აქციების სახით და ამის წინააღმდეგი არავინ არის, ყველას აქვს ამის უფლება, მაგრამ როდესაც ზღვარს გადადიხარ და კანონის ჩარჩოს სცილდები, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება. მინდა ახალგაზრდებს მივმართო, არავითარ შემთხვევაში არ დაუჯერონ ამ რადიკალ, ბინძურ პოლიტიკოსებს იმიტომ, რომ ისინი თავიანთი მიზნების მისაღწევად ყველას და ყველაფერს გამოიყენებენ უფრო მძიმედ და უფრო ბრუტალურადაც. შესაბამისად, არ უნდა ავყვეთ მათ მოწოდებებს და ბინძურ კამპანიას”,-განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, ფრიდონ ბუბუტეიშვილმა, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დააკავეს, 17 სექტემბერს გამართულ სხდომაზე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ „დაკვეთით მოქმედებდა”.
„ეს ყველაფერი გავაკეთე გიორგი ვაშაძის დაკვეთით. მან მითხრა, ისროლე და თუ რამეა, მე აქ ვარ და გაგიყვანო. ფაქტი სახეზეა, არც გავყავარ და…“, – ციტირებს ბუბუტეიშვილს “პუბლიკა“.

ასევე დაგაინტერესებთ