განცხადებებით და მიმართვებით გეოპოლიტიკა არც იცვლება და არც პოლიტიკა კეთდება. პოლიტიკა კეთდება კულუარებში, მით უმეტეს, ისეთ რეგიონში, როგორიც კავკასიაა , – ამის შესახებ კონფლიქტოლოგმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, რითაც 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიერ გორში გაკეთებულ განცხადება და ამასთან დაკავშირებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადება შეაფასა.
როგორც არეშიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ აღნიშნა, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო რას იტყვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის აფხაზი ხალხის განწყობასაც ვერ გამოხატავს.
ამასთან, არეშიძის თქმით, აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების პირობა არის დამოუკიდებლობის აღიარება.
“სხვადასხვა პირობები როგორც მე ვიცი, ეს არის დამოუკიდებლობის აღიარება. ნუ დაგავიწყდებათ, რომ დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი არის სერგეი შამბა, რომელიც ამ პროცესში პირველი დღიდან იყო ჩართული, ამიტომ მისი ხელწერა კარგად იგრძნობა.
სხვებმა კარგად იციან, რომ განცხადებებით და მიმართვებით გეოპოლიტიკა არ იცვლება და არც პოლიტიკა კეთდება. პოლიტიკა კეთდება კულუარებში, მით უმეტეს, ისეთ რეგიონში, როგორიც კავკასიაა.
დღეს, როდესაც მსოფლიო წესრიგი ჩამოშლილია და აღარ მუშაობს თამაშის ის წესები, რომლებიც ადრე იყო, მხარეები ცდილობენ მოიგონონ ისეთი სვლა, რომელიც მათთვის მომგებიანი იქნება. ახლა ამ სვლების მთელ კასკადს ვაკვირდებით ორივე მხრიდან. ამ პროცესში იქნება ჩართული ყველა, ვინც ცდილობს ამ რეგიონში პოზიციები განიმტკიცოს. ასე, რომ აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო რას იტყვის მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის აფხაზი ხალხის განწყობასაც ვერ გამოხატავს“,- განაცხადა არეშიძემ.
როგორც კონფლიქტოლოგი განმარტავს, ის მოქმედების მომხრეა და ამბობს, რომ უფრო ადრეც იყო საჭირო ისეთი სისტემების ამუშავება, რომელიც მდგომარეობას შეცვლიდა.
„ოფიციალურ დოკუმენტში ეს ბოდიში ჩვენ უკვე ვთქვით. ეს იყო ის დოკუმენტი, რომელიც ევროსაბჭოში იქნა მიღებული. ამ დოკუმენტს საქართველომ მხარი დაუჭირა, ეს ბოდიშია, აბა რა არის?! მე მოქმედების მომხრე ვარ, განსაკუთრებით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. ამდენი ხნის განმავლობაში არ იყო ისეთი კომპლექსური მიდგომა, რომელიც საჭირო იყო. საჭირო იყო ისეთი სისტემების ამუშავება, რომელიც მდგომარეობას შეცვლიდა და იმ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს უკვე ბოდიში უთხრეს, საშუალებას მისცემდა თანაცხოვრების ახალ წესებზე ემუშავათ“, – განაცხადა არეშიძემ.
მისივე თქმით, ბოდიშს მაშინ აქვს აზრი, რის მერე ყველანი თანაცხოვრებას დაიწყებენ.
„ბოდიშის მოხდაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ სიტუაცია უნდა მომზადდეს ამისთვის. მე ვიცი ისეთი ბოდიში, რომლის მერე საზღვრები გაირღვევა და ყველანი თანაცხოვრებას დაიწყებენ. ეს ხომ ილუზიაა, ეს ხომ არ შეიძლება მოხდეს, მაგრამ პროცესი უნდა იყოს“, – განაცხადა არეშიძემ.
კითხვაზე, არსებობს თუ არა რუსეთთან მოლაპარაკების შესაძლებლობა, რომელიც დასრულდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით, კონფლიქტოლოგი პასუხობს, რომ არ არსებობს რომელიმე მოლაპარაკება, სადაც რუსეთს სიტყვა შეუნარჩუნებია.
„ძლიერ საქართველოს შეუძლია უფრო მეტი პრობლემა გადაწყვიტოს, მაგრამ ყველაფერი არა. თუ გვერდზე გვეყოლება ომში გამარჯვებული რუსეთი, მასთან მოლაპარაკებას შედეგი არ ექნება. რუსეთის ისტორიას რომ გადახედო, არ არსებობს რომელიმე მოლაპარაკება, სადაც რუსეთს სიტყვა შეუნარჩუნებია. რაც შეეხება პერსპექტივას გვაქვს თუ არა: აფხაზურ წყაროების მიხედვით, ასეთი სურათი იკვეთება, რომ იმ პოლიტიკას რასაც ახლა მოსკოვი ატარებს აფხაზების წინააღმდეგ, ამ პოლიტიკაში ქართველები არიან ჩართულები. ამას იმეორებს აფხაზური მედია და ოპოზიცია. სახელდებიან კონკრეტული სახლები და გვარები, სახელდება რამდენიმე ქართველი, როლებიც მოსკოვში ცხოვრობენ, სახელდება თვითონ ივანიშვილის გვარიც, რომელიც ამ ოპერაციის ერთ-ერთი სულის ჩამდგმელია, რასაც მოსკოვი ატარებს. მე ის მინდა ვთქვა,რომ როგორც ჩანს გარკვეული ნაბიჯები იდგმება“, – განაცხადა არეშიძემ.