სახდეპი სანქციებზე: ორმხრივი თანამშრომლობის მუდმივი გადახედვის შედეგია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ დღეს გამოცხადებული სანქციები -საქართველოს “ორმხრივი თანამშრომლობის მუდმივი გადახედვის შედეგია”.
სახდეპში გამართულ ბრიფინგზე პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა კვლავ გამოთქვა შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების “ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე, რომელიც შეუსაბამოა ევროკავშირისა და NATO-ში წევრობის ნორმებთან”.
მეთიუ მილერმა ასევე აღნიშნა, რომ “საქართველოს მთავრობას შეუძლია დაუბრუნდეს თავის ევროატლანტიკურ ტრაექტორიას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით”.
“დღეს აშშ აწესებს სანქციებს ორი ქართველი მაღალჩინოსნისა და ძალადობრივი ექსტრემისტული დაჯგუფების ორი ლიდერის წინააღმდეგ, ასევე შემოაქვს სავიზო შეზღუდვები 60-ზე მეტი პირის მიმართ ადამიანის უფლებების დარღვევაში მონაწილეობისთვის, კორუფციული ქმედებებისთვის და სხვა ანტიდემოკრატიული ქმედებებისთვის.
ეს ქმედებები არის ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის მუდმივი გადახედვის შედეგი, საქართველოში მუდმივი ანტიდემოკრატიული ქმედებების გამო, ასევე საქართველოს ხელისუფლების მაღალი რანგის ლიდერების ცრუ განცხადებების გამო, რომლებიც ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობასთან ჩვენი ათწლეულის მანძილზე ურთიერთობის სულისკვეთებას…
შეერთებული შტატები იყო საქართველოს ეკონომიკური და დემოკრატიული განვითარების ყველაზე დიდი მხარდამჭერი ბოლო 32 წლის განმავლობაში. ჩვენი დახმარება ფოკუსირებულია იმაზე, რომ საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, უფრო წარმატებული და ქმედითუნარიანი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა დაუბრუნდება იმ გზას, რომლისკენაც მისი ხალხი ისწრაფვის”- განაცხადა მილერმა.