თბილისის რომელი უბნებია ყველაზე სასურველი მოქალაქეებისთვის და რა უნდა იცოდეთ მეორადი ბინის შეძენამდე

თბილისის მოსახლეობის დაახლოებით 70% კორპუსებში ცხოვრობს, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა 35-65 წლის წინ, საბჭოთა პერიოდში აშენდა. ყველაზე მეტი კორპუსი თბილისში 1971-1980 წლის დეკადაში აშენდა. ბოლო პერიოდში მცირდება მოთხოვნა მეორად ბინებზე და იზრდება თანამედროვე კორპუსებზე. უკანასკნელი მონაცემებით (Colliers Georgia), ძველ პროექტებში 2023 წლის აგვისტოსთან შედარებით ტრანზაქციების მაჩვენებელი 17%-ით არის შემცირებული. თუმცა მოთხოვნის შემცირების მიუხედავად ფასი 7-10%-თ გაიზარდა დედაქალაქის ცენტრსა და გარეუბნებში.
ძველი შენობების სიმრავლით გარეუბნები გამოირჩევა. 1 კვ.მ. მეორადი ბინის ფასი, საშუალო მდგომარეობით გლდანში 780 დოლარიდან 900 დოლარამდე მერყეობს. საშუალოდ აქ კვადრატულ მეტრს 830 დოლარად შეიძენთ. ფასი დამოკიდებულია მეტროსთან სიახლოვეზე, მიკრორაიონზე და სხვა.
720 დოლარიდან 830 დოლარამდე მერყეობს ფასები მუხიანში. ზღვისუბანში (ყოფილი თემქა) ფასები უფრო ფართო დიაპაზონში მერყეობს და საშუალოდ დაახლოებით 800 დოლარს უტოლდება.
შედარებით მაღალია ფასები სანზონაში, მეტრო ღრმაღელისა და გურამიშვილის მიმდებარედ. 1 კვ.მ.-ს ღირებულება 850-950 დოლარის ფარგლებშია.
დიდი დიღომში ფასები 850 დოლარის ფარგლებში მერყეობს და დამოკიდებულია მიკრორაიონზე. პირველ და მეორე მირორაიონში შესაძლოა ფასი 900 დოლარს აღემატებოდეს, ხოლო მესამე და მეოთხე მიკროებში 800 დოლარიც ღირდეს.
დიდუბის რაიონში 1 კვ.მ.-ს ფასი 950-დან 1100 დოლარამდეა.
850-950 დოლარია 1 კვ.მ.-ს ღირებულება ისანში. 750-800 დოლარის ფარგლებში მერყეობს ფასები ვარკეთილში, ვაზისუბანსა და სამგორში.
საბურთალოზე საშუალო ფასი 1300 დოლარია, ხოლო ვაკეში 1450.
ტრადიციულად ყველაზე ძვირი ბინები მთაწმინდასა და სოლოლაკშია სადაც კვ.მ.-ს ფასები 1600-1700 დოალრია.
გასათვალისწინებელია, რომ მეორადი ბინების შეძენისას თქვენ მოგიწევთ ბინის ავეჯითა და კოსმეტიკური რემონტით უზრუნველყოფა. ხშირად სწორედ ეს ფაქტიც ხდება მიზეზი, როდესაც ადამიანებს ურჩევნიათ ახალ აშენებულ ბინაში შევიდნენ საცხოვრებლად და არ დახარჯონ დიდი ენერგია. გარდან ამისა, საბჭოთა დროს აშენებული კორპუსების დიდი ნაწილი ამორტიზებული და დაზიანებულია, რაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს.
საინფორმაციო სააგენტო TIA.GE-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ჩაატარა და მოქალაქეებს დაუსვა კითხვა, მათი აზრით რომელია ყველაზე სასურველი უბანი საცხოვრებლად. გამოკითხულთა შედეგები ასე გამოიყურება:
· მთაწმინდის რაიონი; სოლოლაკი / ვერა
უმრავლესობას ძველი თბილისის სწორედ ეს უბნები ხიბლავს, რომელიც ქალაქის გულს წარმოადგენს და დიდ ისტორიას ატარებს. აქ ცხოვრება გამოკითხულთათვის სასიამოვნოა, რადგან ისინი გრძნობენ კავშირს მათ ძველ ქალაქთან და ტკბებიან თვალწარმტაცი ხედებით.
· ჩუღურეთი
ჩუღურეთიც ძველი თბილისის ისტორიული უბანია, რომელიც ბევრისთვის ასოცირდება “ნამდვილ თბილისთან”. გამოკითხულებს ყველაზე მეტად იზიდავთ აქაური არქიტექტურა.
· ვაკე
გასაკვირი არ არის ამ უბნის მოხვედრა სიის სათავეში. ვაკე წარსულიდან მოყოლებული ითვლება ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბნად. ვაკეში მდებარეობს ქვეყნის წამყვანი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები და ბიზნეს ცენტრები. დინამიური გარემო და მაღალ დონეზე განვითარებული ინფრასტრუქტურა უბანს მაღალ რეიტინგულ უბნად აქცევს.
· საბურთალო
საბურთალოს მასობრივი განაშენიანება 1960-იან წლებში მოხდა და ამ დროიდანვე იქცა მოთხოვნად უბნად, როგორც ქალაქის ფართო ცენტრის მთავარი უბანი. საბურთალოზე ყოველწლიურად ყველაზე მეტი ბინა იყიდება. უბანს საკუთარი მეტროს ხაზი ემსახურება და ქალაქის ყველა საკვანძო ადგილთან ახლოსაა. სტუდენტებისა და აქტიური ადამიანებისთვის საბურთალო საუკეთესო უბნად მიიჩნევა.
· ნაძალადევის რაიონი; ნახალოვკა, სანზონა
ნაძალადევის წარმოქმნა თბილისში რკინიგზის გაჩენას უკავშირდება მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში. მე-20 საუკუნის დასაწყისში ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უბანი იყო, დიდი პოლიტიკური დატვირთვით. ნელ-ნელა მოხდა ტერიტორიის განაშენიანება. 1920-39-იან წლლებში იქმნება სანზონა, რომლის სახელიც უკავშირდება აქ განთავსებულ წყლის რეზერვუარის გარშემო მოწყობილ სანიტარულ ზონას (ღრმაღელესთან).
· გლდანი
1970-იან წლებში გაშენებული ეს უბანი დღეს ყველა საჭირო ობიექტითაა უზრუნველყოფილი. სავაჭრო ცენტრები, მეტროსადგური, სპორტული კომპლექსები, პარკები და სხვა. მისი მოსახლეობა ყოველდღიურად იმატებს, მოთხოვნის პროპორციულად იზრდება ფასები უძრავ ქონებაზე და შენდება მრავალი ახალი კორპუსი. ამგვარი განვითარების გამო გლდანს ხშირად “ქალაქი-ქალაქში” ტიპის დასახლებად მოიხსენიებენ.
· დიდი დიღომი
დიდი დიღმის მშენებლობა 1980-იან წლებში დაიწყო და ვერ დასრულდა. ამჟმად ტერიტორიაზე თანამედროვე კორპუსები ჭარბობს. დიდი დიღომს მაღალი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია, რაც მას სიაში დამსახურებულ ადგილს უჩანს.
წყარო: tia.ge