უნივერსიტეტის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ Facebook-ზე პირდაპირი ჩართვის დროს განაცხადა.
“დღეს, 4 დეკემბერს უნივერსიტეტის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად გაიხსნა […] სრულად გამოვცვალეთ მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო ინფრასტრუქტურაც დასრულებულია […] რაც შეეხება სამუშაოებს. კონკრეტულ ადგილებში დარჩენილია ტროტუარების მოწესრიგება, ასევე, პარალელურად, გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. ეს სამუშაოები 1 კვირაში დასრულდება”. – თქვა კალაძემ.
ასევე, თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის თქმით, რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციების ყველა ქსელი, მოეწყო სახანძრო ჰიდრანტები და დამატებითი საპარკინგე ადგილები.
თბილისის მერიამ უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია ივნისში დაიწყო.