საერთო ჯამში, ამ ყველაფერმა აჩვენა ერთი რამ, რომ მათ სინამდვილეში მშვიდობიანი გზა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა არც კი ესახებათ – ეს გვაჩვენებს ერთ რამეს, რომ ოპოზიციის და ამ NGO-ებისთვის ევროპული გზა არის გზა აფხაზების და ოსების გარეშე, – ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამოხმაურება, რომელიც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის მიერ გორში გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, რომლის თქმითაც: „ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ ოპოზიციამ ამ შემთხვევაშიც აჩვენა თავისი სახე და ის, რომ მზად არის ყველა საკითხით სპეკულირებისთვის, მათ შორის, გმირების სახელების უკან ამოფარებისთვის.
„ოპოზიციამ, როგორც ყოველთვის, აქაც აჩვენა თავისი სახე, რომ მზად არიან ყველა საკითხზე სპეკულაციაში ჩაჰყვნენ, მათ შორის, ამოეფარონ ჩვენი გმირების სახელებს, რომლებმაც 2008 წელს გმირულად იბრძოლეს, დაიღუპნენ, ზოგი დასახიჩრდა ამ ომის დროს როგორც სამხედროები, ისე სამოქალაქო პირები და ახლა ამ გმირების სახელებს ეფარებიან თითქოს საუბარი იყოს მათზე, ვინც ომის დანაშაული ჩაიდინა 2008 წელს იქნებოდა თუ სხვა დროს. ომის დამნაშავეებს პასუხს გასცემს მართლმსაჯულება და ამას აკეთებს „ქართული ოცნება“. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჰააგისა და სტრასბურგის პროცესები მიატოვა, როდესაც, ფაქტობრივად, უიმედო იყო ეს საქმეები, „ქართულმა ოცნებამ“ შემოაბრუნა ეს საქმე და მოიგო. სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ჰააგის სასამართლომ ცხინვალის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრზე და უკანონო იზოლატორის ხელმძღვანელზე გასცა დაკავების ორდერები. რაც შეეხება ომის დამნაშავეებს, ისინი პასუხს აგებენ მართლმსაჯულების წინაშე. მათ ვინც ჩაიდინა ომის დანაშაული და მათ შორის, აწამა ანწუხელიძე, მოეთხოვება პასუხი მართლმსაჯულებით“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ამ საკითხში ის უფრო სკანდალურია, რომ არასამთავრობო სექტორმა ოსი ხალხი ომის დამნაშავეებად გამოაცხადა.
„აქ გამოჩნდა სახე არა მხოლოდ ოპოზიციის, არამედ რაც კიდევ უფრო სკანდალურია, ჩვენი არასამთავრობო სექტორის, რომელმაც ოს ხალხს უწოდა მკვლელები, პირდაპირ გააიგივა ოსი ხალხი ომის დამნაშავეებთან. აღმოჩნდა, რომ წლების განმავლობაში არასამთავრობო სექტორში უცხოეთიდან ჩასხმული მილიონებით, რომელიც თითქოსდა კონფლიქტის მოგვარების საკითხს უნდა მომსახურებოდა, არასამთავრობო სექტორმა ოსი ხალხი გამოაცხადა დამნაშავეებად, ომის დამნაშავეებად, რომელთანაც სალაპარაკოც, ალბათ, არაფერი არ აქვთ, მათი გადმოსახედიდან, რაც არის, ფაქტობრივად, სკანდალი, იქიდან გამომდინარე, რომ მთლიანად კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რა კრიზისში იმყოფება ჩვენი არასამთავრობო სექტორი.
რაც შეეხება პროცესს, არ არსებობს იმაზე დიდი მიზანი, ვიდრე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ჩვენი გაცხადებული პოლიტიკა მოხდება მხოლოდ მშვიდობიანი გზით. მშვიდობიანი გზა გულისხმობს მხოლოდ შერიგების გზით სიარულს. შერიგება კი გულისხმობს სინანულს და ურთიერთ პატიებას, ეს არის ის გზა, რომელიც ჩვენ მიგვიყვანს ერთიანი საქართველოსკენ“,-განაცხადა პაპუაშვილმა.