აკრძალვის მიუხედავად, სასოფლო-სამეურნეო მიწები უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე იყიდება – შავი ხვრელი კანონში

სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაწილი შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელში აღმოჩნდეს. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ კანონში შავი ხვრელი გამოინახა, მიწებს უცვლიან სტატუსს და ისე ყიდიან, რაზეც დაუფარავად საუბრობენ როგორც მოქალაქეები, ასევე სპეციალისტები და მთავრობას რეაგირებიოსკენ მოუწოდებენ.
მართალია, კანონით სასოფლო-სამეურნეო მიწების სხვა ქვეყნების მოქალაქეებზე გასხვისება აკრძალულია, მაგრამ კერძო სექტორი მაინც ახერხებს ვენახების, სახნავ-სათიბი და სხვა ტიპის მიწების გაყიდვას, რაც ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა. ქართველები არად დაგიდევენ მამა-პაპისეული ქონების განიავებას, რაც სახელმწიფოს საფრთხეს უქადის. როგორ ავირიდოთ ეს საფრთხე, პასუხი ჯერჯერობით არავის აქვს.
ამ რამდენიმე დღის წინ მოქალაქე ლექსო ჩარკვიანმა, რომელიც პლატფორმა ,,დაკარგული სამოთხის” დამფუძნებელია, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ლეჩხუმში ირანის მოქალაქე კარმიდამოს და მიწას ყიდის (სტილი დაცულია):
,,გავიგე, რომ ირანის მოქალაქე ეძლეოდა საყიდლად კარ-მიდამოს და შიშველ მიწას ლეჩხუმში. მეორეა, როგორ იფორმებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას უცხოელი. პირველი ის, რომ უფლებამოსილებას ფიზიკური პირი ვერ გადააჭარბებს, ვერავინ ვერაფრის ყიდვა-გაყიდვას ვერ დაუშლის. რახან ყიდის მეზობელი ე.ი. ფული სჭირდება, ამიტომ ირიბად შეებრძოლე აღნიშნულს, მსგავსი ინფორმაციები მიაწოდეთ მეგობარ-ნათესავებს სოცქსელებში და იქნებ, მათ იყიდონ. რეალურზე მეტს არც ის უცხოელი გადაუხდის.
თუ ვინმეს მაზოლზე დავადგი ბოდიშს ვიხდი,არ ვაპირებ უთანხმოებაში შესვლას არავისთან, პასუხი ერთია: შენთვის რა მნიშვნელი აქვს ფულს ვინ გადაგიხდის, მიეცი მეზობელს, ნათესავს უფლება რომ დადოს მის გვერდზე, გააგებინოს ნათესავს, მეგობარს, თან პირველად ისეთს გააგებინებს უეჭველი რომ მისი მეზობლობა გაახარებს. ფულის საჭიროების მიზნით კარმიდამოს გაყიდვას ამ გვერდის აუდიტორიამ ერთი გადაარჩინა. ყველას ასე ვერ გავწვდებით”, – დაწერა სოციალურ ქსელში ლექსო ჩარკვიანმა.
სტატისტიკა ასეთი ფაქტების შესახებ არაფერს ამბობს. როგორც არ უნდა იყოს, ფაქტია, რომ მიწის რეალზიაციის საკითხი გადახედვას და მკაცრი ზომების გატარებას მოითხოვს. როგორც აკადემიკოსმა პაატა კოღუაშვილმა განაცხადა, არ არის გამორიცხული, პრობლემა მასშტაბური იყოს.
,,როცა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაა ვერაფერს იზამ, მაგრამ ყველაზე საშიშია ის, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების კატეგორიაშო გადაჰყავთ და ასე ყიდიან. ეს არის თვალთმაქცობა და სპეკულაცია, რაც ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს.
სახელმიწფო უნდა იყოს მიწის დაცვის გარანტორი, მაგრამ დღეს ასე არ არის. სასამართლო მოქალაქეების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას იღებს. ახლახან წააგო გორში სოფელ ქვემოჭალის მოსახლეობამ პროცესი, სადაც შენდება არაბული დასახლება, პრაქტიკულად არაბული სოფელია. იგივე დავაა თელავის მუნიციპალიტეტში. შიდა ქართლში რამდენიმე სოფელია, ყველგან სასოფლო-სამეურნეო მიწების სტატუსის შეცვლა და მათი გასხვისება ხდება. ყველა უწყებას მივმართეთ, მაგრამ რეაქცია არავის არ აქვს, რაც გვაფიქრებს, რომ შეგნებულად კეთდება”, – აღნიშნა კოღუაშვილმა და დასძინა, რომ მიწით ვაჭრობა გააქტიურებულია და ზომების გატარება აუცილებელია.
,,როგორც ვახსენე, მიწას კატეგორიას უცვლიან. ეს არის ისეთი დანაშაული, რომელშიც გარკვეულ დონეზე სახელმწიფო სტრუქტურაც მონაწილეობს. ჩვეულებრივ თაღლითობა და თვალთმაქცობაა, რადგან სახელმწიფოს შეუძლია გამოავლინოს ფაქტები, მაგრამ რეალურად არაფერს აკეთებს. პირველ შემთხვევასთან არ გვაქვს საქმე, იგივე ხდება თბილისის შემოგარენში, ბაზალეთის ტბის მიმდებარედ და შიდა ქართლში. ასე გაჩნდა ჩვენს მიწაზე არაბული, სპარსული და სხვა რჯულის ხალხის დასახლება. მიწა არის ყველაფერი, ამით იწყება და მთავრდება სამშობლო, ჩვენი შვილების მომავალი, ზომები უნდა მივიღოთ” , – ამბობს აკადემიკოსი.
ცნობილია, რომ 2019 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც, სასოფლო-სამეურნეო მიწაის უცხო ქვეყნის მოქალაქეზე მიყიდვა აიკრძალა.
ეკონომიურ მეცნიერებათა დოქტორი, დამოუკიდებელი ექსპერტი უძრავი ქონების (მიწის) საკითხებში ანზორ მესხიშვილი ამბობს, რომ მიწის კატეგორიები კანონმდებლობით მკაცრად არის განსაზღვრული და სტატუსის შეცვლა ადვილად არ ხდება, თუმცა საკითხი განსაკუთრებულ ყურადღებას და მკაცრ კონტროლს საჭიროებს.
,,დრო იყო, როდესაც სასოფლო-სამეურნეო მიწა პირდაპირ იყიდებოდა სრულიად უკონრტროლოდ, ახლა გამოსწორდა ვითარება. ზოგადად, უცხოელებზე მიწის მიყიდვა პრობლემას ქმნის. ცნობილი ფაქტია, მეცხრამეტე საუკუნეში ვაჩნაძეებმა აზერბაიჯანიდან 3 ოჯახი ჩამოასახლეს ლაგოდეხში რომ თავიანთი საქონლისთვის მოევლოთ და დროთა განმავლობაში აზერბაიჯანული მოსახლეობა მთელ სოფელს მოედო.
მესმის, იჯარით გაიცეს, მაგრამ მიწა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაიყიდოს უცხოელებზე. ეს დაცულია კანომდებლობითაც, თუმცა ,,შავი ხვრელები” ყოველთვის შეიძლება გამონახონ არაკეთილსინდისიერად განწყობილმა ადამიანებმა და სტატუსის შეცვლით ან სხვა მაქინაციით გაყიდონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.
მიწას ხომ არ წაიღებენო, ასეთია ზოგიერთის არგუმენტი. კი ბატონო ,,ზურგზე ვერ მოიკიდებენ”, მაგრამ დამკვიდრდებიან, დაფუძნდებიან, გამრავლდებიან და მერე უკვე ჩვენ შეგვექმნება ადგილზე ყველანაირი პრობლემა”, – განუცხადა ანზორ მესხიშვილმა.
წყარო: ,,რეზონანსი”