სპორტის გავლენა ქვეყნის ბრენდინგზე

ლევან კობერიძის საავტორო გადაცემამ ,,ბრენდი საქართველო“ ახალი სეზონი დაიწყო. პირველი გადაცემა ქვეყნის ბრენდინგზე სპორტის გავლენის განხილვას დაეთმო. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა მერაბ დვალიშვილის მიერ ჩემპიონის სტატუსის მოპოვება იყო. ქვეყნის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციის საქმეში სპორტული წარმატების მნიშვნელობაზე ისაუბრა გადაცემის სტუმარმა MMA-ს ექსპერტმა და სპორტულმა კომენტატორმა ლადო ნაცვლიშვილმა.
,,საქართველოს ცნობადობა მსოფლიოში იზრდება. ეს ევროპაში უფრო სწრაფად ხდება, ვიდრე -ში, სადაც საქართველოს ცნობადობა დაბალია. შტატებში ძალიან იზრდება ამ სპორტის პოპულარობა. ჩვენ ვერ ვგრძნობთ საქართველოში, თუმცა მსოფლიოში ბუმია, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. სწორედ ამ ქვეყანაში უკვე მერაბზე კი არ საუბრობენ, საუბრობენ საქართველოზე. ჯამაჰალ ჰილი არის ჩემპიონი, რომელიც უკვე ქართულ კულტურაზე, ქართულ იდენტობაზე და შეხედულებებზე საუბრობს. ამბობს, რომ ძალიან მომწონს ქართული სული, კულტურა. მაკგრეგორი გამოდის და ამბობს, რომ ქართველი მერბძოლები არიან დაუფასებლები. მერწმუნეთ, რომ ილია თოფურიამდე და მერაბ დვალიშვილამდე კონორ მაკგრეგორმა საერთოდ არ იცოდა საქართველო რა იყო.”- განაცხადა ლადო ნაცვლიშვილმა.
გადაცემაში აღინიშნა, რომ აშშ-ში რთულია ქართული იდენტობის შეტანა, თუმცა ამ საქმეში სპორტის გამოყენებას დიდი და ხელშესახები შედეგები მოჰყვება. ლადო ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მსოფლიოში რიგით მე-4 ქვეყანაა, რომელსაც სპორტის ამ სახეობაში ერთდროულად 2 ჩემპიონი ჰყავს, რაც ქვეყნის ცნობადობის გაზრდის საქმეში მნიშვნელოვანია.
,,ერთდროულად 2 წონით დივიზიონში ჩემპიონი აქამდე ჰყოლია აშშ-ს, ბრაზილიასა და რუსეთს. 2020 წელს რუსებს ყავდათ 3 თვით ორი ჩემპიონი. მე-4 ქვეყანა არის საქართველო, მიუხედავად იმისა, რომ ეს სპორტი ჩვენთან არ არის პოპულარული. მე ვერ წარმომიდგენია ასეთი ზომის და მასშტაბის კიდევ სხვა რომელიმე ქვეყანა, რომელსაც ერთდროულად 2 ჩემპიონი ჰყოლოდა. ვერც კი წარმოვიდგენ ჩვენი მასშტაბის რომელიმე ქვეყანამ იგივე გაიმეოროს და ერთდროულად 2 ჩემპიონი ჰყავდეს.”- განაცხადა ლადო ნაცვლიშვილმა.
ლევან კობერიძემ და ლადო ნაცვლიშვილმა ამერიკულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დამკვიდრების მიზნით სპორტის გამოყენების გზებზეც ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სპორტული მიღწევები ჯერ კონკრეტული სპორტსმენების მიმართ იწვევს ინტერესს, შემდეგ კი ყურადღების ცენტრში ქვეყანა ექცევა.
,,მერაბ დვალიშვილით არიან გაოცებულები, იმიტომ კი არა რომ მაგარი სპორტსმენია და ჩემპიონია. არარელაურ კარდიოს აჩვენებს მერაბი. სტილი აქვს ისეთი დამღლელი, მაგალითად ერთ-ერთ წინა ბრძოლაზე 50 თეიქდაუნის მცდელობა ჰქონდა. ბრძოლის დროს რეკორდი მოხსნა. თან მეტოქეებს აგიჟებს. რადგან რაუნდებს შორის, როცა მეტოქე ისვენებს მერაბი არ ჯდება და დგას. მერაბი ამერიკაში პოპულარულია. ამიტომ, ნებისმიერმა მეწარმემ საკმარისია, რომელიმე ბრენდს დაახატოს მერაბ დვალიშვილი და ხაზი გაუსვას მის ენერგიას, ამ ბრენდს დაიტაცებენ. კვლევები რომ ჩაატარო, რამდენად გაზარდა საქართველოს ცნობადობა აშშ-ში უპირობოდ ლიდერი იქნება ეს ამბავი.”- განაცხადა ლადო ნაცვლიშვილმა.
გადაცემის დასკვნით ნაწილში აღინიშნა, რომ მიღწეული წარმატების შემდეგ საქართველო MMA-ში მიღწეული პროგრესითა და წარმატებით არ უნდა დაკმაყოფილდეს. საჭიროა სპორტის ამ სახეობის განვითარება და მასში ბევრი სპორტსმენის ჩართვა, რათა შექმნილ ინტერესს ქვეყანამ სათანადოდ უპასუხოს და მსოფლიოს მომავალშიც მაღალი დონის, კარგად მომზადებული სპორტსმენები შესთავაზოს.
მერაბ დვალიშვილმა UFC-ის ჩემპიონობა სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მოიპოვა. საჩემპიონოქამრისთვის ბრძოლაში ქართველმა მებრძოლმა შონ ომალი პირწმინდად დაამარცხა.
5-რაუნდიანმა ორთაბრძოლამ ქართველი მანქანის სრული დომინაციით ჩაიარა. მერაბ დვალიშვილმა საბოლოოდ მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა.
ღონისძიება ,,სფეროში“ გაიმართა. ეს ამ სივრცეში პირველი სპორტული ღონისძიება იყო და როგორც ამბობენ უკანასკნელიც. UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა განაცხადა, რომ ასეთი შოუ აქამდე არ გამართულა და არც ამის შემდეგ გაიმართება. MMA-ს სამყაროში ძალიან ცოტას სჯეროდა მერაბ დვალიშვილის გამარჯვების. უმეტესობა მის კონკურენტს შონ ომალის გულშემატკივრობა და ფსონებიც მასზე დაიდო. ახლა ამბობენ, რომ მერაბმა ტოტალიზატორები გაკოტრებას გადაარჩინა, რადგან მისი დამარცხების შემთხვევაში ტოტალიზატორები დიდ თანხებს დაკარგავდნენ.