მარიამ ქვრივიშვილი – EasyJet საქართველოში შემოსვლა ჩვენი ქვეყნის დიდი აღიარება და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი განაცხადია ევროპის ტურისტულ ბაზარზე

ჩვენთვის დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა – საბოლოოდ წარმატებით დასრულდა მოლაპარაკება ბრიტანულ ავიაკომპანია easyJet-თან, რომელიც საქართველოში ოპერირებას იწყებს. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი აღიარება და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა – ეს ნიშნავს, რომ საქართველოში შემოდის კიდევ ერთი ახალი, ძალიან ძლიერი საერთაშორისო ბრენდული ავიაკომპანია, რომელიც გაამყარებს ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, გააძლიერებს ქვეყნის ტურისტულ პროდუქტს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet 2025 წლის აპრილიდან პირდაპირ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულებს. მოლაპარაკების და ავიაკომპანიის საქართველოში ოპერირების დეტალებზე დღეს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ პრესკონფერენციაზე ისაუბრა, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურ დირექტორ ირაკლი ქარქაშაძესთან და ავიაკომპანიის წარმომადგენლებთან ერთად გამართა.
მარიამ ქვრივიშვილმა მადლობა გადაუხადა მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ ყველა მხარეს, მისი წარმატებით დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ ქართული მხარე მაქსიმალურად შეუწყობს ხელს კომპანიის საქართველოს ბაზარზე ოპერირების პროცესს.
„ჩვენი ინდუსტრიისთვის EasyJet- ის შემოსვლა არის სრულიად ახალი განაცხადი. მისი საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლით, მოვახდენთ ეკონომიკის ორი ძირითადი მიმართულების – ტურიზმის და ავიაციის განვითარებას. ვგეგმავთ, რომ ძალიან აქტიური მარკეტინგული კამპანიები ვაწარმოოთ სამივე ქვეყანაში იმისთვის, რომ პარტნიორ ავიაკომპანიასთან ერთად შევძლოთ და უფრო მეტი ტურისტი შემოვიყვანოთ საქართველოში. ავიაცია საკმაოდ რთული და კომპლექსური სექტორია და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ერთი და ორი დღის მუშაობის შედეგი, საკმაო ხანია, ჩვენი გუნდი პარტნიორებთან ერთად აღნიშნულ თემაზე მუშაობს და მოხარულები ვართ, რომ მოლაპარაკებები ლოგიკურად, წარმატებით დავასრულეთ“, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, ბრიტანული მულტინაციონალური ლოუქოსთი easyJet მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, მე-11 ავიაკომპანიაა. 2023 წლის მონაცემებით, ავიაკომპანიამ 83 მლნ მგზავრი გადაიყვანა, წლიური შემოსავალი კი 10.8 მლრდ დოლარის ექვივალენტი იყო. კომპანია 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.
დღეს პრეს-კონფერენციაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბრიტანული ავიაკომპანიის საქართველოს ბაზარზე შემოსვლა მთავრობის ეკონომიკური გუნდის სწორი, მათ შორის საავიაციო პოლიტიკის კიდევ ერთი დადასტურებაა.
„ასეთი ძლიერი ბრენდის შემოსვლა ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას ძალიან გააძლიერებს. დარწმუნებულები ვართ, რომ 2025 წლის მარტიდან ჩვენ უკვე ვნახავთ გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს აღნიშნული ქვეყნებიდან“, – განაცხადა ქვრივიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება