გუშინ, ღამით, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში სასტიკად მოკლეს ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე. მკვლელობაში ბრალდებული ბექა ჯაიანი უკვე დაკავებულია. კესარიას მეგობარი ვანიკო კარელიძე გამოცემა “ამბებთან” ამბობს:
ჩვენ ძალიან ახლო მეგობრები ვიყავით, ყოველდღე ვსაუბრობდით, დღეში ოთხჯერ-ხუთჯერაც კი. იმ დილასაც რაღაც გამომიგზავნა, მომხდარს არ შეეხებოდა. შემდეგ მთელი დღე აღარ შემხმიანებია. საღამოს ფოტო გამოაქვეყნა შეყვარებულთან ერთად, ვიცოდი, რომ დაშორებული იყო მასთან, მაგრამ არ დავურეკე, ვიფიქრე, რომ მარტო არ იქნებოდა. ვიფიქრე, რომ შერიგდნენ და მან დაადებინა. ორი წელი ერთად იყვნენ. ორი კვირის წინ ჩვენ სამნი ერთად ვიყავით აუზზე, ვიდრე დაშორდებოდნენ. ტოქსიკური ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ არასოდეს უთქვამს კესოს, რომ სცემდა. თუმცა ერთხელ შევნიშნე, რომ ყელთან ჩალურჯება ჰქონდა, მითხრა, რომ ძლიერად მიჩქმიტაო. როგორც მივხდი, ერიდებოდა ჩემთან ამაზე ლაპარაკს, ვეტყოდი, შეეშვი, დაანებე თავი – მეთქი. მათი ურთიერთობის მომხრე არ ვიყავი, სულ დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ. სადმე რომ ვიყავით, არ ასვენებდა, სულ ურეკავდა. ვეუბნებოდი ხოლმე, გათიშე საერთოდ ტელეფონი-მეთქი. თითქმის ყველაზე და ყველაფერზე ეჭვიანობდა. ბოლო ორი წელი ერთად ცხოვრობდნენ. ბექას კომპლექსები ჰქონდა, სულ ცდილობდა ისეთ ადგილებში წავსულიყავით, სადაც ბევრი ხალხი არ იქნებოდა. ბოლოს რომ იჩხუბეს, კესომ უთხრა, ვიდრე არ გაოფიციალურდება ჩვენი ურთიერთობა, უნდა დავშორდეთო. მეგობრისგან გავიგე, დაურეკავს და უთქვამს, დადე თუ გინდა ფოტო, მოვდივარ, ხელი უნდა გთხოვოო. არ უყვარდათ არცერთს დალევა. ხშირად დავდიოდით ერთად, ხშირად იყო ბექაც ჩვენთან ერთად და რომ ვთქვა, სასმელის ზემოქმედების ქვეშ იქნებოდა, გამოვრიცხავ. ბოლოს არ ვიცი სად მუშაობდა, მაგრამ, ჩემი ინფორმაციით, პირად დაცვაში იყო. ჩვეულებრივ ვკონტაქტობდით ხოლმე, ჩემთვის შეურაცხყოფა არასოდეს მოუყენებია, მაგრამ ესენი ვერ რიგდებოდნენ… ახლა მივდივართ პროზექტურაში, რომ მივიტანოთ ტანსაცმელი, რითიც უნდა გადმოასვენონ. გუშინ მომხდარის შემდეგ ერთად ვიყავით მე და კესოს დედა, შოკირებულია, მომხდარს ჯერ ვერ აანალიზებს…
სამეთვალყურეო ჩანაწერებით ირკვევა, რომ კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირი – ბექა ჯაიანი, 18:53 საათზე, მიდის ავთანდილის 8 ნომერში, გადმოდის ტაქსიდან და შედის სუპერმარკეტში. 18:55 საათზე ის უკვე სადარბაზოშია და ლიფტს ელოდება. ხელში უჭირავს პროდუქტიც, რომელიც, სავარაუდოდ, მან მარკეტში შეიძინა.
ამავე ჩანაწერების მიხედვით, 19:09 საათზე ის კიბეებზე ჩარბის და სირბილითვე ტოვებს ტერიტორიას.