ხილსა და ყურძენზე ფასები – 12.2%-ით, ხორცზე 6.3%-ით გაიზარდა – რა გაძვირდა ნოემბერში?

2023 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 0.1% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2023 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.1% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.8%-ით განისაზღვრა.
„საქსტატის“ ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.8 პროცენტით, რაც 0.52 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები, უმეტესწილად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: საფინანსო მომსახურება (26.3 პროცენტი), პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (5.6 პროცენტი), პირადი ჰიგიენა (5.2 პროცენტი);
ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.5 პროცენტით, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები გაიზარდა სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.3 პროცენტი), სატრანსპორტო საშუალებების შეძენასა (2.9 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (1.5 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.1 პროცენტით, რაც 0.35 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმის (6.5%), ისე ალკოჰოლური სასმელების (4%) ქვეჯგუფებზე;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინფლაციაში 0.35 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (14.4 პროცენტი) და ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (7.4 პროცენტი);
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1 პროცენტიანი კლება, რაც -1.08 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინდექსზე. ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-19.4 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (-11.7 პროცენტი), პური და პურპროდუქტები(-9.2 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (-3.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-2.5 პროცენტი). ამასთან, ფასები გაიზარდა ხილსა და ყურძენზე (12.2 პროცენტი), ხორცსა და ხორცის პროდუქტებზე (6.3 პროცენტი), თევზეულზე (5.0 პროცენტი), მინერალურ და წყაროს წყალზე, უალკოჰოლო სასმელებსა და ნატურალურ წვენებზე (2.7 პროცენტი).