“ეს ირანის სისუსტედ გადაითარგმნა და ისრაელმა კიდევ უფრო დამაჯერებლად დაიწყო მოქმედება” – გიორგი კობერიძე

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
დღეს ს დაზვერვის მიერ ლიბანში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას 2750 წევრი იქნა აფეთქებული. მათგან 9 დაიღუპა, 200 მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენი კი დაჭრილია. აფეთქება საკომუნიკაციოდ გამოყენებული პეიჯერებში მოხდა. ზოგიერთი გადარჩენილი წევრი აღნიშნავს, რომ პეიჯერები აფეთქებამდე გახურდნენო. მათი აფეთქება ქვეყნის მასშტაბით სინქრონიზებულად მოხდა. რა სახით განხორციელდა პეიჯერებში შეღწევა და მათი აფეთქება – უცნობია. ბევრ ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთი პოპულარული ისაა, რომ არაა გამორიცხული პეიჯერები გავრცელებამდე ყოფილიყო ისრაელის დაზვერვის მიერ მომზადებული, ასაფეთქებელი ჩადებული და შემდეგ გავრცელებული ჰეზბოლას რიგებში, რომლებიც პეიჯერულ სისტემას იყენებდნენ კომუნიკაციისათვის.
აღნიშნული ოპერაცია არამხოლოდ წარმატებული სამხედრო აქტია, არამედ ფსიქოლოგიური დარტყმაცაა ირანის მიერ ზურგგამაგრებული ჰეზბოლას წინააღმდეგ, რომლის წევრებიც ტექნიკური ინოვაციით იწონებდნენ თავს და საკომუნიკაციო ქსელის შეუღწევლობაზე საუბრობდნენ. ეს სხვა სიგნალიცაა – ისრაელი ჰეზბოლას ღია სიგნალს უგზავნის, რომ მასთან ომი ჰეზბოლას იმაზე ძვირი დაუჯდება, ვიდრე მხოლოდ საავიაციო იერიშებია და რომ ისრაელის მხრიდან ტექნოლოგიური საშუალებები ბევრად წინაა, ვიდრე სხვა მეზობელი თუ რეგიონული სახელმწიფოსი.
შეგახსენებთ რამდენიმე დეტალს:
– ჰეზბოლა ერთ-ერთი ყველაზე ბრძოლისუნარიანი ტერორისტული ორგანიზაციაა მსოფლიოში, რომელსაც ირანი უმაგრებს ზურგს;
– ჰეზბოლა ბაზირებულია ლიბანში და აქვს ძალიან დიდი ზეგავლენა ხელისუფლებაზე. მისი პარტიის წევრები პარლამენტშიც არიან წარმოდგენილი და 15 საპარლამენტო მანდატს ფლობენ.
– ჰეზბოლას სამხედრო ქსელი ძირითადად ლიბანის სამხრეთითაა მოქცეული, ისრაელის საზღვართან და აღმოსავლეთით, სირიის საზღვრის გასწვრივ;
– ჰეზბოლა დეფაქტო ომს აწარმოებს ისრაელის წინააღმდეგ და ჩრდილოეთ ისრაელსა და გოლანის მაღლობებზე ყოველდღიური, მეტწილად წარუმატებელი იერიშები მიაქვს. თუმცა იყო შემთხვევა, როდესაც მათმა დრონმა თუ რაკეტამ მშვიდობიანი მოსახლეობა იმსხვერპლა. ეს ომი ჯერჯერობით სასაზღვრო ხასიათს ატარებს.
– ჰეზბოლას წევრები წარმოდგენილნი არიან სირიაში, ერაყსა და იემენში, სადაც ლოკალურ შიიტურ ნაწილებს აქტიურად წვრთნიან;
– ჰეზბოლას მოკავშირე ირანთან ერთად ცაა.
– ჰეზბოლას მოკავშირეა ღაზას სექტორში ბაზირებული ჰამასიც, რომელმაც 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე განახორციელა სრულმასშტაბიანი თავდასხმა.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ირანში ჰამასის (ღაზას სექტორში მოქმედი) პოლიტიკური ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობის ფონზე ირანმა ისრაელს ვერავითარი პასუხი ვერ გასცა, რაც მის სისუსტედ გადაითარგმნა და ისრაელმა კიდევ უფრო დამაჯერებლად დაიწყო მოქმედება.
ისიც აღვნიშნოთ, რომ ისრაელი მსგავს ტექნოლოგიურ თავდასხმებს ირანისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ ადრეც იყენებდა. ამის მაგალითია “სტაქსნეტის” შემთხვევა, როდესაც ციფრულმა კიბერ ვირუსმა 2010 წელს ირანის ატომურ სისტემაზე მიიტანა დარტყმა.
საინტერესოა რომ არც სტაქსნეტზე და არც დღევანდელ პეიჯერების აფეთქებაზე ისრაელს არ აუღია პასუხისმგებლობა.

ასევე დაგაინტერესებთ