მახათას მთაზე მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის მეორე ეტაპი იწყება

სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით, მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი გრძელდება. მახათას მთაზე საბინაო პროექტის მეორე ეტაპი 2024 წელს დაიწყება და რამდენიმე წელში დასრულდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. საბინაო პროექტის მეორე ეტაპი მიზნად ისახავს სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და მომავალი სამხედროებისთვის მოტივაციის ამაღლებას.
პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, მახათას მთაზე 43 (ორმოცდასამი) მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ბინების მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო ბენეფიციარების თანადაფინანსების წილი ერთ კვადრატულ მეტრზე უპრეცედენტოდ დაბალ ფასს – 100 დოლარს (ექვივალენტი ლარში) შეადგენს, რომლის დასაფარად უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს.
გეგმის მიხედვით, თავდაცვის უწყებაში მომუშავე ოფიცრები და სერჟანტები საცხოვრებელ ფართებს დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ. სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, სამხედროები 50, 80 და 110 კვ. მეტრი ფართის ბინებს მიიღებენ.
საბინაო პოლიტიკის შეუქცევადობა კანონმდებლობით არის გამყარებული, რაც ნიშნავს, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. მინისტრის განცხადებით, პროექტის განგრძობითობა გაზრდის მოტივაციას და შექმნის ახალგაზრდა სამხედროების სამსახურში ჩართვის შესაძლებლობას.
მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. სამხედროებისთვის მახათას მთაზე უკვე აშენდა 39 კორპუსი, სადაც ბინა 1000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

კომპანია CMC-ი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თანამშრომლის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს – კომპანია აქტიურად თანამშრომლობს საგამოძიებო უწყებებთან და დეტალურად აწვდის ყველა მოთხოვნილ ინფორმაციას

დავით ქართველიშვილი: ქართველმა ხალხმა გლოვის ხუთი დღის განმავლობაში, წერტილი დაუსვა ჯო უილსონებისა და ბიუროკრატიის მცდელობას, არარსებულ ქართველებზე აპელირებით წამოეწყოთ ძირგამომთხრელი საქმიანობა