გრენლანდია დანიას თავისი ბნელი წარსულის აღიარებისკენ მოუწოდებს

გრენლანდია ს თავისი ბნელი წარსულის აღიარებისკენ მოუწოდებს.
გრენლანდიაში კონტრაცეპტივების იძულებით გამოყენებასთან დაკავშირებული სკანდალი მას შემდეგ აგორდა, როდესაც ხუთი წლის წინ ერთ-ერთმა მსხვერპლმა მომხდარზე პირველად ისაუბრა და დანიის შემადგენლობაში შემავალმა კუნძულმა ოფიციალურ კოპენჰაგენს მოუწოდა, მისთვის მიყენებული ტრავმა ეღიარებინა. 1960-90 წლებში, დანიის ხელისუფლებამ 4500-ზე მეტი ახალგაზრდა ინუიტი ქალი აიძულა, ჩასახვის საწინააღმდეგო სპირალები – ან საშვილოსნოსშიდა სპირალები (IUVs) – მათი ან მათი ოჯახის თანხმობის გარეშე ეტარებინათ. ეს კამპანია მიზნად ისახავდა შობადობის შეზღუდვას არქტიკულ ტერიტორიაზე, რომელიც, მართალია, 1953 წლიდან დანიის კოლონია აღარ იყო, მაგრამ ჯერ კიდევ მისი კონტროლის ქვეშ მყოფებოდა. გრენლანდიელმა, დანიელმა და საერთაშორისო ექსპერტებმა დაიწყეს სკანდალის სამართლებრივი ასპექტების გამოძიება, მათ შორის მკვიდრი მოსახლეობის უფლებების დარღვევის და კონტრაცეპტივების გამოყენებაზე სავალდებულო თანხმობის კუთხით.
ექსპერტების დასკვნა 2025 წლის შუა პერიოდში იქნება წარმოდგენილი. დაახლოებით იმავე დროს დასრულდება კიდევ ერთი გამოძიება, რომელიც ამ ამბის ისტორიულ ასპექტებს შეიწავლის. ეს სკანდალი ერთ-ერთია იმ მრავალ საჩოთირო თემას შორის (მათ შორის არის იძულებითი გაშვილების ვალდებულებაც), რომელებიც დანიასა და გრენლანდიას შორის ურთიერთობას აუარესებენ. „ოფიციალური გამოძიება აუცილებელია, რათა წინ გადაიდგას ნაბიჯები“, – განუცხადა სააგენტო „ფრანს პრესს“ (AFP) გრენლანდიის გენდერული თანასწორობის მინისტრმა ნააია ნატანიელსენმა, რომელსაც ამ საქმეზე კონტროლი ევალება.
„დარღვევები მართლაც მოხდა. მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ამის ფორმალიზება სამართლებრივი კუთხით? სწორედ ამაზე მიდის ახლა მუშაობა. შესაძლოა, შეფასდეს როგორც გენოციდი, შეიძლება – არა. გამოძიება არასრული იქნებოდა, თუ მკვიდრი მოსახლეობის უფლებების საკითხსაც არ განვიხილავთ“, – დასძინა მან. ნაჯა ლაიბერტი იყო პირველი ქალი, რომელმაც საჯაროდ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ განიცდიდა მოზარდობისას, რომ „ადამიანის არაერთი უფლება დაირღვა“ (და ამაში მას დღესაც არ ეპარება ეჭვი). „შვილების ყოლის უფლება, ოჯახის შექმნის უფლება, უფლება იმისა, რომ არ ექვემდებარებოდე დისკრიმინაციას და წამებას, ან წამების მსგავს განსაცდელს“, – ამბობს 62 წლის ფსიქოლოგი „ფრანს პრესთან“ ინტერვიუში, რომელიც ნუუკში, მის ზღვისპირა სახლში შედგა.
გრენლანდია ამჟამად ავტონომიური ტერიტორიაა. მისი კოლონიური სტატუსი 1953 წელს დასრულდა, როდესაც კუნძული დანიის შემადგენლობაში შევიდა. „ჩვენ გავხდით დანიის ნაწილი თანაბარი უფლებებით“, – განმარტავს ლაიბერტი. „ქაღალდზე ჩვენ თანასწორნი გავხდით, მაგრამ ჩემი გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ, სწორედ ამ მომენტში დაიწყო კოლონიზაცია, ჩემი სხეულის, ჩვენი სხეულების ოკუპაცია“, – ამბობს ის.
მას არაერთხელ მოუყოლია თავისი ამბავი, მაგრამ როცა ხელახლა ჰყვება, მაინც უჭირს ცრემლების შეკავება და მარილისა და წიწაკისფერი ხვეული კულულები სახეზე ეწებება. ლაიბერტი დაახლოებით 13 ან 14 წლის იყო, როცა ის და მისი თანაკლასელი სხვა გოგონები ექიმის კაბინეტში გაგზავნეს. „ექიმის ინსტრუმენტი შემოვიდა ჩემს სხეულში სპირალის ჩასადგმელად. ის ძალიან ცივი იყო და ჩემს შიგნით დანასავით ტრიალებდა. ძალიან დიდი სისასტიკე მოხდა, – იხსენებს ის, – აშკარად დავინახე, რომ ინსტრუმენტი ძალიან დიდი ჩანდა ჩემი პატარა სხეულის კვალობაზე, მაგრამ იმ დროს ვერ მივხვდი, რომ ის ზრდასრული ქალებისთვის იყო განკუთვნილი“.
„ეს წამებას, გაუპატიურებას ჰგავდა“, – ამბობს ის. ორი წლის წინ, ლაიბერტმა, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ ვაჟი შეეძინა, მონაწილეობა მიიღო პოდკასტების სერიაში დანიის საზოგადოებრივ მაუწყებელზე (DR), სადაც ისაუბრა კამპანიის მასშტაბებზე, რომელსაც ადრე თავადაც კი ვერ წარმოიდგენდა. ამ თემაზე მედიასთან ლაიბერტი პირველად ხუთი წლის ალაპარაკდა, მაგრამ მაშინ მისი ნათქვამი, პრაქტიკულად, შეუმჩნეველი დარჩა. მან არაერთხელ მოუწოდა სხვა ქალებს, საკუთარ თავზე ისაუბრონ და შექმნა დახურული Facebook ჯგუფი, რომელსაც ამჟამად 317 წევრი ჰყავს.
ლაიბერტი ამბობს, რომ ის არ არის მსხვერპლი და შემთხვევით „გადარჩა“. მას, სხვა დაზარალებული ქალების მსგავსად, რომლებიც ჯერ კიდევ ცხოვრობენ გრენლანდიაში, უფასო ფსიქოთერაპიის უფლება აქვს.
დაახლოებით 150 ქალმა უკვე უჩივლა დანიის სახელმწიფოს და მათი ადვოკატის, მადს პრამინგის თქმით, სასამართლო პროცესი შეიძლება მომავალ წელს ჩატარდეს. კონტრაცეპტივის კოჭებმა ქალების დაახლოებით ნახევარი უნაყოფო გახადა და მათ უმეტესობას, ფიზიკური და ფსიქოლოგიური იარები დაუტოვა. „თუ საქმე მხოლოდ სასამართლოში განხილვით შემოიფარგლება, ეს დიდი მარცხი იქნება. პრობლემა პოლიტიკურად უნდა გადავწყვიტოთ და ვაღიაროთ, რომ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც დღემდე იტანჯებიან“, – ამბობს მინისტრი ნატანიელსენი.
დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიკსენმა პირობა დადო, რომ ამ სკანდალისა და პოსტკოლონიური ტერიტორიებთან – გრენლანდიასთან და ფარერის კუნძულებთან – დანიის ურთიერთობების სხვა დეტალებიც საჯარო გახდება. „ჩვენ უნდა ვიყოთ სამი თანაბარი პარტნიორი: სამი ქვეყანა, სამი ხალხი, სამი ენა“, – განაცხადა მან პარლამენტში. 2022 წლის მარტში ფრედერიკსენმა ოფიციალურად მოუხადა ბოდიში ექვს გრენლანდიელს, რომლებიც, დანიურენოვანი ელიტის შექმნის მიზნით ჩატარებული ექსპერიმენტის ფარგლებში, 1950-იან წლებში იძულებით დააშორეს საკუთარ ოჯახებს.
წყარო: 1 არხი – საზოგადოებრივი მაუწყებელი