თბილისი 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მასპინძლობს
დედაქალაქი 16-დან 22 სექტემბრის ჩათვლით „მობილობის ევროპულ კვირეულს“ მასპინძლობს, რომელსაც უკვე მეოთხედ შეუერთდა. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, წლევანდელი კვირეულის თემა „საერთო საჯარო სივრცე“, ხოლო ღონისძიების მიზანი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, ფეხითა და ველოსიპედით გადაადგილების წახალისებაა.
მისივე თქმით, აღნიშნული კვირეული წარმოადგენს კამპანიას, რომელიც მდგრადი ურბანული მობილობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.
„კვირეულის ფარგლებში, თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო პარტნიორ ორგანიზაციებთან და სახელმწიფო უწყებებთან ერთად, სხვადასხვა აქტივობას მართავს. დაინტერესებულ პირებს უკვე ჰქონდათ შესაძლებლობა, თბილისის მეტრო დაეთვალიერებინათ. ანალოგიური ღონისძიება ჩატარდება 21 სექტემბერსაც, რომლის დროსაც დამთვალიერებლები შეძლებენ, გაეცნონ მეტროს მუშაობის სპეციფიკას და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას, რომელიც განთავსებულია მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“. ასევე, ვიზიტის ფარგლებში შედის გასეირნება მეტროს გვირაბში, რომელიც მეტროსადგურებს – „სახელმწიფო უნივერსიტეტსა“ და „ვაჟა-ფშაველას“ ერთმანეთთან აკავშირებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.
მისი განცხადებით, ამავე დღეს, 16:00 საათზე გაიმართება ღონისძიება „ვიზიტი ავტობუსების დეპოში“.
„ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სტუმრობა დიდ დიღომში, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ მეორე ავტობაზაში, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება მიეცემათ, გაეცნონ კომპანიის მუშაობის სპეციფიკას და დაათვალიერონ ბაზაზე არსებული ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება სხვა ღონისძიებებს, 21-22 სექტემბერს, 11:00-დან 18:00 საათამდე, მიცკევიჩის ქუჩაზე – პეკინის გამზირიდან გამრეკელის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და ლონდონის პარკის მიმდებარედ, კანკავას ქუჩაზე გამოიყოფა სპეციალური სივრცე ღია გამოფენა-გაყიდვისთვისა და ფეხით მოსიარულე პირების/უმოტორო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისთვის. მიცკევიჩის ქუჩაზე გაიმართება დედაქალაქში მოძრავი ძველი და ახალი ავტობუსების გამოფენაც“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.
ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს