ენერგოსექტორი მცირე ჰესების აშენების ხარჯზე ერთ ადგილს ტკეპნის – მოსაზრება

საქართველოში მხოლოდ მცირე ზომის ჰესები შენდება. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ობიექტები ექსპლუატაციაში შესვლა მნიშვნელოვანია, მაგრამ საშუალო და დიდი ჰესების პროექტები, რომლებიც ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისთვის მეტად საჭიროა, გაჩერებულია და მათი ბედი გაურკვეველია.
საქართველოში 2013 წლიდან დღემდე 63 ჰიდროელექტროსადგური აშენდა. მიმდინარე წელს და 2025 წლის პირველ კვარტალში კი 16 ჰიდროელექტროსადგურის შემატებაა გეგმაში და როგორც ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ჯუბო ტურაშვილმა განაცხადა, მათი ჯამური დადგმული სიმძლავრე საორიენტაციოდ 150 მეგავატი იქნება.
„2013 წლიდან ენერგეტიკულმა სექტორმა დაიწყო უპრეცედენტო განვითარება. საქართველოს მთავრობასა და კერძო ინიციატორებს შორის გაფორმდა არაერთი ურთიერთგაგების მემორანდუმი. დღეის მდგომარეობით შეიძლება ითქვას, რომ 63 ჰიდროელექტროსადგური უკვე აშენებულია, ჯამური დადგმული სიმძლავრით 773 მეგავატი. მნიშვნელოვანია, რომ წელს და მომავალი წლის პირველ კვარტალში ველოდებით დამატებით 16 სადგურის მშენებლობას, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე საორიენტაციოდ 150 მეგავატი გახლავთ“, – თქვა ტურაშვილმა.
ეკონომიკის განვითარების სამინისტროში წარმოდგენილია 300-მდე ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომლებიც მიზნად ისახავს პროექტების ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას შემდგომში მათი მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების მიზნით.
ენერგეტიკოსების განცხადებით, ზოგადად ჰესის მშენებლობა წინ გადადგმული ნაბიჯია, მაგრამ როგორც გია არაბიძემ აღნიშნა, ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით გადამწყვეტია წყალსაცავიანი ჰესების არსებობა.
„ნებისმიერი ელექტროსადგურის მშენებლობა არის წინ გადადგმული ნაბიჯი და ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით, ბუნებრივია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია წყალსაცავიანი ჰესების არსებობა. კაშხლიანი ობიექტები იძლევა იმის საშუალებას, რომ უფრო თამამად მოხდეს განახლებადი ენერგიის წყაროების ოპერირება. აქ მხედევლობაში მაქვს მზე და ქარი, ვინაიდან ისინი ცვალებადი გამომუშავების სადგურები არიან.
სისტემის მდგრადობიდან გამომდინარე ჩვენ გვიჭირს განახლებადი ენერგიების სისტემაში ინტეგრირება, რადგან ისინი ცვლადი გამომუშავებით ხასიათდებიან. ამას განმარტებაც არ სჭირდება, რადგან ქარი და მზე ხან არის, ხან არ არის.
ასე რომ, წყალსაცავიანი ჰესები მნიშვნელოვანი გახლავთ იმიტომაც, რომ უფრო გაბედულად შემოვიყვანოთ მზისა და ქარის ენერგიები ჩვენს სისტემაში. აქ არის ორი მიდგომა: თუ არსებობს წყასაცავიანი ჰესები, მაშინ თამამად კეთდება ეს საქმე.
მეორე და მნიშვნელოვანი საკითხი კი ესაა – თუ არსებობს ენერგიის დამაგროვებლები, ისინი საკმაოდ აძვირებს მზისა და ქარის მიერ გამომუშავებული ენერგიის თვითღირებულებას. ამაზე ყველაზე უფრო უკეთესი არის ეკონომიკირად და ეკოლოგიურად აშენებული წყალსაცავიანი ჰესები. ბუნებრივია, დამატებით 150 მეგავატი, რაც დაგეგმილია, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, მაგრამ მცირე ჰესები ენერგეტიკაში ვითარებას სასიკეთოდ ვერ შეცვლის.
ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და სტაბილურობისთვის 1990-იანი წლებიდან მოყოლებული ვერ მოვახარხეთ ხუდონის, ნენსკრას, ნამახვანისა და სხვა წყალსაცავიანი ობიექტების აშენება. ალბათ, საბოლოოდ დადგება ის დრო, როდესაც ამ საკითხს გადავწყვეტთ. საზოგადოების მხრიდან არის ძალიან დიდი წნეხი და ეს ახალი ამბავი არ არის, რადგან ენგურის მშენებლობის დროსაც იყო უკმაყოფილება, თუმცა მაშინ პროტესტის გამოხატვა არ იყო ასეთი ფორმის, თუმცა, როგორც გითხარით, წინააღმდეგობა არსებობდა.
არც შვეიცარისა და ნორვეგიაში აშენებულა წყალსაცავიანი ჰესები ტაშის კვრით. საზოგადოების ზეწოლა მთავარი და მნიშვნელოვანი არის იმისათვის, რომ სრულყოფილად მოხდეს პროექტის შემუშავება, რადგან იყოს ეკოლოგიურად აბსოლუტურად გამართული, ეკონომიკურად კი ენერგეტიკისა და ქვეყნისთვის მომგებიანი და ამის შემდეგ საზოგადოებამაც უნდა დაიჯეროს, რომ სადგურის მშენებლობა გაცილებით მეტ სიკეთეს მოიტანს, ვიდრე ის ზარალი, რომელიც მოაქვს მშენებლობას. აქ ვგულისხმობ სიტყვაზე დატბორვას, ტყეების გაჩეხვას და ა.შ.
თუ ეს საკითხები გადაიჭრება, ბუნებრივია, საზოგადოება და სახელმწიფო უნდა მივიდეს იმ ვარიანტამდე, რომ ურთიერთშეთანხებით აშენდეს წყალსაცავიანი ჰესები“, – ამბობს გია არაბიძე.
ცნობისთვის, საქართველოში დაპაუზებულია ისეთი დიდი ჰესები როგორიცაა ნამოხვანჰესი და ხუდონჰესი, თუმცა როგორც ენერგეტიკოსმა თემურ ჭიჭინაძემ განაცხადა, გაუმართლებელია ნამოხვანის აშენება, მაგრამ უნდა აღდგეს ხუდონჰესი.
„ახალი ჰესების აშენების შესახებ ინფორმაცია ძალიან კარგია, როგორც ეკონომიკურად, ისე ეკოლოგიურად. რაც შეეხება ზოგადად ენერგოდამოუკიდებულებას, ჩვენთვის ასეთი ცნება არ არსებობს. გამორიცხულია, რომ ჩვენ ენერგოდამოუკიდებლები გავხდეთ, როგორი ჰესიც არ უნდა აშენდეს საქართველოში, რადგან არც გაზი გვაქვს საკუთარი და არც ნავთობი.
ენერგოუსაფრთხოებაზე ფიქრი ნადვილად შეგვიძლია და დიდი ჰესებიც საჭიროა, თუმცა, ჩემი აზრით, არავითარ შემთხვევაში არ უნდა აშენდეს ნამოხვანი, რადგან ყველანაირად, ეკოლოგიურად და ეკონომიკურად, გაუმართლებელია. სამაგიეროდ, მომხრე ვარ, ხუდონჰესის პროექტი აღდგეს. რომელი ენერგეტიკული ობიექტიც ეკოლოგიურად პრობლემებს შეგვიქმნის, ის არც უნდა აშენდეს“, – ამბობს თემურ ჭიჭინაძე.
წყარო: რეზონანსი