“იმ ქოლგასაც თავში მრეკავდნენ, იქნებ გაცოფებული მოზვერების დასაშოშმინებელი ელექტროხელკეტიც ჰქონდათ…” – ლევან ლორთქიფანიძე

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:
რამდენიმე დღის წინ ქუთაისში მომიწია ღამის გათენება. დილით ძალიან ადრე გამეღვიძა და უკაცრიელ უბნებში, ველური ძაღლების გარემოცვაში გადავწყვიტე გასეირნება, სახედრის ოდენა მშიერი ცხოველების თანხლებით გადაადგილება შიშის ზარს მცემდა, მაგრამ მაინც დავადექი გრიგოლ ხანძთელის ქუჩისკენ მიმავალ გზას.
ქუთაისში არასდროს მიცხოვრია, მის ლაბირინთებს არ ვიცნობ, ბევრი ადგილობრივი ნაცნობიც არ მყავს… ქალაქი ჩემთვის სრულიად უცხო და უცნობია, მაგრამ თან ძალიან ახლობელი, ძალიან მშობლიური!
უცნაური შეგრძნებაა, არა?! არ იცნობ, მაგრამ გიყვარს; უშუალოდ შენი არ არის, მაგრამ ყოველ მოსახვევში სევდანარევი სიხარული გიპყრობს, იწყებ ფიქრს იმაზე, რაც იყო, რაც აღარასდროს განმეორდება, რაშიც მონაწილეობა არ მიგიღია, მაგრამ მაინც შენია.
ქუთაისის ქუჩებში მარტო ყოფნისას თვალწინ ყოველთვის წარმომიდგება წიგნების პატარა მაღაზია, სადაც ერთი ულამაზესი ქალი მუშაობს, მღვდლის შვილი. ქალს გული დიდი ტკივილით აქვს სავსე, ომიდან დემობილიზებული ქმარი უმძიმესი ავადმყოფობით დაეღუპა, მარტო დარჩა და სრულიად ახალგაზრდა, ძმების დახმარებით ზრდის ექვსი წლის ბიჭს. სულ იმაზე დარდობს, შეძლებს თუ არა პატიოსანი შრომით ერთადერთი შვილის ღირსეულ კაცად აღზრდას. შეძლო!
მგონია, რომ რომელიღაც ჩიხიდან სამი ბიჭი გამოვარდება. ისინი პირველი ქართველი ქალი ინჟინერის – ლიანა ეზიკაშვილის მოსწავლეები არიან, არაჩვეულებრივი მეგობრობა აკავშირებთ ერთმანეთთან, ერთ-ერთი მათგანი ყველაზე უმცროსის დასაცავად კრივის სექციაშიც ჩაეწერა, რათა მის ზრდასრულ მჩაგვრელს რინგზე გაუსწორდეს. მისიის შესრულების შემდეგ თავის საყვარელ სპორტს, კალათბურთს დაუბრუნდება და მთელი ცხოვრება იამაყებს მისი გუნდის შემდეგ წამოსული გენიალური თაობით, საკანდელიძისა და ქორქიას შემადგენლობით.
მუშკეტერები სიცოცხლის ბოლომდე იმეგობრებენ, ხალისსა და ბავშვურობას არც ასაკში დაკარგავენ. ერთხელ ამავე ქალაქში, რომელიღაც გუბურასთან უკანასკნელი სიმღერის მოსასმენად მომაკვდავ გედს მიაკითხავენ და კაბერნეს დაალევინებენ ხასიათზე მოსასვლელად.
ქუთაისის ქუჩებში სეირნობისას სულ მაქვს მოლოდინი, რომ ატმის ხესავით უმშვენიერეს გოგოსაც მოვკრავ თვალს, სიცოცხლით სავსე მოსწავლეს,პირელთანრიგოსან ტანმოვარჯიშეს, თანაკლასელთა შორის ყველაზე დიდ ჩხუბისთავსა და ოინების ორგანიზატორს, ნამდვილი დუენდეს, შინაგანი დაუმორჩილებელი სინათლის მფლობელს. ალბათ, ჩანთაში რომელიმე საიდუმლოდ გადაწერილი და გავრცელებული წიგნი უდევს, თუ არ ვცდები, გრიგოლ რობაქიძეა… სადღაც იქვე ბიოლოგიის სახელმძღვანელოც ეგულება. მომავალში მის გულში დანთებულ ცეცხლს ვერც ერთი უზარმაზარი, ენით აღუწერელი ტრაგედია ვერ ჩააქრობს ბოლომდე.
ჩვენს გმირს მეექვსე კლასიდან მოყოლებული უყვარს ღარიბი, ობოლი, მაგრამ უზომოდ მამაცი და ბეჯითი ბიჭი… კალათბურთელიც ყურებამდეა შეყვარებული. საშიში და ბუნდოვანი მომავლის მიუხედავად მაინც დაქორწინდებიან, ცხოვრებას დაიწყებენ სახლში, სადაც ფანჯრებს მინებიც კი არ აქვს. ერთხელ შინ დაბრუნებულ მეუღლეს შუშაბანდში დაახვედრებს თავისი ხელით შემოზიდულ აგურებს, სასტიკ საყვედურსაც დაიმსახურებს, მაგრამ მეორე დღეს ერთად ამოაშენებენ ახალ ოთახს… თითქმის ორმოცდაათი წელი იქნებიან ერთად, ბევრს გადაიტანენ, კარგსაც და ცუდსაც, მაგრამ, მგონი, სიკვდილიც ვერ დააშორებთ.
ღია ფანჯარას ჩავუარე, ოთახის სიღრმიდან სავსე თარო მოსჩანს, თუ არ ვცდები, ვიღაც იქვე წინა დღის ხაჭაპურს აფიცხებს… კარადაში ყველაზე დიდი თბილისელის წიგნიც დევს… მახსენდება, რომ ვარ ქალაქში, სადაც შეუძლიათ მეგობარს აჩუქონ კრებული ასეთი წარწერით: „ნიკოს 40 წლის აღსანიშნავად / P.S. შენ მიეწიე ნიკოლოზ ბარათაშვილს … 60 წლის შემდეგ!“.
ყველაზე მეტად მაინც ორი ბუთქუნა, პატარა გოგოს ნახვას მოველი, ბებიასა და ბაბუასთან რომ არიან ჩამოსულნი და გლიცინიებით დახუნძლული აგურის სახლისკენ მიეჩქარებათ. ბებიას ისე უნდა შვილიშვილების გამხიარულება, რომ მზად არის წავიდეს ბაზარში, იყიდოს გოჭი, წითელი ბანტი და საბელი; შემდეგ ამ ყველაფრით მორთოს ღრუტუნა და ბავშვებს მისი სამეზობლოში გასეირნების უფლებაც მისცეს. ბაბუა იოსების პროფესიისაა, დურგალი და ხითხურო, ათასი საოცრების აწყობა შეუძლია შვილიშვილებისთვის. ბებიასთან და ბაბუასთან მისვლამდე წვიმა წამოვა, გოგოები სულ არ აპირებენ თავის შეფარებას, პირიქით, გასართობად სახურავის მილის ქვეშ დგებიან და ლამის ფილტვების ანთებამდე აგრძელებენ მავნებელ თამაშს… ცხადია, მოლოდინი მოლოდინად დარჩა.
ამ ფიქრებში გართული პატარა სახლს მივადექი, რომლიდანაც ორი საყვარელი ქალი გამოვიდა. კინაღამ მივაჭერი მათთან და ვთხოვე, ერთი წამით შემახედეთ ამ ქოხში-მეთქი. კიდევ კარგი არაფერი მითქვამს… როგორია სისხამ დილით რეიტუზებში გამოწყობილი, თვალებჩასისხლიანებული ხვადაგის ხილვა, რომელიც საკუთარი სახლის დათვალიერებას გთხოვს. იფიქრებდნენ გიჟიაო და იმ ქოლგასაც თავში მრეკავდნენ, იქნებ გაცოფებული მოზვერების დასაშოშმინებელი ელექტროხელკეტიც ჰქონდათ…
ქუთაისთან დაკავშირებული კიდევ ათასი ამბისა და ადამიანის გახსენება შემიძლია, რომელთაც სიკეთის მარცვალი გააღვივეს ჩემში, ბევრი ბოროტი განზრახვა უტევს ამ მარცვალს ჩემს გონებაში, მაგრამ ვერ ერევიან, ჯერჯერობით … ამიტომ არის ეს ქალაქი ჩემთვის თან უცხო და თან ახლობელი.

ასევე დაგაინტერესებთ