KfW ბათუმის ურბანული განვითარებისთვის 16 მლნ ევროს გამოყოფს

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ხელშეკრულებები განიხილეს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ კომიტეტის წევრებს „რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KFW), მაინის ფრანკფურტი და საქართველოს შორის (მდგრადი ურბანული განვითარება – ურბანული მობილობა ბათუმში)“ სასესხო შეთანხმება გააცნო.

მომხსენებლის ინფორმაციით, პროექტი ბათუმში ურბანული მობილობის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებს.

საუბარია ჭკვიანი სატრანსპორტო ერთიანი სისტემების, ველოინფრასტრუქტურის განვითარების და ავტობუსების სპეციალური სავალი ხაზების გაუმჯობესება-გაფართოებაზე.

რაც შეეხება სესხის ფინანსურ ნაწილს – რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი, სესხის სახით, საქართველოს 15 მლნ. ევროს შეღავათიანი პირობებით და ასევე 1 მლნ. ევროს გრანტის სახით გამოუყოფს.

სხდომაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა „2015 წლის 12 მაისის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულების (ქვემო ქართლის მყარი ნარჩენების პროექტი) N1 ცვლილების შეთანხმება“ და „2015 წლის 15 ოქტომბრის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ქუთაისის წყალარინება) N3 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ წარადგინა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პირველი სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებულია ქვემო ქართლში ახალი რეგიონული სანიტარიული ნაგავსაყრელის მშენებლობა და ოპერირებისთვის საჭირო დანადგარების შეძენა.

მეორე შეთანხმების თანახმად კი, რომელიც ქუთაისის წყალარინების სისტემების მოსაწყობად არის გამოყოფილი, პროექტის დაზუსტება, სესხის ვადის კორექტირება და ქსელის შეცვლის პროექტის ცვლილებებია გათვალისწინებული.

კომიტეტის წევრებმა სარატიფიკაციო დოკუმენტების პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.