ხუხაშვილი: ეს არის ზუსტად ის, რასაც ამტკიცებს რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება 2008 წლის შემდეგ და რასაც სრული მოცულობით დაეთანხმა საქართველოს ხელისუფლება

“ბიძინას გამოსვლაში მთავარი ის არ არის, რომ მან ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა.
მთავარია, რომ 2008 წლის ომში (ცხინვალის ცეცხლის ალში გახვევა), ანუ სამხედრო დანაშაულში ცალსახად დაადანაშაულა საქართველოს ხელისუფლება(არა ნაც.მოძრაობა), რომელიც გარედან (არა დან) მიღებული დავალებით მოქმედებდა.
შესაბამისად, იგულისხმება რომ რუსეთი იძულებული გახდა დაეცვა ოსი ხალხი გენოციდისგან, რომელიც ინიცირებული იყო დასავლეთიდან და მისი აღსრულება ხდებოდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. აქვე დაპირდა ყველას, რომ ამისთვის გაასამართლებს ნაც. მოძრაობას, ანუ იმდროინდელ ხელისუფლებას.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ტიპის დანაშაულის ტვირთი გადადის არა რომელიმე პარტიაზე, არამედ სახელმწიფოზე, რომელსაც იმ ეტაპზე წარმოადგენს ამა თუ იმ პარტიით დაკომპლექტებული ხელისუფლება.
ეს არის სცენარი, რომელიც არა თუ მთლიანად “ათეთრებს” რუსეთის ქმედებებს, არამედ წარმოადგენს მათ ნამდვილ მშვიდობისმყოფელებად, რომლებმაც დაიცვეს ოსი ხალხი გენოციდისგან.
ეს არის ზუსტად ის, რასაც ამტკიცებს რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება 2008 წლის შემდეგ და რასაც სრული მოცულობით დაეთანხმა საქართველოს ხელისუფლება.
შესაბამისად, ჩვენ 2008 წლის აგვისტოში კი არ დავმარცხდით, დავმარცხდით 2024 წლის 14 სექტემბერს თავისი დამანგრეველი შედეგებით,” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი .
ცნობისათვის,  “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარემ,  ბიძინა ივანიშვილმა გორში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: “26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები.”

ასევე დაგაინტერესებთ