ბექა კობახიძე: ხაზარაძე, ზურაბიშვილი, გახარია ძალიან გთხოვთ, ილაპარაკეთ, მოილაპარაკეთ და იმედები არ გაგვიცრუოთ

“დღეს პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ის მხარს უჭერს ძლიერი საქართველოს და გახარიას პარტიების გაერთიანებას და მზად არის შუამავლის როლი იკისროს.
იმედი მაქვს, არამხოლოდ შუამავლის როლს იკისრებს, არამედ პირდაპირ მხარსაც დაუჭერს არჩევნებში.
რატომ არის ასეთი გაერთიანება აუცილებელი?
გადახედეთ 2017 წლიდან არჩევნების ისტორიას, ის ერთ უცვლელ პატერნს გვაჩვენებს: ხმათა დაახლოებით 70%-ს იღებენ ოცნება და ნაცები, ხოლო 20-25 პროცენტს მესამე პარტიები.
ოცნებისა და ნაცების ბაზა მყარია, ისინი ერთმანეთს ხმებს ვერ ართმევენ. დარჩენილი 20-25% ხმას აძლევს იმ მესამე ძალას, ვინც უკეთეს ფორმაშია ამ მესამეებიდან. 2017-18 წლებში ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ევროპული საქართველო, 2021 წელს გახარია, ხვალ შეიძლება კიდევ სხვა იყოს. თუ ვერც ერთი პარტია ვერ აჩვენებს რომ კარგ ფორმაშია, ამ ამომრჩევლის ნაწილი ან სახლში რჩება, ან ზოგი ქოცს და ზოგი ნაცს აძლევს ისევ ხმას.
ამიტომ, ხალხის არჩევნებზე გამოსაყვანად და ოცნებისთვის ხმების წასართმევად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ეს “მესამე ძალა” გვყავდეს კარგ ფორმაში. აქ სინერგია მუშაობს და რაც მე ახლა დავწერე, ვერავითარი სხვა არგუმენტი ამას ვერ გადაწონის. ყველა სხვა არგუმენტი არის ან ალოგიკური, ან ქოცობით ნასაზრდოები ან ჩაკეტილი ბაბლის ნაყოფი.
სინერგიის აუცილებლობა წონის ყველაფერს.
დარწმუნებული ვარ, ასეთი დიდი “არც ნაცი მინდა, არც ქოცი” ერთობა, სულ მცირე 20%-ს დადებს, რაც შეიძლება ოპოზიციურ პარტიებს შორის საუკეთესო შედეგი იყოს. საპარლამენტო მანდატებში თუ გადავთარგმნით, ეს ერთობა აიღებს კოალიციური უმრავლესობის მანდატების თითქმის ნახევარს. ეს მნიშვნელოვანია.
რა საფრთხის წინაშე ვდგავართ? როგორც ასეთი, ამ მოცემულობით, ეს “მესამე ძალის” ხმები უნდა გადანაწილდეს ძლიერ საქართველოზე, გახარიაზე, იაგოს გირჩზე, ლეიბორისტებზე და ვიღაც პატარ-პატარა პარტიებზე. ჯერესერთი რომ ეს ვერ ქმნის სინერგიას და შეიძლება ამ შემთხვევაში საერთოდ ვერ აიღოს “მესამე ძალამ” 20-25%; ასევე, ესენი ერთმანეთს ხმებს იყოფენ, ცალ-ცალკე მყოფნი ხდებიან ქოცების სამიზნეები იმისთვის, რომ რომელიმე ხუთ პროცენტიანი ბარიერის მიღმა დარჩეს. აკი აჩვენეს კიდეც ქოცებმა გორბის “კვლევაში” ეს მიზანი, რომ მათ მაგალითად გახარიას ჩატოვება სურთ.
ეს სცენარი არის ქოცების გამარჯვების სცენარი და ამის შესაჩერებლად არ არის არაფერი რაზეც უკან უნდა დავიხიოთ.
რა საფრთხეებს აჩენს ასეთი კოალიციის შექმნა?
არის ასეთი სამი საფრთხე:
1. 19 ივნისის დარბევის გამო, ჯენზის თუ მოზრდილების ნაწილი ზურგს აქცევს ასეთ კოალიციას;
2. ქოცები ხელზე დაიხვევენ წარსულში ხაზარაძისა და გახარიას კონფლიქტს და არჩევნებამდე ამას ატრიალებენ. ორჯერ ორი ოთხია, რომ გაერთიანების შემთხვევაში, ეს კოალიცია იქცევა ქოცების მთავარ საფრთხედ (რადგან ყველაზე მეტ ხმას სწორედ ის წაართმევს);
3. საფთხე თავად ძლიერი საქართველოს შიგნით, რომ ვიღაცეები აყვირდნენ, ჩვენ გახარიასთან არ გვინდაო. დღეს უკვე ვნახეთ თავისუფლების მოედნის განცხადება, რომელიც ამაზე მიანიშნებდა.
არც ერთი ეს საფრთხე არ არის დაუძლეველი და მეტადრე, ვერც ერთი მათგანი ვერ გადაწონის გაერთიანებით მოტანილ სარგებელს.
პოლიტიკოსი და პოლიტიკური კამპანია არსებობს იმისთვის, რომ მის ამომრჩეველთან სწორი კომუნიკაცია აწარმოოს, არასწორი აღქმა გაუსწოროს, ელაპარაკოს. ჩვენ ყველა უნდა დავეხმაროთ ამ ადამიანებს პირველი და მეორე საფრთხეების განეიტრალებაში.
თუ თავისუფლების მოედანი მიუღებლად ჩათვლის ასეთ გაერთიანებაში ყოფნას, დაე გავიდეს იქ, სადაც მისთვის მისაღები იქნება.
“გახარიასთან არ მინდა იმიტომ რომ 19 ივნისი…” 2021 წელს შეიძლება ლეგიტიმური წუხილი ყოფილიყო, მაგრამ 19 ივნისს მოგვანატრებენ ქოცები, თუ ახლა ცვლილება არ მოხდა.
მე, რომელიც არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, არც არასდროს ვაფიქსირებ კონკრეტულად ამა თუ იმ პარტიას დაუჭირეთ მხარითქო, ამ ერთობის შედგომის შემთხვევაში, ხმამაღლა ვიტყვი, რომ ამ არჩევნებზე მათ ვუჭერ მხარს. არ შედგება ეს ერთობა და არაფერსაც არ ვიტყვი.
აქ მე ჩემს თავს კი არ გაძალებთ, ჩემნაირად ფიქრობს ბევრი.
მოქმედი პრეზიდენტი, ყოფილი პრემიერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ანას და ალეკოსნაირი სახალხო ტიპები, ახალგაზრდები და წესიერი ხალხი, ქმნის ერთობლივ სურათსა და შთაბეჭდილებას.
მამუკა ხაზარაძე Mamuka Khazaradze Salome Zourabichvili გახარია ძალიან გთხოვთ, ილაპარაკეთ, მოილაპარაკეთ და იმედები არ გაგვიცრუოთ,” -წერს სოციალურ ქსელში  წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი ბექა .
შეგახსენებთ, 16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია „ძლიერ საქართველოსა“ და პარტიას „საქართველოსთვის“ გაერთიანებისკენ მოუწოდა.
მოგვიანებით, ცნობილი გახდა, რომ კოალიციისა და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლები 17 სექტემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ერთმანეთთან შესახვედრად მივლენ.
„გადაწყვეტილება ორი პროევროპული ძალის (“ძლიერი საქართველოს” და “გახარია საქართველოსთვის”) ხელშია. ვიმედოვნებ, რომ ქვეყნის ესოდენ მნიშვნელოვან მომენტში შეძლებენ გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, მეტ გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს.
ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამ დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ევროპული მომავლის გადარჩენაში, რასაც არავინ დაუვიწყებს მათ“, – თქვა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ