ირანის პრეზიდენტი უარყოფს ცნობებს რუსეთისთვის იარაღის გადაცემაზე

ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა განაცხადა, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ირანს რუსეთისთვის იარაღი არ გადაუცია. ამასთან, ფეზეშქიანმა, როგორც ჩანს, მიანიშნა ბირთვულ საკითხებზე აშშ-სთან პირდაპირი მოლაპარაკებისთვის მზაობაზე იმ შემთხვევაში, თუ, მისი თქმით, ვაშინგტონი აჩვენებს, რომ არ არის “მტრულად” განწყობილი ირანის მიმართ.
69 წლის ფეზეშქიანმა – რომელსაც ზოგიერთი ანალიტიკოსი შედარებით ზომიერი შეხედულებების მქონედ ახასიათებს – 16 სექტემბერს ასევე თქვა, რომ მისი ქვეყანა არასდროს შეელევა სარაკეტო პროგრამას, მიუხედავად დასავლეთის სანქციებისა, რომლებიც ამგვარი აქტივობების შეზღუდვას ისახავს მიზნად.
ამ განცხადებებით ფეზეშქიანი გამოვიდა თეირანში, თავის პირველ ოფიციალურ პრესკონფერენციაზე. მისი გამოსვლის ფონია გაზრდილი დაძაბულობა როგორც საკუთრივ ირანში, ისე ახლო აღმოსავლეთის მასშტაბით. ირანი განიცდის ძლიერ ეკონომიკურ სირთულეებს, რომლებსაც მნიშვნელოვანწილად იწვევს დასავლეთის სანქციები, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო მოქალაქეებს შორის მატულობს სიბრაზე, განსაკუთრებით ქალთა ჯგუფებში. როგორც პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე თქვა, ის თავის ძალაუფლებას გამოიყენებს იმისთვის, რომ მორალის პოლიციამ ქალები არ “შეაწუხოს”.
ფეზეშქიანი პრეზიდენტი გახდა 30 ივლისს, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ. მან შეცვალა უფრო მკაცრი შეხედულებებით ცნობილი ებრაჰიმ რაისი, რომელიც ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად მაისში დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

თაზო დათუნაშვილი: ივანიშვილი ხელისუფლებაში სოფლის აყვავების დაპირებით მოვიდა, 14 წლის თავზე კი შედეგი არის კატასტროფული: ნათესი ფართობი შემცირდა 26%-ით, ბოსტნეულის 25%-ით, ციტრუსის 30%-ით, იმპორტზეა მთელი სასურსათო სექტორი

კახა ჯაფარიძე: ალექსანდრე ხაბეიშვილის (რომელიც 4 ოქტომბრის საქმეზე იყო დაკავებული) მცირეწლოვან შვილს, ევას, ღვიძლის მძიმე დაავადება აქვს და გადაუდებელი მკურნალობა ესაჭიროება თურქეთში