მოქალაქის თქმით, გორში კობახიძისთვის „მოღალატის“ დაძახების გამო სცემეს

მოქალაქე ლექსო ვალიაური აცხადებს, რომ გორში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის „მოღალატისა“ და „რუსების მონის“ დაძახების გამო სცემეს.
როგორც ის ნეტგაზეთთან ამბობს, შემთხვევა გუშინ, 14 სექტემბერს საღამოს, „ქართული ოცნების“ საარჩევნო ღონისძიების დასრულების შემდეგ მოხდა.
ლექსო ვალიაურის თქმით, მას „ქართული ოცნების“ მაისურებში გამოწყობილი ადამიანები გაუსწორდნენ ფიზიკურად.
როგორც ის ამბობს, მის ცემას ესკორტის მანქანიდან უყურებდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში აღნიშნულს ნეტგაზეთს არ უდასტურებენ.
„სადაც ინციდენტი მოხდა, ჩემი სამეგობრო ცხოვრობს და საღამოობით სულ მაგ ტერიტორიაზე ვარ საღამოობით. მაგ საღამოსაც მივედი და ვინც მხვდებოდა ნაცნობები, ყველას ვეუბნებოდი, რომ სამარცხვინოა ამათ გვერდით [„ქართული ოცნების“] ყოფნა, მაგრამ ივანიშვილმა რომ განცხადება გააკეთა ბოდიშის მოხდაზე, მაგაზე ძალიან გავღიზიანდი.
დაემთხვა, რომ იაკობ გოგებაშვილის ქუჩის დასაწყისში, სადაც ჩაკეტილი ჰქონდათ პერიმეტრი, ირაკლი კობახიძის ესკორტი გროვდებოდა. რომ გამოვიდა , რა თქმა უნდა, გარშემო ბევრი ვიღაცებიც მოსდევდნენ, საშუალო ხმით რამდენიმეჯერ „მოღალატე“ და „რუსების მონა“ დავუძახე.
ამაზე ეგრევე შემომარტყა წრე რამდენიმე ადამიანმა, ახალგაზრდები იყვნენ, ნავარჯიშები ტიპები, „ქართული ოცნების“ ბრენდირებული მაისურებით. ცდილობდნენ, რომ გორის ციხის უბანში მდებარე სკვერის ბნელ ადგილზე გავეყვანე, მეუბნებოდნენ წამოდი, იქით ვილაპარაკოთო. არ გავყევი. მეუბნებოდნენ რაზე გვაგინებო და ვუთხარი, რომ შენ არავინ არაფერს არ გეუბნება, ვინც არის მოღალატე, იმას ვუთხარი-მეთქი. ეგრევე დამიწყეს ცემა, 3-4 წინადადების შემდეგ. მე რაც მეხსიერებაში ჩამრჩა 3-5 ადამიანი იყო, მაგრამ თვითმხილველები ამბობენ მეტი იყვნენო“, – აცხადებს ნეტგაზეთთან ლექსო ვალიაური.
როგორც ლექსო ვალიაური ამბობს, მისი ცემას შეესწრო ადგილზე მყოფი პოლიციაც, თუმცა რეაგირება არ ჰქონიათ. მისი თქმით, პოლიცია მას შემდეგ ჩაერია, რაც თავად მოახერხა 112-ზე დარეკვა, რასაც შემთხვევის ადგილზე ეკიპაჟის გაგზავნა მოჰყვა.
„საბედნიეროდ, მძიმე დაზიანებები არ მაქვს და თავის ტვინის შერყევის მსუბუქი ფორმა არის. რაღაც მომენტში დავუსხლტი და იმ წამსვე დავრეკე პატრულში. კრიმინალური პოლიცია იქვე იყო, როცა მირტყამდნენ და არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. როცა ზარი შევიდა და დაფიქსირდა, ამის საფუძველზე მოვიდა ეკიპაჟი და დანარჩენი პოლიციელებიც მოგროვდნენ გარშემო თითქოს საქმიანად.
კობახიძე 10-15 მეტრიდან თავისი ესკორტის მანქანიდან მიყურებდა როგორ მირტყამდნენ მაგის ზონდერები“, – აცხადებს ლექსო ვალიაური.
ლექსო ვალიაური ვარაუდობს, რომ ადამიანები, ვინც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ, გორელები არ იყვნენ და ქალაქში სპეციალურად „ქართული ოცნების“ ღონისძიებისთვის ჰყავდათ ჩაყვანილი.
„გორის რაიონში თითქმის ყველას ვიცნობ, მინიმუმ სახეზე მაინც ვიცი ადამიანები და ჩემი ვარაუდით ესენი არ იყვნენ გორელები. ჩემი ვარაუდით, ესენი იყვნენ ორგანიზებული ჯგუფი, რომელსაც დაატარებს ასეთი შეხვედრების დროს „ქართული ოცნება“ სხვადასხვა ქალაქში, რომ მსგავსი ინციდენტი მოაწყონ. თუ განსხვავებული აზრი დაინახეს, იმ წუთშივე რომ ჩაახშონ“, – აცხადებს ლექსო ვალიაური.
როგორც ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
ლექსო ვალიაურის თქმით, ის პოლიციაში გამოკითხვაზე ადვოკატთან ერთად ხვალ აპირებს მისვლას.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკა გვარამია – „ნაცმოძრაობას“ გაუვრცელებია ბანერები, რომ სააკაშვილის პარტია 5 ნომერია – მინდა დავამშვიდო ამაზე მონერვიულე „ნაცმოძრაობის“ წევრები თუ მომხრეები: ნამდვილად მხოლოდ ისინი არიან სააკაშვილის პარტია და ჩვენ, ნომერი 4 ნამდვილად არა