გერმანია გმობს “ოცნების” მიერ მიღებულ “დისკრიმინაციულ კანონს”

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტვიტერზე ეხმაურება “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ ჰომოფობიურ კანონს და აცხადებს, რომ ის არღვევს ადამიანის უფლებებს და ქვეყანას აშორებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზას.
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, რომ შეცვალოს კურსი.
17 სექტემბერს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა „ქართული ოცნების“ მიერ ინიციირებული ჰომოფობიური საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ცენზურას აწესებს და ლგბტ ადამიანებს უფლებებს უზღუდავს სხვადასხვა მიმართულებით.
30-ზე მეტი სამოქალაქო ორგანიზაცია მოუწოდებს პრეზიდენტს, ომბუდსმენსა და პოლიტიკურ პარტიებს, წინააღმდეგობა გაუწიონ “ქართული ოცნების” დისკრიმინაციულ კანონპროექტს.
საუბარია მმართველი პარტიის მიერ ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვთა დაცვის მოტივით შექმნილ კანონპროექტზე, რომელიც აკანონებს ცენზურას და აღვივებს ჰომოფობიას.
უფრო კონკრეტულად, სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადებას სთხოვს, ომბუდსმენს – მის საჯარო კრიტიკასა და სასამართლოებში გასაჩივრებას, ხოლო სამოქალაქო და პოლიტიკურ მოძრაობებს – “მიიღონ ზომები ანტიდემოკრატიული და ანტიევროპული ინიციატივების გრძელვადიანი გავლენის შესაჩერებლად”.
32 სამოქალაქო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ “ქართული ოცნების” კანონპროექტის მიზანი “წინასაარჩევნოდ საზოგადოების მანიპულაცია, რეალური პრობლემების გადაფარვა, ირაციონალური შიშის გაღვივება და ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი ბარიერის შექმნაა”.