„ქართულ ბიზნესში კვალიფიციური კადრების პრობლემაა“ – ლევან ვეფხვაძე

„როგორ შევინარჩუნოთ ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპები“- ამ სახელწოდების კონფერენციას თბილისმა უმასპინძლა. ღონისძიება საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა. რაზე იმსჯელეს კონფერენციის ფარგლებში და რა შედეგები მოჰყვება შეხვედრას? საკითხზე „კომერსანტის დილის“ ეთერში ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ ისაუბრა. მისი თქმით, მსგავსი შეხვედრები საჭიროა, რათა ბიზნესმა მთავრობას სიახლეები და პოზიციები გააცნოს.
,,ჩვენ ვგეგმავთ, რომ წელიწადში 2 ჯერ მაინც გაიმართოს მსგავსი კონფერენცია და შეხვედრა, რათა სიახლეები და პოზიციები, რომელიც ბიზნესშია მივაწოდოთ მთავრობის წევრებს. კონფერენციაზე ასოციაციის პრეზიდენტმა წარადგინა BAG-ის ინდექსი, სადაც ძალიან კარგად ჩანდა ბოლო პერიოდების მონაცემები. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა მოგვესმინა ინფორმაცია მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე. ამის შემდეგ იყო სექტორული ანალიზი, რომელიც წარმოადგინა გალტ&თაგარტმა, რომელიც მოიცავდა უძრავი ქონების, ტურიზმის, საცალო გაყიდვების სექტორის და განათლების სექტორებს“, – განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდის საქმეში განათლება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია, თუმცა დღეს ქვეყანაში კვალიფიციური კადრების სიმცირეა. კონფერენციის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი საკითხი სწორედ კვალიფიციური კადრების დეფიციტი და ამ პრობლემის მოგვარება იყო.
,,ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო 2 წელია გვაქვს ძალიან მაღალი ინტენსივობა საინვესტიციო აქტივობა. მაგრამ, მეორეს მხრივ, ბოლო 2 წელში ძალიან მაღლა წამოვიდა კვალიფიციური კადრების პრობლემა. როდესაც ინვესტიციას აკეთებ ხდება გაფართოება, ახალი ტექნოლოგიების შემოტანა, კონკრეტული წარმოებებისა და კონკრეტული საწარმოების. იქ უკვე არის სრულიად ახალი კვალიფიკაციები, რომელიც სჭირდება საწარმოს. ახალი კვალიფიკაციების ნაწილში, სერიოზული სიცარიელეა ჩვენთან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მნიშვნელოვანი ყურადღება მივაქციეთ ამ საკითხს. განსაკუთრებული ჩართულობა იყო განათლების სამინისტროსა და მინისტრის მხრიდან. როგორც სამინისტრო, ასევე ბიზნესი ფიქრობს, რომ თუ კი წლების განმავლობაში თანხები იხარჯებოდა ისეთი ტიპის კვალიფიკაციებში, რომელიც პრინციპში უკვე მოძველებულია, ეს მიდგომები უნდა შეიცვალოს ბიზნესის აქტიური მონაწილეობით.”- განაცხადა ,,კომერსანტის დილის” ეთერში ლევან ვეფხვაძემ.
ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა საკითხის მოგვარების პროცესში პროფესიული და უმაღლესი განათლების როლზე გაამახვილა ყურადღება. ლევან ვეფხვაძის განცხადებით, გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ გვჭირდება მაღალი დონის კვალიფიკაციები და ამას უმაღლესი განათლება უზრუნველყობს. პრობლემის მოკლევადაში მოგვარებას კი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებით შევძლებთ.
,,ამ პრობლემის მოკლევადიანი მკურნალობა არის პროფესიული განათლება. ეს არის 6-8 თვიანი პროგრამები, რომლითაც შეიძლება მოხდეს კადრების გადამზადება და მომზადება. მაგრამ ამას ცხადია სჭირდება დრო, შესაბამისი პროგრამების შედგენა. ამას სჭირდება საერთაშორისო პარტნიორების მოძებნა, რომლებსაც უკვე აქვთ მსგავსი გამოცდილება. უნდა მოვახდინოთ ამ პროგრამების სწორი გადმოტანა ჩვენს რეალობაში.”- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.
გადაცემაში ასევე ისაუბრეს წინასაარჩევნო პერიოდში ბიზნეს სექტროში არსებულ განწყობებსა და მოლოდინებზე. ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ მე-2 კვარტალში სექტორში მაღალი გაურკვევლობა დაფიქსირდა. მისივე განცხადებით, საპროტესტო აქციების პერიოდში ბიზნესში ოპტიმიზმის მაჩვენებლემა დაიწია.
,,მეორე კვარტალში, აქციების პერიოდში საინვესტიციო აქტივობა იყო შემცირებული. ისევე როგორც დასაქმების პარამეტრი იყო დაბლა დაწეული. გაჩნდა კითხვა – ეს ხომ არ იქნებოდა დამახასიათებელი ტრენდი მთელი წლისთვის, რადგან მოდიოდა. თუმცა მე-3 კვარტალში ძალიან მაღალი იყო ვიზიტორების რაოდენობა, ძალიან დიდი იყო ლოჯისტიკური ტრანზიტების რაოდენობა. ამ და ბევრი ფაქტორის გამო კომპანიების გაყიდვები იყო ძალიან მაღალი. განსაკუთრებით ვაჭრობა და სერვისი იყო ის ორი წამყვანი მიმართულება, რომელმაც მნიშვნელოვანი ფინანსური ნაკადების გენერირება მოახდინა. ჩვენ ვხედავთ, რომ მე-3 კვარტალში ძალიან აიწია კომპანიებში ოპტიმიზმმა მომავლის მიმართ. ბიზნესებში განწყობები გამოსწორდა. დარწმუნებული ვარ, რომ იგივე განწყობები იქნება ნოემბერ-დეკემბერში. მთავარია, როგორმე მოხდეს პოლიტიკური პროცესებისგან ბიზნეს აქტივობების განცალკევება. ბიზნესმა უნდა აკეთოს თავისი საქმე და შექმნას დოვლათი, სამუშაო ადგილები.”- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.