ზურაბ ჭიაბერაშვილი – “ქართულ ოცნებას” არ უნდა დიალოგი ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან და საქართველოს იზოლაციაში ტოვებს – მისი მოღალატეობრივი პოლიტიკა ფუნდამენტურად მიუღებელია ქართველი ხალხისთვის

“ქართულ ოცნებას” არ უნდა დიალოგი ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან და საქართველოს იზოლაციაში ტოვებს , – ამის შესახებ “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთთან შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ჭიაბერაშვილის განმარტებით, ხელისუფლებაში იციან, რომ არჩევნების თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარების შემთხვევაში, ისინი აგებენ.
“ისინი არჩევნებს ყველა შემთხვევაში წააგებენ, რა მეთოდს და ხერხსაც არ უნდა მიმართონ. ახლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოხდეს საზოგადოების მობილიზება, ვიყოთ ერთიანები და ერთიანობით 26 ოქტომბერს ქართველმა ხალხმა გაიმარჯვოს. საქართველოს ექნება უზარმაზარი პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერა”,-განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
მისი შეფასებით, “ქართული ოცნების” პროპაგანდა მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო იზოლაციაში დატოვოს.
“ქართული ოცნება” საქართველოს აზიანებს. ხელისუფლებამ და ივანიშვილმა ბოდიში უნდა მოუხადონ ქართველ ხალხს ყველაფერი იმის გამო, რასაც ქართულ საზოგადოებას უკეთებენ. ბოლო დღეებში ქართველი ხალხის აღშფოთება ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ “ქართული ოცნება” და მისი მოღალატეობრივი პოლიტიკა არის ფუნდამენტურად მიუღებელი ქართველი ხალხისთვის”, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ცნობისთვის, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრა გერმანიის საელჩოში მიმდინარეობს.