პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე შსს-ს მაღალჩინოსნის ზვიად ხარაზაშვილის დასანქცირებას ეხმაურება და ფაქტს “სახელმწიფოს შეურაცხყოფას” უწოდებს.
გარდა ამისა, კობახიძე ამბობს, რომ თუ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაწესებულ სანქციებს კიდევ ერთი ნაბიჯი დაემატება, საქართველოს ხელისუფლებას “გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით პრინციპული მსჯელობა მოუწევს”.
“ასეთი ნაბიჯები, გადაწყვეტილებები, ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას. 4 წლის განმავლობაში ამ ურთიერთობებში იყო სერიოზული სირთულეები. ძირითადად წინა ელჩის საქმიანობა განაპირობებდა ამ სირთულეებს. ასეთ პირობებში, ამ ფონზე ურთიერთობების გადატვირთვა ძალიან მნიშვნელოვანია. ამას ესაჭიროება ჯანსაღი და სამართლიანი მიდგომა, თუმცა ასეთი სანქციები, გადაწყვეტილებები ხელს არ უწყობს ურთიერთობების გადატვირთვას, მით უმეტეს, როდესაც სანქციები უწესდებათ მაღალი რანგის პოლიციელებს, ადამიანებს, რომლებიც აგვისტოს ომში იბრძოდნენ. ეს არის ჩვენი სახელმწიფოს უკიდურესი შეურაცხყოფა. ეს ჩვენთვის პრინციპულად მიუღებელია. შეშფოთება გამოვხატე ამერიკის ელჩის მიმართ და მკაფიოდ დავაფიქსირე ერთი რამ – თუ ამას დაემატება კიდევ ერთი ნაბიჯი, მოგვიწევს პრინციპულად მსჯელობა გარკვეული პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით.
პრინციპულად მიუღებელია არა პარტნიორული დამოკიდებულება ისეთი სახელმწიფოს მხრიდან, რომელსაც ეწოდება არა მხოლოდ პარტნიორი, არამედ სტრატეგიული პარტნიორი. ამიტომ ყველას მოვუწოდებ, იმოქმედონ რაციონალურად, სამართლიანად. ეს წაადგება ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებს. რაც შეეხება სანქციებს, მიმართულია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების დანგრევისკენ. ვის შეიძლება აწყობდეს ეს, თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ”, – თქვა კობახიძემ.
***
16 სექტემბერს აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა შსს-ს მაღალჩინოსანი ზვიად ხარაზიშვილი, მისი მოადგილე მილერი ლაგაზაური, პრორუსული და ძალადობრივი ალტ-ინფოს ორი წევრი – ზურა მახარაძე და კონსტანტინე მორგოშია დაასანქცირა.
აშშ-მა მათ სანქციები დაუწესა საქართველოში ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისთვის.